2017 წლის ზაფხული საკულტო ქორწილებით დაიტვირთა, ინსტაგრამის ქსელი ბოლო პერიოდში მომხიბვლელმა პატარძლებმა დაიპყრეს. მათ საქორწილო კაბებზე ისეთმა ცნობილმა ბრენდებმა იზრუნეს, როგორებიც არიან Christian Dior, Dolce & Gabbana, Zuhair Murad, Tommy Hilfiger და მათ შორის, ქართველმა დიზაინერმა თამუნა ინგოროყვამაც. შევაჯამოთ ამ ზაფხულის ცნობილი ქორწილების მთავარი გმირები:
#1 ცოტა ხნის წინ, იტალიელი ლამაზმანი ბიანკა ბალტი 3 წლიანი ურთიერთობისა და საერთო შვილის დაბადების შემდეგ, მეთიუ მაკკროეს გაჰყვა ცოლად. არ იყო გასაკვირი, რომ Dolce & Gabbana-ს სახე ამავე ბრენდის კაბაში მოგვევლინა და ქმარსაც ამ ბრენდის კოსტიუმი მოარგო.
#2 საქორწილო სეზონი ქეით მიდლტონის დამ, პიპა მიდლტონმა გახსნა. მისი და გავლენიანი ფინანსისტის ჯეიმს მეთიუზის ურთიერთობის დაკანონებას მხოლოდ 150 სტუმარი ესწრებოდა. საქორწილო კაბაზე ბრიტანელმა დიზაინერმა ჯაილზ დიკონმა იზრუნა.
#3 საკურთხეველთან მისული შემდეგი პატარძალი მირანდა ქერი იყო. ევან შპიგელის პატარძლისთვის საქორწილო კაბა "დიორმა" სპეციალურად შეკერა. სუპერმოდელი ოდრი ჰეპბერნისა და გრეის კელის მსგავს კაბაზე ოცნებობდა: დახურულზე, გრძელი მკლავებით.
#4 მიმზიდველ პატარძლებს შორის, წელს ადგილი ჯესიკა ჩესტეინმაც დაიკავა. ჰოლივუდის მსახიობისა და დიზაინერის ქორწილმა მეგობრების ძალიან მცირე წრეში ჩაიარა. პატარძალმა კლასიკური და ტრადიციული ჩაცმულობა არჩია.
#5 ცნობილი მოდელის, ედიტა ვილკევიჩის კაბაზე კი მისმა მეგობარმა, ქართველმა დიზაინერმა თამუნა ინგოროყვამ იზრუნა. "მიუხედავად იმისა, რომ კაბა ძალიან ჩვეულებრივი, ნაზი და ჰაეროვანი იყო, მისი შეკერვა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან თითოეული დეტალი, თითოეული ყვავილი თავიდან ბოლომდე ხელითაა გაკეთებული." - განაცხადა თამუნამ OK!-სთან. სურათები კი მოდის სფეროს ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა, მარიო ტესტინომ გადაიღო.
#6 ამ ზაფხულის ყველაზე მომხიბვლელი პატარძლების სიას ვიტა სიდორკინაც ავსებს. Victoria's Secret-ის მოდელის რჩეული იტალიელი მილიონერი ვალერიო მორაბიტოა. მისი შთამბეჭდავი კაბის ავტორი კი ცნობილი დიზაინერი Zuhair Murad.
#7 ვიტასთან შედარებით, სამოდელო ბიზნესის მეორე მოდელმა, არიზონა მუზმა დღესასწაულზე მოკრძალებული კაბა ჩაიცვა. ამერიკელი მოდელი ფრანგ ექიმს გაჰყვა ცოლად.
#8 ახალი ცხოვრების დაწყება ყველაზე "მძიმე" Swarovski-ს 23 წლის მემკვიდრისთვის, ვიქტორია სვაროვსკისთვის გახდა. კაბა 46 კილოგრამს იწონიდა. მისი ავტორი დუბაელი დიზაინერი მაიკლ სინკო იყო, რომელმაც კაბა 500 ათასი კრისტალით გააწყო.
#9 ამ თვის ისტორიული მოვლენა ლიონელ მესის ქორწილი გახდა. 10 წლიანი ურთიერთობის და ორი შვილის შემდეგ, წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა. ანტონელა როკუციოს კაბა დაკვეთით შეიქმნა და ბარსელონადან არგენტინაში, დაცვის თანხლებით ჩაიტანეს. Rosa Clara-ს კაბის მთავარი დეტალები გრძელი შლეიფი და ორიგინალურ მაქმანის ზურგი იყო.
#10 ალა პუგაჩოვას შვილიშვილმა და კრისტინა ორბაკაიტეს შვილმა, ნიკიტამ ცოლად ალიონა კრასნოვა მოიყვანა. 20 წლის ლამაზმანს ორი შთამბეჭდავი კაბა ეცვა.