ცნობილი ლიტველი მოდელი ედიტა ვილკევიჩი ქართველი დიზაინერის თამუნა ინგოროყვას კაბით დაქორწინდა. ქორწილი იტალიაში გაიმართა. ედიტა ვილკევიჩის და ბიორნ ფრედერიკ გერლინგის სამწლიანი ურთიერთობის დამაგვირგვინებელი მომენტი ცნობილმა ფოტოგრაფმა მარიო ტესტინომ დააფიქსირა. ფრანგულმა ვოგმა ქართველი დიზაინერის კაბას ძალიან შთამაგონებელი უწოდა და წყვილის ქორწილზე დაწერილ სტატიაში ედიტა ვილკევიჩი საკუთარ მუზადაც მოიხსენია.
თამუნა ინგოროყვამ კაბა სპეციალურად ედიტა ვილკევიჩისთვის შექმნა. როგორც თამუნამ OK!-სთან აღნიშნა ისინი უკვე 5 წელია, ძალიან ახლო მეგობრები არიან და კაბაც ცნობილი მოდელისთვის ქართველი დიზაინერის მხრიდან საქორწინო საჩუქარი იყო. წყვილის სამდღიან წვეულებაზე ედიტას თამუნას დიზაინით შეკერილი სხვადასხვა კაბები ეცვა. 2000 ყვავილით გაწყობილ თეთრ კაბასა და დიზაინერის კიდევ ერთი წარმატების შესახებ თამუნამ OK!-სთან ინტერვიუში ისაუბრა:
თამუნა ინგოროყვა
"ედიტას უამრავი შეთავაზება ჰქონდა ცნობილი დიზაინერებისგან თუმცა ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მან ასეთი მნიშვნელოვანი დღისთვის არჩევანი ჩემზე შეაჩერა და კაბის შექმნაც სწორედ მე მანდო. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო და შესაბამისად ძალიან ვნერვიულობდი კაბის შექმნის მომენტში, რადგან იქ იყო ძალიან ბევრი ცნობილი და წარმატებული დიზაინერი, რომელთა სახელებიც არ გამოიყენა და მე მანდო ეს ყველაფერი. რაც შეეხება უშუალოდ კაბას, მიუხედავად იმისა, რომ ის იყო ძალიან ჩვეულებრივი, ნაზი და ჰაეროვანი მისი შეკერვა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან თითოეული დეტალი, თითოეული ყვავილი თავიდან ბოლომდე ხელითაა გაკეთებული."
ედიტა ვილკევიჩმა 16 წლის ასაკში მილანის სამოდელო სააგენტოში დაიწყო კარიერა. მისი დებიუტი 2006 წლის კავალის ჩვენებაზე მილანში შედგა, მას შემდეგ თითქმის ყველა ცნობილ ბრენდთთან თანამშრომლობს. ვოგის ქავერი ედიტა ვილკევიჩის ფოტოებით თვრამეტჯერ იყო გაფორმებული.