ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას, ქართული და უცხოური კლასიკის შედევრებს, თანამედროვე ბესტსელერებს და ლიტერატურული კონკურსის „საბა“ ნომინანტ და ლაურეატ წიგნებს. ეს ელექტრონული პლატფორმა შესანიშნავი საშუალებაა თანამედროვე ადამიანისთვის, ყოველთვის იყოს ლიტერატურული პროცესის ავანგარდში, არასდროს ჩამორჩეს დროს და თან ატაროს საყვარელი წიგნები. თქვენ შეგიძლიათ მისცეთ ლიტერატურას ახალი სიცოცხლე და შეუშვათ იგი თქვენს ელექტრონულ ყოველდღიურობაში − სმარტფონებში, კომპიუტერებსა და ტაბლეტებში. ამ ელექტრონულ სივრცეში ყოველდღიურად იზრდება წიგნების რაოდენობა. მათ შორის, სრულიად ექსკლუზიური ლიტერატურის, რომლის წაკითხვას სხვაგან ვერ შეძლებთ და რომელთა ფასიც საგრძნობლად იაფია ბეჭდურთან შედარებით. OK! გთავაზობთ ინტერვიუს ელექტრონული წიგნის სახლ „საბას“ დამფუძნებელ რატი ამაღლობელთან.
ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ საზოგადოებას ათასობით წიგნის ელექტრონულ ვერსიას სთავაზობს. როგორია ჩართულობა?
მკითხველთან ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. გარდა იმისა, რომ ვაკვირდებით მათ ქცევას აპლიკაციაში, ვხედავთ რომელი წიგნების მიმართ არის დიდი დაინტერესება, რომელი ჟანრებია პოპულარული და ა.შ. ასევე, ვითვალისწინებთ მათ მოსაზრებებს ასორტიმენტისა და უშუალოდ აპლიკაციის ფუნქციონალთან დაკავშირებით. ხშირად, სწორედ მკითხველისგან წამოსული რჩევების გამო გვიფიქრია ახალი ფუნქციის დამატებაზე აპში. ვცდილობთ მუდმივად მკითხველის პულსზე გვეჭიროს ხელი და მათი ყველა რჩევა და რეკომენდაცია გავითვალისწინოთ. სწორედ მკითხველთა ჩართულობის გასაზრდელად შევქმენით „საბკულტურა“ − FB ჯგუფი, რომელიც 14 000-ზე მეტ მკითხველს, ავტორსა და გამომცემელს აერთიანებს.
რამდენად გაიზარდა მკითხველთა რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში?
ძალიან სასიხარულოა, რომ ინტერესი ლიტერატურის მიმართ ყოველწლიურად იზრდება. გამონაკლისი არც ელექტრონული წიგნებია. ელექტრონული წიგნები უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რაც განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, უპირველესად კი ალბათ მობილურობით. თანამედროვე ადამიანის ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ნებისმიერი მკითხველისთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს მსუბუქი, ხელმისაწვდომი და კომფორტული საშუალება, რათა ნებისმიერ დროს და ვითარებაში შეეძლოს კითხვა.
როგორ ფიქრობთ, რამდენად ჩაანაცვლა ელექტრონულმა წიგნებმა ბეჭდური წიგნების გამომცემლობები?
ბეჭდურ წიგნებს და ელექტრონულ წიგნებს თავიანთი მომხმარებელი ჰყავთ. ზოგიერთი მკითხველისთვის ბეჭდური წიგნი შეუცვლელია, ზოგისთვის კი თანამედროვე მედიუმების საშუალებით კითხვა ძალიან კომფორტულია. როგორც ბეჭდურ წიგნს, ასევე ელექტრონულ წიგნსაც თავისი უპირატესობები აქვს: ხელმისაწვდომია, მსუბუქია, გადაწყვეტ თუ არა კითხვის დაწყებას, წუთში შესაძლებელია, წიგნი აღმოჩნდეს შენს ბიბლიოთეკაში. ასევე, მისი ტირაჟი არასდროს ამოიწურება.
მკითხველებისთვის ძალიან დიდი კომფორტია მოგზაურობისას, ტრანსპორტში მგზავრობისას, რიგში დგომისას ნაყოფიერად გაატარონ დრო. ჩვენც ვცდილობთ, აპლიკაცია SABA Reader-ში ისეთი ფუნქციები შევთავაზოთ მათ, რომ კითხვა რაც შეიძლება სასიამოვნო პროცესი იყოს. აპლიკაციას აქვს კომენტარის, ჩანიშვნის, ფონტის ზომის, სიკაშკაშისა და ფონის შეცვლის ფუნქციები. ხმოვანი წიგნისა და პოდკასტების შემთხვევაში – ტემპის აჩქარების, გადახვევისა და სხვა მრავალი ფუნქცია.
როგორ ხედავთ ელექტრონული წიგნებისა და ბეჭდური გამომცემლობის განვითარების პროცესს?
ორივე − როგორც გამომცემლები, ასევე ელექტრონული წიგნების სახლიც, ლიტერატურისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციას ემსახურება. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ გამომცემლებთან, მათთან ერთად არაერთი პროექტი გაგვიხორციელებია და მომავალშიც ვგეგმავთ განვახორციელოთ. ცხადია, ორივე მიმართულებას თავისი სეგმენტი ჰყავს და ორივე სფერო ამ სეგმენტის გაზრდაზე მუშაობს, თუმცა ეს ხელს არ უშლის ჩვენ შორის მჭიდრო თანამშრომლობას და ბევრი საინტერესო პროექტის გახორციელებას.
დღესდღეობით რამდენი წიგნია ხელმისაწვდომი ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“ მეშვეობით და რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?
ამჟამად, „საბას“ ბიბლიოთეკაში 6000-ზე მეტი წიგნია ხელმისაწვდომი. ჩვენი კონტენტი საკმაოდ მრავალფეროვანია და მკითხველებს ვთავაზობთ როგორც ელექტრონულ, ასევე ხმოვან წიგნებს და ლექცია/პოდკასტებს. ახლაც ვაგრძელებთ მუშაობას ასორტიმენტის გამრავალფეროვნებისა და რაოდენობრივად გაზრდის მიმართულებით.