სკოლისა და საჯარო ბიბლიოთეკის ურთიერთთანამშრომლობა შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს მოზარდების საჭიროებების განხორციელებას, მათი უკეთესი განათლების, დასვენების, პირადი ინტერესებისა და კარიერული ზრდის საკითხების მოგვარებას. „ბიბლიოთეკა სკოლას“, ანუ მოსწავლეების საბიბლიოთეკო რესურსებზე, განსაკუთრებით ციფრულ რესურსებზე უკეთესი წვდომა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა.
სკოლებისა და ბიბლიოთეკების ურთიერთობა სათავეს ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის სამოციანი წლებიდან იღებს და დღესაც წარმატებით გრძელდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. გამონაკლისი არც საქართველოა. ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი „ეროვნული ბიბლიოთეკა სკოლას“ ამის ნათელი დადასტურებაა. პროექტი 2014 წელს დაიწყო და სხვადასხვა ინტენსივობით ვითარდება. პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკვე შეიქმნა სპეციალური ვებსაიტი, რომელიც ცდილობს ერთ სივრცეში გააერთიანოს სასკოლო და პროფესიულ განათლებასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული ნაწარმოებები, ლექსიკონები და სხვა ციფრული რესურსები. თავი მოუყაროს და ეფექტურად მიაწოდოს მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ყველა საჭირო პროგრამა და ინფორმაცია. სწორედ ამ საკითხებზე დეტალურად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ და იდეის ავტორმა, გიორგი კილაძემ გვიამბო.
ბატონო გიორგი, გვიამბეთ ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტზე „ბიბლიოთეკა სკოლას“. რა იყო მიზანი და როგორ იმუშავა საიტმა?
„ეროვნული ბიბლიოთეკა სკოლას“ − ეს არის ეროვნული ბიბლიოთეკის უკვე შემდგარი პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს წამოვიწყეთ. ჩვენი მიზანი იყო, არსებული ციფრული რესურსები რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გაგვეხადა სკოლის, პროფესიული სასწავლებლების, მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ მოზარდები ისარგებლებდნენ საიტზე განთავსებული მასალებით, რომელიც საკმაოდ მრავალპროფილიანია და იდეაში მოიცავს ყველა საგანს, რომელიც სკოლაში ისწავლება.
ეროვნული ბიბლიოთეკისა და სკოლის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა ვფიქრობ, 2014 წელს მას განსაკუთრებულად სისტემური ხასიათი მიეცა. იმ დროს ეს მხოლოდ იდეა იყო და მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც თქვა, რომ თეორია პრაქტიკად უნდა გვექცია. პირველი სატესტო ნიმუში იყო ქართული ლიტერატურა მეხუთე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ამ საიტმა გააერთიანა ყველა ის ძირითადი ნაწარმოები, რომლებიც დაამკვიდრა განათლების სამინისტრომ ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო გეგმაში.
აღნიშნულმა საიტმა ორი მიმართულებით იმუშავა და ახლაც განაგრძობს მუშაობას: პირველი არის საკუთრივ სასკოლო ლიტერატურა, ანუ დოკუმენტური სრულტექსტოვანი ფაილები სრული საძიებო სისტემით, სადაც შესაძლებელია იმ ნაწარმოების მოძიება, რომელიც სკოლაში ისწავლება – დაწყებული „შუშანიკის წამებიდან“, დამთავრებული 21-ე საუკუნის მწერლების ნაწარმოებებით, ბუნებრივია, მეტ-ნაკლებად უცნობი სიტყვების, ფრაზების განმარტებებით. და მეორე მიმართულება – ეს არის სასკოლო ლექსიკონების ციფრული რესურსის შექმნა, რომელიც „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლექსიკონთა ერთიანი ბაზიდან“ გამოვყავით და დღეს მომხმარებელი, მენდეთ, არცთუ მცირერიცხოვანი, ამ რესურსს „სასკოლო ლექსიკონთა ერთიანი ბაზის“ სახელით იცნობს. აქვე გეტყვით: დღეს ორივე რესურსი სინქრონიზებულია, ანუ შესაძლებელია „სასკოლო ლიტერატურის“ გვერდებიდან „სასკოლო ლექსიკონთა ერთიან ბაზაში“ გადასვლა.
პირდაპირ გეტყვით – დღეისათვის ჩვენი მთავარი მიზანი საკმაოდ ამბიციურია. ერთიანი განათლების პლატფორმისა და მისი ეფექტური მიწოდების ინსტრუმენტების შექმნის დიდი სურვილი გვაქვს. თუ მკითხავთ, ახლა რა ეტაპზე ვართ, გიპასუხებთ: სწორედ ახლა ვართ იმ პროცესში, რომ საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ განათლების პლატფორმა, რომელსაც ექნება ერთიანი საძიებო სისტემა „გუგლის“ მეშვეობით და რომლის საშუალებითაც მომხმარებელი არა მარტო ჩვენს რესურსებში მოიძიებს ამა თუ იმ სიტყვას, ფრაზას, სრულ ტექსტს, არამედ მთელ ინტერნეტსივრცეში ექნება წვდომა. გაკეთებული უკვე ბევრია. გასაკეთებელი – კიდევ უფრო მეტი.
რამდენად ჩაერთნენ ახალგაზრდები ამ პროექტში?
როცა ახალგაზრდების ჩართულობაზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია არ აღვნიშნო კვლევა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორმა მაგისტრანტმა – თამთა ჭიჭინაძემ და ქეთევან კვირკველიამ ჩაატარეს. მათ სამაგისტრო ნაშრომიც კი დაიცვეს ჩვენს პროექტზე, ძირფესვიანად გამოიკვლიეს და შეისწავლეს ეს პროექტი, რამაც საკმაო წარმატება მოუტანა მათაც და პროექტსაც. განსაკუთრებით ვამაყობ დაინტერესების მაღალი დონით არა მხოლოდ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს, არამედ მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და ზოგადად, ადმინისტრაციასა და მშობლებს შორისაც.
დაინტერესების მაღალი დონე გამოვლინდა სკოლებში ჩატარებულ საინფორმაციო-გაცნობით შეხვედრებში. ბუნებრივია, ჩვენ არ დაგვიყვია სკოლები საჯარო ან კერძო სკოლებად, ასევე არ დაგვიყვია დიდი ქალაქების ან სოფლის სკოლებად და მაინც, თბილისის სკოლებში, განსაკუთრებით საჯარო სკოლებში, დაინტერესება ძალზე დიდია.
არ შემიძლია არ აღვნიშნო შეხვედრები ცაგერში, ფარში, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელია. ასევე ზუგდიდში და განსაკუთრებით ოზურგეთში ჩატარებული შეხვედრები. შეხვედრების უმეტესობა, გარდა ოზურგეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებისა, დაიგეგმა და განხორციელდა სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლების ინიციატივით.
არ შემიძლია არ გავიხსენო მეთერთმეტეკლასელი ნინი ჩხიკვიშვილი, რომელიც დღეს უკვე პირველი კურსის სტუდენტია. არაფერს ვიტყვი 100%-იან დაფინანსებაზე საქართველოს ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში. გეტყვით – ნინი არის მოძრაობა „განათლება ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდობა განათლებისთვის“ დამფუძნებელი. მოძრაობამ ორი წლის განმავლობაში უამრავ მასალას მოუყარა თავი, მოსწავლეები ხატავდნენ სხვადასხვა ლიტერატურულ პერსონაჟს, იღებდნენ ვიდეორგოლებს, მხატვრულად კითხულობდნენ ლექსებსა და მცირე ზომის მოთხრობებს. და მთელი მათი შრომის შედეგები წარადგინეს... სად, თუ არა ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. სხვათა შორის, ნინის დაწერილმა ნაშრომმა მეორე ადგილი აიღო საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის მიერ ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციაში. თემა, რაღა თქმა უნდა, „სასკოლო ლიტერატურა“ იყო.
გარდა ამ ფაქტებისა, იმის უკეთ გასაგებად, თუ რამდენად არიან მოსწავლეები ამ პროექტში ჩართულები და რამდენად დიდია მათი აქტივობა, სისტემატურად ვაწარმოებთ საიტის სტატისტიკას. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სტატისტიკურმა ანალიზმა ცხადყო მოსწავლეების დაინტერესება, რომელიც განსაკუთრებით დიდი იყო ე.წ. „კატის“ გამოცდების დროს. ასევე გაირკვა, რომ როგორც კი სკოლა მთავრდება და იწყება აბიტურიენტობის პერიოდი, საიტზე ვიზიტორთა რაოდენობა საგრძნობლად იზრდება.
როგორია საიტის კონცეფცია?
საიტს ორი ძირითადი ღერძი აქვს – სრულტექსტოვანი ფაილები და სასკოლო ლექსიკონები. მათ სტრუქტურას ცალკე არ განვიხილავ. მენდეთ, დიდხანს საუბარი მოგვიწევს. თუმცა სიახლეებზე გეტყვით: დღეს საიტი ნაბიჯ-ნაბიჯ მისამართსაც იცვლის და შინაარსსაც. დაემატა თემატური კონსპექტები („საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრები“, „25 თებერვალი“, „განთიადი“), ვერც მათზე ვისაუბრებ დიდხანს მიზეზთა გამო, თუმცა დარწმუნებული ვარ, სასიამოვნო კი იქნებოდა ჩემთვისაც და რაც მთავარია, მომხმარებლისთვის.
ასევე სიახლეა ლიტერატურული ნაწარმოებების დაყოფა ქვეკოლექციებად: „ჰაგიოგრაფია“, „შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი“, „ქართველი რომანტიკოსები“ და ა.შ. ძიება როგორც ცალკე ქვეკოლექციებში, ასევე მთელ საიტზეა შესაძლებელი.
ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ რაც შეიძლება ბევრ ინფორმაციას მოვუყაროთ თავი ერთ სივრცეში. ეს არის ისეთი ბაზა, სადაც შესულ ადამიანს სხვაგან ძებნა აღარ მოუწევს და მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას მისთვის სასურველ საკითხზე, მწერალსა თუ ნაწარმოებზე.
გვიამბეთ პლატფორმის მიღწეულ წარმატებებზე.
სიამოვნებით. დარწმუნებული ვარ, ბევრმა თქვენმა მკითხველმა იცის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ. ასევე დარწმუნებული ვარ იციან, რომ პარტნიორობა მრავალმხრივ საერთაშორისო ინიციატივას წარმოადგენს და მიზნად ისახავს მთავრობის გამჭვირვალობის, მისი ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის, კორუფციასთან ბრძოლის, აგრეთვე, მმართველობის გაძლიერებისთვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას, რისთვისაც ყოველწლიურად ქვეყნები (დღეისათვის ასეთი 75-ია) სამოქმედო გეგმას ადგენენ. სამოქმედო გეგმის ძირითადი ნაწილი ნებაყოფლობით აღებული ვალდებულებებია. აი, სწორედ ერთ-ერთი ვალდებულების შესასრულებლად ძირითადი ორგანიზაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი/საკრებულოს პარტნიორი, რამდენიმე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაცაა.
თუ ნებას მიბოძებთ, ამ ვალდებულებისა და მისი განხორციელების ერთ-ერთი ეტაპის მხოლოდ სათაურებს მოგახსენებთ:
ვალდებულება – „ეფექტიანი მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მეთოდების დანერგვა“.
განხორციელების ეტაპი – პროექტის „თვითმმართველობა განათლებისთვის“ დანერგვა, თვითმმართველობის მნიშვნელობის პოპულარიზაცია და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება (ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების გამართვა).
„თვითმმართველობა განათლებისთვის“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროექტია და მისი ერთ-ერთი პარტნიორი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაა, პროექტით „სასკოლო ლიტერატურა“.
ვფიქრობ, უკვე დიდი წარმატებაა, თუმცა – არასაკმარისი.