ბავშვობიდან ვოცნებობდი მოგზაურობაზე. თუმცა არც კონკრეტულ ქვეყანაზე და არც კონკრეტული ქალაქის ნახვაზე − უბრალოდ მინდოდა საზღვრებს გარეთ გავსულიყავი და მეხილა რაიმე ახალი და განსხვავებული.
პირველად 16 წლის ასაკში გადავკვეთე საზღვარი და ტრაბზონში (თურქეთი) ვიყავი. საოცრება იყო. არასდროს დამავიწყდება ის ემოციები, რომელსაც მაშინ ვგრძნობდი. როგორც კი მანქანა სარფის საბაჟოს გასცდა, გიჟივით ვიყურებოდი ფანჯარაში. ვათვალიერებდი ირგვლივ ყველაფერს. განსხვავებული შენობები, ტროტუარები, მაღაზიები − ყველა დეტალს ვაკვირდებოდი და მსიამოვნებდა, რომ ეს გარემო ჩემთვის ახალი და უცხო იყო. გზა ტრაბზონამდე ბევრს გაგივლიათ და იქ განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ როცა 16 წლის ბიჭი პირველად კვეთს საზღვარს, მისთვის ყველაფერი სხვაგვარადაა.
მას შემდეგ 13 წელი გავიდა და 40 ქვეყანაში ვიმოგზაურე. მოგზაურობისას გადავწყვიტე შემექმნა ბლოგი, სადაც ადამიანებს გავუზიარებდი ჩემს ემოციებს, გამოცდილებას. მივცემდი სასარგებლო რჩევებს და მოვუყვებოდი საკუთარ თავგადასავლებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ბლოგმა თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია ადამიანებში და ეს იყო გაცილებით მეტი სტიმული, მეკეთებინა ეს საქმე უფრო ხარისხიანად. შევიძინე კარგი ფოტოაპარატი, ხარისხიანი ფოტოები რომ მეჩვენებინა გამომწერებისთვის. ახლა უკვე დრონის მართვაც დავიწყე და ვიდეოებსაც ვთავაზობ დაინტერესებულ ადამიანებს. ბოლოს ლეჩხუმში გადაღებულ ვიდეოს იმხელა გამოხმაურება მოყვა, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.
წელს უამრავი გეგმა მქონდა. ალბათ 10 ქვეყანას მაინც ვნახავდი, ვირუსი რომ არა, თუმცა ყველაფერ ცუდს აქვს დადებითი მხარე. საქართველოში დავიწყე მოგზაურობა და უამრავი რამ აღმოვაჩინე. ძალიან დიდი ფოტო-ვიდეომასალა დავაგროვე ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან. ადამიანებს ისეთი ადგილების შესახებ ვუყვებოდი, რომელთა არსებობაზე აქამდე მეც არ ვიცოდი. ვფიქრობ, ჩემი პატარა წვლილი მეც შევიტანე წელს შიდა ტურიზმის პოპულარიზაციაში.
რომ არა ტექნოლოგიები, ამ ყველაფერს უბრალოდ ვერ გავაკეთებდი. რომ არ მქონოდა კარგი კამერა, არ გადამეღო დრონით, არ მქონოდა კარგი ტელეფონი, ხარისხიანად ვერ ვაჩვენებდი ჩემს გამომწერებს, რა ლამაზი ქვეყანა გვაქვს. სწორედ ამ კუთხით იქნება საუბარი ჩვენს ტექნობუქშიც, თუ რა როლს ასრულებს ტექნოლოგიები ჩვენს დღევანდელობაში და როგორ გვიმარტივებს ცხოვრებას.