უსაფრთხოება ყველა საკითხში მნიშვნელოვანია. ავტოავარიების სტატისტიკა საქართველოში განსაკუთრებულად დიდია. მიზეზი ბევრია. არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვის გარდა, ავტომობილის უსაფრთხოებაც დიდ როლს თამაშობს. „ვოლვომ“ სამართლიანად დაიმსახურა ყველაზე უსაფრთხო ავტომობილის წოდება. სწორედ მის სახელს უკავშირდება უსაფრთხოების ღვედის შექმნა, რამაც მილიონზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინა.
„ვოლვომ“ შვედეთის ოფისიდან მედიის წარმომადგენელთათვის საერთაშორისო ონლაინშეხვედრა გამართა, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს მიუძღვნა. ღონისძიების ირგვლივ ჟურნალი OK! სიამოვნებით გაგაცნობთ ახალ ამბებს.
ავტოინდუსტრიის პროფესიონალებმა მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს გამოწვევაზე − უსაფრთხო ავტოგადაადგილებაზე იმსჯელეს.
Volvo ინოვატორი კომპანიაა, რომლის სახელსაც უსაფრთხოების მიმართულებით არაერთი სიახლე უკავშირდება.
უსაფრთხოების ღვედი 1959 წელს VOLVO-ს მიერ შექმნილი ინოვაციაა. სანამ Volvo უსაფრთხოების ღვედს გამოიგონებდა და მის პატენტს მსოფლიოს უსასყიდლოდ გადასცემდა, ავტოსაგზაო შემთხვევებში სიკვდილიანობა მაღალი იყო. დღეს, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ავტომობილებით გადაადგილება 1959 წელს Volvo-ს მიერ შექმნილი სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედის გარეშე.
„მილიონი გადარჩენილი სიცოცხლე“ − Volvo ამით ამაყობს. ღონისძიებაზე დააანონსეს, რომ მომდევნო წლებშიც „ვოლვო“ კვლავ გააგრძელებს ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვას და განვითარებული ტექნოლოგიებით კიდევ მრავალ მილიონ ადამიანს შეუნარჩუნებს სიცოცხლეს.
მსოფლიოსთვის დიდი გამოწვევა ბავშვთა უსაფრთხო ავტოგადაადგილებაა. როგორც ცნობილია, 1972 წელს Volvo პირველი იყო, რომელმაც მოძრაობის საპირისპირო სავარძელი შექმნა ბავშვებისთვის. კომპანიამ სავარძელზე ტესტირება 1960-იან წლებში დაიწყო. რეკომენდებულია, რომ ყველა ბავშვი 3 წლამდე მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით იჯდეს ავტომობილში. 4 წლის ბავშვების მშობელთათვის კი Volvo-ს რეკომენდაციაა, რომ ბავშვი ე.წ.„ბუსტერ ბალიშებზე“ ან „ბუსტერ სავარძელში“, მოძრაობის მიმართულებით, გაუმჯობესებული ღვედის სიმაღლეზე იჯდეს.
ასევე, Volvo გამოდის ინიციატივით, რომ ბავშვებისა და თინეიჯერებისათვის სამგზავრო უსაფრთხოების თემატიკით სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდეს.
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ Volvo-ს ყველა ავტომობილს გვერდითი, შეჯახებისგან დამცავი სისტემა აქვს. ავტომობილის გვერდითა კორპუსი სპეციალური მასალისგანაა შექმნილი, რომელიც მგზავრს გვერდითი შეჯახებისას დარტყმის სიძლიერისგან იცავს. Volvo-ს ახალი მანქანები ასევე ავტომატურად ამუხრუჭებს იმ შემთხვევაშიც, როცა საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი ავტომობილი თქვენს მანქანას უახლოვდება.
Volvo-ს ავტომობილები უზრუნველყოფილია მძღოლის დამხმარე სისტემით, რომელიც საჭესთან მყოფს აფრთხილებს, რომ მას სხვა ავტომობილი უახლოვდება. ეს სისტემა მანქანის გვერდითა სარკეებზეა დამონტაჟებული.
ასევე, არაერთი ადამიანი იხსნა „ვოლვოს“ ქალაქის უსაფრთხოების სისტემამ“, რომელიც სპეციალურად ფეხით ან ველოსიპედით მოსიარულეებისთვისაა შექმნილი. მისი მეშვეობით ავტომობილი შორი მანძილიდან აფიქსირებს მოსალოდნელ შეჯახებას. იმავე პრინციპით შესაძლებელია დიდი ზომის ცხოველების დაფიქსირება როგორც დღისით, ასევე ღამით. მათი მოახლოებისას მანქანა ავტომატურად ამუხრუჭებს.
Volvo კიდევ არაერთ სიახლეს ჰპირდება მსოფლიოს. უსაფრთხოების კვალდაკვალ, კომპანია ინოვაციურ მექანიზმებს აქტიურად ავითარებს: ახალი მოდელის ავტომობილებში სიჩქარე შეზღუდული იქნება და მძღოლი 180 კილომეტრ საათზე მეტ სიჩქარეს ვეღარ განავითარებს. ასევე, დიდი ყურადღება ეთმობა ალკოჰოლის ზემოქმედებისა და გაფანტული მართვის საკითხებს. მათი თავიდან ასაცილებლად კი, ახალი მოდელის ავტომობილებში ე.წ. „ჭკვიანი კამერები“ მონტაჟდება, რომლის სპეციალური სენსორებით, ნასვამი მდგომარეობისა და ყურადღების დეფიციტის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. რისკის აღმოჩენის შემთხვევაში, ჭკვიანი სისტემა განსაკუთრებულ რეჟიმს რთავს, რაც ავტომობილის სიჩქარის შემცირებასა და ავტომატურ პარკირებას იწვევს.