ბოლო დროს არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ვიხილეთ ამა თუ იმ ქართველი დიზაინერის სამოსითა და აქსესუარით. როგორც ჩანს, ქართული მოდა ვითარდება და მისი საზღვრები ქვეყნის ფარგლებსაც ცდება. სწორედ ზემოთხსენებული ვარსკვლავების სიაშია კარდაშიანების ცნობილი ოჯახის არაერთი წევრი, რომლებიც ბოლო თვეების მანძილზე განსაკუთრებულად ხშირად ჩნდებიან ქართული წარმოების სამოსითა თუ აქსესუარებით. ამჯერად ცნობილი ოჯახიდან ქართული ბრენდის სამოსი კორტნიმ მოიხდინა.
კორტნი ქართული ბრენდის Materiel-ის ულამაზესი წითელი კაბით გამოჩნდა, რომელსაც ამავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.
კორტნის მიერ მოხდენილი კაბა Materiel-ის ახალი კოლექციიდანაა და მისი ფასი 735 დოლარს (1990 ლარს) შეადგენს. ამ ულამაზესი პროდუქტის შეძენა ისევე როგორც ბრენდის მაღაზიაში, ასევე მის ოფიციალურ საიტზეცაა შესაძლებელი.
თუმცა კორტნი პირველი არ არის კარდაშიანებისა და ჯენერების ოჯახიდან, რომელმაც ქართულ დიზაინზე შეაჩერა არჩევანი, სულ ცოტა ხნის წინ, ქენდალ ჯენერმაც აალაპარაკა მსოფლიო, როცა Dalood-ის საოცარი ანსამბლი მოირგო.
ქენდალ ჯენერმა, რომელიც ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრია და ქართული წარმოების პროდუქციას ყველაზე ხშირად მოიხმარს, ბოლო თვეების მანძილზე ქართველი დიზაინერების სხვა არაერთი აქსესუარი და სამოსიც მოიხდინა.
ოჯახში გავრცელებულ ტენდენციას არც ქლოი კარდაშიანი ჩამორჩენია და რამდენიმე თვის წინ ქართული ბრენდის ANOUKI-ს 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან შერჩეული ბრჭყვიალა კაბა მოიხდინა.
2018 წლის 11 აპრილს კი, ცნობილმა ბიზნესმენმა, მოდელმა, სატელევიზიო გადაცემის მონაწილემ და ახლა უკვე მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერმა - კაილი ჯენერმა ქართველი დიზაინერის, ნიკოლოზ ბრეგაძის მიერ დამზადებული სათვალე მოირგო.
ისევე როგორც თავისმა დებმა, კიმ კარდაშიანმაც შეაჩერა არჩევანი ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილ სამოსზე და 2018 წლის 30 მაისს დონალდ ტრამპთან გამართული საქმიანი შეხვედრისთვის Vetements-ის ბრენდის შავი პიჯაკი მოირგო.