თუ ხართ სოციალური ქსელის მომხმარებელი და ამავდროულად მნიშვნელოვანია თქვენი სმარტფონების საჭირო აქსესუარებით აღჭურვა, აუცილებლად შეამჩნევდით Technolab-ის დირექტორ ნინა ტაველიშვილის ვიდეოებს, რომელიც ყოველი ახალი პროდუქციის შესახებ ძალზე დადებითად გვამცნობს ყველა სიახლეს. სწორედ ამიტომ OK! დაინტერესდა და გადაწყვიტა უკეთ გაიცნოს კომპანიის მუშაობის სტრატეგია და პრიორიტეტები.
ნინა, რამდენი ხანია, რაც Technolab-ი ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და როგორ ფიქრობთ, რამ მოუტანა კომპანიას პოპულარობა?
დაახლოებით 1 წელია, რაც ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და ვფიქრობ, პოპულარობა ცოტა გადამეტებული ნათქვამია, მაგრამ ჩვენი აზრით, წარმატების ძირითადი მიზეზი დაბალი ფასები და მომხმარებლებისთვის ჩვენს პროდუქტებზე ინფორმაციის უშუალო და მარტივი ფორმით მიწოდებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ მაღალფარდოვან, გაუგებარ რეკლამებს და ამაში არ ვხარჯავთ ფულს, არამედ პირიქით, მომხმარებელს მაქსიმალურად მარტივ და გასაგებ ენაზე ვაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას ამა თუ იმ აქციის შესახებ.
რა არის კომპანიის მთავარი პრიორიტეტები და პრივილეგიები?
ჩვენთვის პრიორიტეტულია კეთილსინდისიერი მომხმარებლის მაქსიმალური კმაყოფილება, ანუ ჩვენთან არ ჭრის ინტრიგნობა და პრინციპი, რომ თუ ვინმე გვიყვირებს და დაგვემუქრება რეპუტაციის შელახვით, მისი გაჩუმების მიზნით ყველაფერს გავუკეთებთ. პირიქით − ასეთ მომხმარებელს არ ვინდობთ. ჩვენი აზრით, ეს უსამართლო იქნებოდა საკუთარ კეთილსინდისიერ მომხმარებელთან მიმართებაში.
გარდა ამისა, ჩვენი პრიორიტეტია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკუთარ თითოეულ მომხმარებელთან უშუალო დამოკიდებულება, მათთვის ინფორმაციის ამომწურავად მიწოდება და ხარისხიანი პროდუქციის ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზება.
რამდენად შეესაბამება პროდუქციის ხარისხს ხელმისაწვდომი ფასები?
მაქსიმალურად ხარისხიანი და მხოლოდ ბრენდული პროდუქცია გვაქვს მაღაზიებში წარმოდგენილი, რაც მის საფასო კატეგორიას შეესაბამება. როდესაც რაიმე განსაკუთრებულად დიდი აქციები და ფასდაკლებები არ გვაქვს, პრაქტიკულად ყველა პროდუქტს 1-წლიანი გარანტიით გავცემთ, რაც მის ხარისხს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რადგან უხარისხო პროდუქტზე, რასაკვირველია ამხელა გარანტიას ვერ გავცემდით.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არის რიგი პროდუქტებისა, რომელსაც შეიძენთ არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ სხვა მაღაზიებშიც იდენტური ხარისხით, თუმცა ჩვენთან თითოეული მათგანი წარმოდგენილია უკეთესი ფასითა და შეთავაზებებით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფასებშიც და ხარისხშიც საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს.
გვიამბეთ, რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს?
მომხმარებელს ვთავაზობთ ყველანაირ აქსესუარს სმარტფონებისთვის, თუმცა ასევე წარმოდგენილი გვაქვს კომპიუტერული ტექნიკის აქსესუარები და ამ მიმართულებით კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ საზოგადოებას.
სამომავლო გეგმები...
სამომავლოდ ვგეგმავთ მოვიცვათ მთელი საქართველო და ყველა დიდ ქალაქში გავხსნათ ფილიალი. რომ არა პანდემია, დღეს ზუგდიდში, თელავსა და რუსთავში უკვე იქნებოდა ჩვენი მაღაზიები წარმოდგენილი.