ანა ნინუა თეატრის მხატვარია, რომელიც ჯადოსნურ სამყაროში პერსონაჟების ხასიათის შესაქმნელად საინტერესო ინსტრუმენტზე − სასცენო კოსტიუმზე მუშაობას მთავარ გატაცებად მიიჩნევს. მისი მშობლებიც ხელოვნების ამ დარგში წლების განმავლობაში ემსახურნენ სცენას და ფარდის მიღმა მდგარი ანასთვის თეატრი ცხოვრების ორგანულ ნაწილად იქცა. ამბობს, რომ ის, რასაც დადგმისთვის აკეთებს, სპეციფიკურად განსხვავდება საქმიანობისგან, რომელსაც უძღვება ქართულ ბრენდში „სამოსელი პირველი“. ტრადიციულ ქართულ სამოსთან შეხებისას, მან ახლებური აღმოჩენების გაკეთება შეძლო და ახლა სრულიად სხვა გამოცდილება ელოდა. სწორედ ამიტომ, 2010 წლიდან დღემდე, ის „სამოსელი პირველის“ ხელმძღვანელის ამპლუაში იმ მთავარ მიზანს ემსახურება, რომელიც ბრენდმა ქვეყნის წინაშე დაისახა − ქალისა და მამაკაცის ძველი სამოსის ტრადიციების აღდგენა ხარისხითა და მხატვრული გემოვნებით.
როგორია სამყარო, სადაც თეატრში მუშაობისას ცხოვრობთ?
ეს ჯადოსნური სივრცეა, სადაც არასდროს გაქვს შეხება ერთსა და იმავესთან. მუდმივი სიახლეა, რომელსაც შენვე ეძებ. ახალ ადამიანებთან, პერსონაჟებთან მუშაობა საინტერესო გამოწვევაა. იცი, რომ რაღაცას უნდა მოერგო, შეერწყა ისე, რომ ჰარმონია იპოვო რეჟისორის ჩანაფიქრთან, ან შექმნა ის, რაც დადგმის ავტორს მოხიბლავს და დათანხმდება, წარმოდგენაში სწორედ კონკრეტული ნამუშევარი იხილოს.
ამ პროცესში, სად იბადება შთაგონება?
ინსპირაცია თემატიკაა. შესაძლოა იდგმებოდეს კლასიკა, თუმცა არა კლასიკური სტილით. შესაბამისად ვცვლი მასალასა და ფაქტურას, შემაქვს სიახლე. მამა − თემო ნინუა, ყოველთვის მაოცებდა იმით, თუ როგორ შეეძლო შორს გაეხედა მომავალში. მას არ ვბაძავ, თუმცა მგონია, ქვეცნობიერად გამიზიარა ის ცოდნა, რომ მეც მუდმივად ახლის ძიებაში ვიყო.
ძველისა და ახლის სინთეზი − როგორ გადაგაქვთ ყოველივე ეს ბრენდის ნამუშევრებში?
მას შემდეგ, რაც შევისწავლე, რამდენი უცნობი ნიუანსი იმალება ქართულ სამოსში და ამ მხრივ რამდენად მდიდარი ტრადიციები, მრავალფეროვნება ახლავს ჩვენს ისტორიას, დიდი ენთუზიაზმით შევუდექი მუშაობას იმისთვის, თუ როგორ გადმოგვეცა ძველი იდენტობა მნახველისთვის და როგორ შეგვძლებოდა სიახლესთან სინთეზში არ დაკარგულიყო მთავარი ხიბლი.
თავდაპირველად, ვეწვიეთ მუზეუმების საცავებს და დაცული ექსპონატები მოვინახულეთ, თუმცა შექმნის ტექნოლოგიების დადგენას მხოლოდ მცირე დეტალების მიხედვით ვახერხებდით. „სამოსელი პირველის“ გუნდი ერთ დიდ ოჯახად იქცა, რომელიც ამისთვის ყველაფერს აკეთებდა და დიზაინერებთან: მაია ჯგუბურიასთან, სოფიო იმერლიშვილთან, ნინო ზედგინიძესთან, ციური ჩოხელთან ერთად, თითოეულმა წევრმა უდიდესი შრომა გასწია. ყველა ოსტატი, მკერავი, გამომჭრელი, მქარგავი თუ მეწაღე, ფასდაუდებელ სამუშაოს ასრულებს.
გავაკეთეთ უამრავი საინტერესო აღმოჩენა რეგიონებშიც და ზოგიერთი კოსტიუმი ცალკეულ ოჯახებში შემორჩენილი დეტალების აღდგენით გავაცოცხლეთ. კვლევამ საკმაო ხანს გასტანა, თუმცა ეს პროცესი ვფიქრობ დასრულებისგან ჯერ ძალიან შორსაა, რადგან თითოეულ ეგზემპლარს დიდ დროსა და ენერგიას ვახმართ.
კოსტიუმები ჯერ პირველადი სახით იქმნებოდა, შემდეგ კი, როცა საგრძნობლად დაიხვეწა მათი სილუეტი და დამზადების ტექნოლოგია, თავს უფლება მივეცით მათში სიახლეებიც შეგვეტანა, მეტად მოგვერგო დღევანდელობისთვის. ვცვლით მასალებსაც და მივმართავთ მცირე ექსპერიმენტებს. ბუნებრივია, გარკვეულ ჩარჩოებში ვრჩებით, რათა ტრადიციებს არ გადავუხვიოთ, რაც საკმაოდ რთულია.
რამდენად ხიბლავთ ქვეყნის გარეთ ქართული სამოსი, როგორც კულტურის ნაწილი?
უდიდესი სამუშაო პასუხისმგებლობაა, რომ ქართული სამოსი კულტურის, იდენტობის ნაწილია და მაგალითად, ქართული ჩოხა იუნესკოს არამატერიალურ ძეგლთა ნუსხაშიც შედის. დაინტერესება დიდია და სამოსი არაერთხელ გამხდარა წარმატებული დიზაინერების შთაგონების წყაროც. საერთაშორისოდ აღიარებულ ქართველ დიზაინერ დევიდ კომას „სამოსელი პირველის“ საწარმოში ვუმასპინძლეთ და დიდი შთაბეჭდილებებით დატოვა საქართველო. შემდეგ შეიქმნა 2017 წლის საინტერესო კოლექცია, რომელშიც მან ჩოხის ელემენტები გამოიყენა და ასეთი პოპულარული გახდა მსოფლიო ვარსკვლავებშიც. მიხარია, რომ ქართული კულტურის ახლოს გაცნობის ასეთ კამპანიაში ჩვენი წვლილიც არის.
ვისთვის არის „სამოსელი პირველის“ ნამუშევრები?
ყველანაირი ადამიანისთვის. მათთვის, ვინც სამოსს სიამოვნებით ატარებს და მათთვის, ვინც იმისთვისაც გვსტუმრობს, რომ შოურუმი დაათვალიეროს და ძლიერი მუხტი იგრძნოს. დაინტერესებულებს ჩვენს ისტორიას ვაცნობთ. ბრენდს ხომ რეალურად შემეცნებითი მისია აქვს აღებული.
გვიხარია, რომ მას შემდეგ, რაც პირველ კოლექციაშივე საქორწინო ხაზი წარმოვადგინეთ, იგი დღემდე დიდ მოწონებას იმსახურებს. უკვე არა მხოლოდ მამაკაცები ირგებენ ქართულ ტანსაცმელს, არამედ ქალებიც იხდენენ ტრადიციული ელემენტებით გაწყობილ კაბებს.
პანდემიის პირობებში ხშირად გვწერდნენ, გვქონდა თუ არა პირბადეები. არ გვინდოდა, რომ შეგვეკერა აქსესუარი, რომელსაც ექნებოდა მხოლოდ „სამოსელი პირველის“ ლოგო და არ ექნებოდა არანაირი სხვა დატვირთვა. ამიტომაც, დიზაინერ სოფიო იმერლიშვილთან ერთად გავაცოცხლეთ ძველი აქსესუარი „საულვაშე“ (რომელსაც მამაკაცები ულვაშების ასაპრეხად და როგორც ცნობილია, ზიარების დროს იყენებდნენ) და ის პრინტით პირბადეზე გადმოვიტანეთ, ქალების კოლექციას კი ფარდაგის პრინტით პირბადე შევმატეთ. სხვა იდეებსაც ვამუშავებთ. მაგალითად, ყაბალახის „ტოტის“ პირბადედ გამოყენებასა თუ ჩიხტზე მის მიმაგრებას. ვხვდებით, ჯერ კიდევ მოგვიწევს პირბადის ტარება და ვცდილობთ, „სამოსელი პირველის“ სიტყვა ამ მხრივაც ითქვას.
როგორია „სამოსელი პირველის“ ხაზი? რისგან შედგება? რამდენად ლიმიტირებულია კოლექცია?
ბრენდი წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის სამოსს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს. სერიულ კოლექციებს არ ვკერავთ. ფაქტობრივად, თითო მოდელის თითო ეგზემპლარი არსებობს, რაც კიდევ უფრო ეხმარება მომხმარებელს, ინდივიდუალიზმი გამოხატოს.