წიგნი, გაზეთი, ფოტო თუ ნებისმიერი სხვა ღირებული რამ, კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი ხდება და მათი დაზიანებისგან თავის არიდებისა და უსაფრთხოების მიზნით, აქტიურად დაიწყო გაციფრულების პროცესი. ამასთან დაკავშირებით, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი და ვებგვერდ GALAKTION.GE-ის იდეის ავტორი ლაშა ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ეს არის კაცობრიობის უდიდესი პროგრესი. თავად როგორ უწყობს ამ პროცესის, გავითარებას ხელს, რა არის GALAKTION.GE-ის ძირითადი მიზანი და სხვა საინტერესო კითხვებზე მის პასუხებს OK!-ის ინტერვიუში იხილავთ.
ბატონო ლაშა, როგორც ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, როგორ შეაფასებდით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მასალების გაციფრულებას?
ნებისმიერი მუზეუმის მიზანი უნდა იყოს საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს არქივში დაცული მასალები. ეს საკითხი არც ისეთი მარტივი გადასაწყვეტია, რადგან ყველაფრის გაციფრულება საკმაოდ რთულია. მიუხედავად ამისა, უკვე დიდი ხანია, რაც ამ საქმიანობას შევუდექით. მასალების მეტი უსაფრთხოებისა და დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ჩვენს მუზეუმში მოსულ მნახველს შეგვიძლია კომპიუტერის მეშვეობით დავათვალიერებინოთ მისთვის საინტერესო მასალები, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია ისინი ინტერნეტში განთავსდეს მეტი ხელმისაწვდომობის მიზნით.
გვესაუბრეთ უშუალოდ თქვენი საიტის, galaktion.ge-ის შესახებ. რისი მოძიებაა შესაძლებელი მისი მეშვეობით?
ლიტერატურის მუზეუმმა გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების შემდეგ გალაკტიონის მემკვიდრეობის 99% შეისყიდა, რომელიც ჩვენთან არის დაცული. საერთოდ, ერთ არქივში ცნობილი მწერლების დიდი მემკვიდრეობა იშვიათადაა თავმოყრილი. ლიტერატურის მუზეუმმა არსებული მასალების მიხედვით თავდაპირველად გალაკტიონ ტაბიძის ოცდახუთტომეული გამოსცა, შემდგომში კი გადავწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი ინტერნეტის საშუალებითაც ყოფილიყო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი საშუალებაა როგორც ნებისმიერი რიგითი ადამიანისთვის, ასევე მკვლევრისთვის. მაგალითად, ჩვენ გვაინტერესებს რომელიღაც კონკრეტული სიტყვა, რამდენჯერ ან რა კონტექსტში იყენებს მას გალაკტიონი. მომხმარებელს ძალიან მარტივად, საძიებო სისტემის მეშვეობით შეუძლია მოიძიოს, სად აქვს მას ეს სიტყვა გამოყენებული − წერილებში თუ სხვა ტექსტებში. ვფიქრობ, ნებისმიერი მკლევრისთვის, რომელიც გალაკტიონს იკვლევს, ეს გვერდი მთავარ წყაროდ იქცევა.
ასეთი დიდი ვებგვერდი არცერთ მწერალს არ აქვს მიძღვნილი არც საქართველოში და ვფიქრობ, მსოფლიოშიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. აქ არის ატვირთული 2600-ზე მეტი ლექსი, 34 პოემა და მათი ვარიანტები, 36 ავტობიოგრაფია, 660 დღიური და უბის წიგნაკში ჩანაწერი, 106 პროზაული ესკიზი, პიესა, სტატია, მოგონება და ასევე სხვა დოკუმენტები, როგორიც არის მოსაწვევი, აფიშა, მანდატი, მოწმობა, მათ შორის, მაგალითად, საჯარო ბიბლიოთეკის მკითხველის ბარათი. ასევე ატვირთული გვაქვს ავტოგრაფიანი და მინაწერიანი წიგნებიც კი. გალაკტიონი ასევე საოცრად ნიჭიერი იყო, როგორც მხატვარი, და მას ძალიან ბევრი ჩანახატი აქვს გაკეთებული. ეს ჩანახატებიც უაღრესად საინტერესოა. ჩვენს საიტზე განთავსებულია 1400 ჩანახატი, 450 ფოტო, მემორიალური ნივთები, ფერწერული, გრაფიკული სკულპტურული ნამუშევრები, რომლებიც გალაკტიონს ეხება. ეს არის უზარმაზარი მასალა, რომელიც საზოგადოებისათვის ასეთი სახით ხელმისაწვდომი ხდება.
რა არის ვებგვერდის ძირითადი მიზანი?
ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში მიზანი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის გაადვილებაა. ეს არის საკმაოდ შრომატევადი, თუმცა მეტად საჭირო სამუშაო.
ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, რაც მოსალოდნელიც იყო, იქიდან გამომდინარე, რომ გალაკტიონი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული მწერალია ქართველი მკითხველისათვის. უამრავი ადამიანი შედის ამ საიტზე და იყენებს ატვირთულ მასალებს. მე განსაკუთრებულად მახარებს ის ფაქტი, რომ ამ გვერდით სარგებლობენ სპეციალისტები და მკვლევრები.
ახლა რას მოიცავს თქვენი საქმიანობა?
ახლა დავიწყეთ და უკვე საკმაოდ წინ წამოვწიეთ ცისფერყანწელების ვებგვერდი, რომელსაც შეგნებულად არ დავარქვით ცისფერი ყანწები, რადგან ლათინური ასოებით რთული აღსაქმელი იქნებოდა და დავარქვით niamorebi.ge, რათა უფრო მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ხელი შეგვიშალა მუშაობაში, გარკვეული მასალები მაინც იტვირთებოდა და იხვეწებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში, თუმცა ჯერ კიდევ არის მცირედი საკითხები, რომლებიც გადასაწყვეტია.
ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო მწერლების გაერთიანება, მაგრამ ჩვენ მათ ცალ-ცალკე ვიცნობთ და თითქმის ყველა წიგნი ცალკეა გამოსული. მაგალითად, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო იაშვილი. სწორედ იმისათვის, რომ ისინი, როგორც ჯგუფი, დავინახოთ, საზოგადოებისთვის აუცილებელი იყო მათ შემოქმედებათა ერთ სივრცეში თავმოყრა და ასეც იქნება ძალიან მალე – არანაკლებ საინტერესო ვებგვერდი ქართული ლიტერატურისა და ქართული კულტურის მოყვარულებისათვის, რადგან აქ შესაძლებლობა ექნებათ ნახონ უამრავი ფოტო, დოკუმენტური მასალა და ასე შემდეგ.
გვიამბეთ, საიდან გაჩნდა იდეა და როგორ განახორციელეთ?
იდეა მეკუთვნოდა მე და ჩემს მოადგილე თეა თვალაურს, რომელმაც აღნიშნული ოცდახუთტომეული გამოსცა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ მან გაშიფრა გალაკტიონის ყველა მინაწერი, რომელიც ჩვენთან არის შენახული − იქნება ეს ფურცლების ნაკუწები თუ ფურცლების კუთხეებში მიწერილი სიტყვები. ამ მინაწერების დიდი ნაწილი არ იყო ცნობილი და მე ვიტყოდი, რომ ქალბატონი თეა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მკვლევარი, რომელიც ჩვენ გვყავს. იგი ქართული ლიტერატურის ისედაც საოცარი სპეციალისტია, თუმცა გალაკტიონის წინაშე მისი დამსახურება განსაკუთრებით დიდია.
ძალიან ხშირად იყენებენ ამ მასალებს და სამწუხაროა, რომ არ უთითებენ წყაროს. ეს არა მარტო შრომის, არამედ მომხმარებლის დაუფასებლობაცაა – ვერ იგებს რა საიდანაა აღებული. მე თვითონ, როცა ვიღებ რომელიღაც წიგნს ან ჟურნალს, ან თუნდაც ინტერნეტში ვპოულობ დოკუმენტს ან ფოტოს და მითითებული არაა წყარო, მე კი მჭირდება იგივე მასალა − დრო უნდა დავხარჯო მის საპოვნელად. ვთქვათ, ფოტო მინდა უკეთესი ხარისხით − შეიძლება ვერც კი ვიპოვო. მითითება კი ადვილი და კულტურული საქციელია.
როგორ ხდება მასალის მოძიების პროცესი?
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენთან ინახება გალაკტიონთან დაკავშირებული მასალების აბსოლუტური უმრავლესობა, როლებიც ჩვენს მუზეუმში მისი გარდაცვალების შემდეგ შემოვიდა.
დიდ სამუშაოს მოითხოვს, როდესაც ამხელა ტექსტებს ერთმანეთს ადარებ, შიფრავ, აზუსტებ თარიღებს... ამ სამუშაოების საკმაოდ დიდი ნაწილი გაკეთდა მაშინ, როდესაც გალაკტიონის ტომეული გამოიცა, თუმცა ვებგვერდისთვის მაინც თავიდან მოგვიწია ბევრი სამუშაოს გატარება. თავიდან საჭირო იყო გაციფრულება, დალაგება და სტრუქტურირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მომხმარებელმა ადვილად მოიძიოს მასალები.
ვებგვერდის შექმნის პროცესი ხანგრძლივია: სპეციალისტებთან ერთად განიხილება თითოეული საკითხი, რათა გაუადვილდეთ იმის წარმოდგენა, თუ როგორ უნდა დალაგდეს თითოეული დეტალი. ყველაფერი განლაგებული უნდა იყოს ერთგვარ თაროებზე, რადგან მომხმარებელმა ადვილად იმოძრაოს ვებგვერდზე და არ იყოს მისთვის რთული ძიების პროცესი. ამ ყველაფრის მობილიზება, დალაგება და მომხმარებლისთვის გამარტივებული სახით მიწოდება საკმაოდ შრომატევადი და რთული პროცესია, რადგან მუდმივად ვცდილობთ, მასალები რაც შეიძლება ხელმისაწვდომი და ადვილად მოსაძიებელი იყოს საზოგადოებისთვის.
პირადად ჩვენ, რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდით ვებგვერდის მოსამზადებლად და მის დასახვეწად. ვთანამშრომლობდით მათთან, ვინც ტექნიკურ მხარეს აწესრიგებს, შემდეგ ასევე დიდი დრო დასჭირდა მასალების განთავსებას საიტზე. ამ დიდი სამუშაოს მიუხედავად, შესაძლოა ვებგვერდზე იყოს გარკვეული ხარვეზები, რომელთა გამოსასწორებლად დღემდე ვმუშაობთ. ეს არის პროცესი, რომელიც მუდმივ მუშაობას და განვითარებას მოითხოვს.
პირადად თქვენ მიესალმებით თუ არა მასალების გაციფრულების პროცესს?
მასალების გაციფრულების პროცესს მთელი გულით და სულით მივესალმები. მე დღესაც ძალიან დიდ დროს ვატარებ სხვა ბიბლიოთეკების, არქივებისა თუ მუზეუმების ვებგვერდებზე. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კაცობრიობისათვის ხელმისაწვდომი ხდება ყველაფერი და აღარ არის საჭირო, კონკრეტულ ადგილას ჩახვიდე და ადგილზე გაეცნო შენთვის საინტერესო მასალებს. ზოგადად, მე ძალიან მიყვარს, როდესაც წიგნი მიჭირავს ხელში, მიყვარს ძველი გაზეთის სუნი, თუმცა ეს ძალიან სენტიმენტალური საკითხებია. ის, რომ შეგვიძლია კაცობრიობის საგანძური გავაციფრულოთ და ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, ძალიან მნიშვნელოვანია. უცხოეთში მცხოვრები უამრავი ქართველი იყენებს ჩვენს გვერდს. მათგან მიმიღია მადლობისა და მოწონების უამრავი წერილი, რაც ძალიან სასიამოვნოა. ინტერნეტსივრცეში მასალები ყოველდღიურად იზრდება, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აქცევს ყურადღებას გაციფრულების პროცესებს და მეც იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც გამახვილდება ყურადღება ამ მიმართულებით. უნდა განხორციელდეს ყველა იმ მასალის გამოიკვლევა და დალაგება, რომელთა გაციფრულებაც ეტაპობრივად უნდა მოხდეს. უნდა შეიქმნას გარკვეული სტანდარტი და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისთვისაც.