ტექნოლოგიურ მიღწევებზე საუბრისას, რასაკვირველია გვერდს ვერ ავუვლიდით დრონებს, რომელიც ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და კომფორტული მოწყობილობაა ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის. რამდენი წელია, რაც ქართულ ბაზარზე აქტიურად გამოჩნდა, რამდენად აქტიურად გამოიყენება, და სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით OK! Copter Tech-ის ოფიციალურ დილერს საქართველოში, გიორგი დანელიას ესაუბრა.
გიორგი, უპირველესად, გვიამბეთ, როდის დაინტერესდით დრონებით?
დაახლოებით 6 წლის წინ, როდესაც დრონები მსოფლიოში სულ ახალი იყო და არ გამოიყენებოდა აქტიურად სხვადასხვა ინდუსტრიაში, ინტერნეტში გადავაწყდი ინფორმაციას მის შესახებ და მივხვდი − ჩემი სფერო იყო, ვინაიდან ძალიან მომწონს ფრენა და დავინახე მისი განვითარების პოტენციალი. დაახლოებით 2 წლის შემდეგ ჩამოვიტანე პირველი დრონი საქართველოში. დავიწყეთ თბილისის ხედების სხვადასხვა რაკურსით გადაღება, რამაც თავდაპირველი პოპულარობა მოუტანა ჩვენს კომპანიას. მალევე მივხვდი, რომ როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც, დიდი ბუმი ატყდა დრონების მიმართულებით, ამიტომ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ დრონების მწარმოებელ კომპანიასთან ჩინეთში. მათთან 6 თვის განმავლობაში ხშირი კომუნიკაცია გვქონდა. აქტიური მუშაობის შემდეგ გავხდით მათი ოფიციალური დილერი საქართველოში და 1 წლის შემდეგ დავიწყეთ გაყიდვები. სწორედ აქედან დაიწყო ამ თემის პოპულარიზება და ცნობიერების ამაღლება, რომ დრონები არ არის მხოლოდ გასართობი საფრენი აპარატი.
დაახლოებით ერთ წელიწადში სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც გავაკეთეთ სტარტაპი: ჩამოვიტანეთ სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი დიდი დრონი და შარშან და წელს სამას ჰექტარზე მეტი შევწამლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
რა არის და რაში გვეხმარება დრონის მოწყობილობა?
დრონი არის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელზეც შესაძლოა მიმაგრებული იყოს ბევრი სხვადასხვა ტექნოლოგიური მიღწევა და მისი მეშვეობით გავიმარტივოთ საქმე. არსებობს ბევრი ისეთი სფერო, სადაც დრონები და მათი გამოყენება საგრძნობლად ამარტივებს ინდუსტრიებში საქმიანობას და მუშაობას.
დრონების მოხმარების ყველაზე გავრცელებული გზა მისი გამოყენების მრავალფუნქციურობაა. ძალიან ჭკვიანური „დივაისია“, რადგან მისი მეშვეობით ვზოგავთ დროს და გვიმარტივებს ბევრ რამეს. მისი დახმარებით არ არის აუცილებელი ყველგან ფეხით მისვლა და გადაადგილება.
დრონები გამოიყენება ძალიან ბევრ ინდუსტრიაში, ასევე ისეთ სფეროებში, რომელთა შესახებ შესაძლოა წარმოდგენაც არ გვქონდეს. მათ შორის კინოინდუსტრიაში, სამოყვარულო ვიდეოგადაღებისას, მოგზაურობისას...
როგორია დრონების, როგორც მოწყობილობის, განვითარების ეტაპები?
დრონები ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დაიხვეწა და ზომაში შემცირდა. შესაბამისად, უფრო მოსახერხებელი გახდა მისი გამოყენებაც. შეგვიძლია ნებისმიერ ადგილას წავიღოთ და დავაფიქსიროთ სასურველი კადრები. აქედან გამომდინარე, ძალიან კომფორტულია მისი სამოგზაუროდ წაღებაც.
კიდევ რომელ ინდუსტრიებში შეგვიძლია დრონების გამოყენება?
დრონები გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, მშენებლობის პროცესში, არქეოლოგიაში, ავიაციისა და ურბანული დაგეგმარების მიმართულებებით; სპორტში, ტურიზმში, საზოგადოებრივ უსაფრთხოებაში, საგზაო დანიშნულებაში და ბევრი სხვა ბუნებრივი რესურსების მიმართულებით.
დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი.
სოფლის მეურნეობის შემთხვევაში, დრონებზე მიმაგრებულია შესაწამლი საშუალების ავზი და ამით საკმაოდ დიდი დროისა და რესურსების დაზოგვაა შესაძლებელი. ბევრად მარტივად ხდება შეწამვლის პროცესი.
მშენებლობისას გამოიყენება აზომვითი სამუშაოების დროს, დიდი ტერიტორიების დასათვლელად, რაც საგრძნობლად ამარტივებს სამუშაოს ამ მიმართულებით.
რაც შეეხება არქეოლოგიას, შესაძლებელია ნებისმიერი არქეოლოგიური ძეგლის, შენობისა თუ სივრცის 3D-ში შენახვა.
ტურიზმის მიმართულებითაც, რასაკვირველია ძალიან აქტიურად გამოიყენება, თუნდაც კერძო პირების მხრიდან. ასევე, ლოკაციების დათვალიერებისა და შეფასებისთვის.
გარდა ამისა, ძალიან ხშირად გამოიყენება ავიაციის სფეროში, დიდი საფრენი ხომალდების შესასწავლ საშუალებად. ხდება დიდი თვითმფრინავების, „ბოინგების“ დათვალიერება და იზოგება დიდი დრო და რესურსი.
რამდენად აქტუალურია დრონების გამოყენება საქართველოში?
დროების მიმართულებით საქართველოში ერთადერთი ოფიციალური დილერი არის Copter Tech. 3 წელია აქტიურად ვმუშაობთ ამ ბაზარზე და შემოგვაქვს სხვადასხვა დანიშნულების დრონები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
აღსანიშნავია, რომ დრონებს აქტიურად იყენებენ სახელმწიფო სტრუქტურები − სამძებრო-სამაშველო მიმართულებით იქნება ეს თუ გადაღების მიმართულებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა ცნობადობა. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ უკვე აქტიურად გამოიყენება ძალიან ბევრ სფეროში.