თუკი იმ ადამიანების ჯგუფს მიეკუთვნებით, რომლებიც ხშირად აზიანებენ მობილურ ტელეფონს, ეს ინფორმაცია ძალიან გაგიხარდებათ. კალიფორნიის რივერსაიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიგონეს ნივთიერება, რომელსაც აღდგენის უნარი აქვს.
ახალი გამოგონება გამძლე ტელეფონების შესაქმნელად გამოიყენება. სმარტფონის დაზიანების შემთხვევაში, ბზარების და ნაკაწრების აღდგენა შესაძლებელი იქნება და ამ პროცესს 24 საათი დასჭირდება. მასალას ასევე შეუძლია, საწყის ზომასთან შედარებით 50-ჯერ გაიწელოს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ნივთიერება გამოიგონეს. ზოგიერთი ტელეფონის ჩარჩო უკვე აღჭურვილია ასეთი მასალით, თუმცა ისეთი, აღდგენის უნარის მქონე მასალის გამოგონება, რომელიც სმარტფონის ეკრანის დასამზადებლად იქნებოდა გამოსადეგი, ამ დრომდე გამოწვევად რჩებოდა. ახალი მიგნება ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს.