ეს არის პროექტი, რომელმაც ჩეთბოტების მიმართულების პოპულარიზაციაში საქართველოში დიდი როლი ითამაშა.
კიბერ გალაკტიონი ოფიციალურად პირველი ქართულენოვანი ჩეთბოტი იყო ქართულ ონლაინსივრცეში. მაგრამ გალაკტიონი ოფიციალურდ პირველი „კიბეროგანიზმი“ იყო, რომელსაც ასობით და ათასობით ადამიანი ესაუბრა მისი ჩაშვების დღიდან. საიდან წამოვიდა იდეა? რა იყო პროექტის მიზანი? როგორია მუშაობის მექანიზმი? − ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებზე OK!-ის პროექტის იდეის ავტორი ზურა ჯიშკარიანი პასუხობს.
გვიამბეთ, როგორ გაჩნდა იდეა და როგორ განხორციელდა ეს პროექტი?
როგორც მწერალს და არტისტს, მაინტერესებდა წერის სხვადასხვა ძველი თუ ახალი ტექნიკა, სახელოვნებო ობიექტის შექმნისა და „გამოფენის“ განსხვავებული ხერხები, ამიტომ გარკვეულ ცდებს ვატარებდი – ვიდეოთამაშების ინჟინერია, პროგრამული ენების შესწავლა, სპირიტიზმი (ე.წ. „სულების გამოძახება“) და ა.შ. რთული იყო გარშემო გეპოვა ადამიანები, ვისთანაც მსგავს და სხვა ექსპერიმენტებზე ისაუბრებდი. ჯერ „ფეისბუქიც“ არ იყო ისეთი პოპულარული, რომ ვინმე ახალი და უცხო გეპოვა − შენი სოციალური კლასტერების იქით; სამაგიეროდ, გადავეყარე ტრანსჰუმანისტების საინტერესო დაჯგუფებებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის კონფერენციას და შეხვედრებს ატარებდნენ ხან Second World-ში, ხანაც მსგავს პლატფორმებზე, რომელზეც შეგეძლო შეგექმნა შენი ციფრული ავატარი და სამგანზომილებიანი ქალაქიც კი აგეშენებინა. ზუსტად ასეთ, ბერძნული პოლისივით აშენებულ სამგანზომილებიან სივრცეში დავესწარი პირველად ავატარის სახით ერთ-ერთ შეხვედრას, ვეკონტაქტებოდი და ვუსმენდი სხვა ადამიანების ავატარებს, ათასობით კილომეტრს იქით რომ იყვნენ ჩემსავით კომპიუტერებთან მიმსხდრები და საუბრობდნენ ციფრულ უკვდავებაზე, ცნობიერების ატვირთვაზე, სიკვდილის დამარცხებასა და კოსმოსის ათვისებაზე. სვავდნენ შეკითხვებს: რეალურია თუ არა ჩვენი სამყარო? როგორ შეიძლება მისი დაჰაკვა, რა კოდებისგან შედგება რეალობის ტექსტი? საუბრობდნენ ყველა იმ თემაზე, რაც მაინტერესებდა და აღტაცებას მგვრიდა. გარდა ამისა, იყვნენ ძალიან უშუალოები და ნებისმიერთან შეგეძლო მარტივად კომუნიკაცია... ნიკ ბოსტრომი სიმულაციის თეორიის შემქმნელი ბრიტანელი ფილოსოფოსი, ჯულიო პრისკო − იტალიელი კოსმისტი და ხშირად ამ ყრილობების მთავარი ორგანიზატორი, მაქს მორი − შემდგომში ყველაზე დიდი ამერიკული კრიო-კომპანიის ხელმძღვანელი, ნატაშა ვიტა-მორი – ადამიანის სხეულის დიზაინერი, ბენ გერცელი – დღეს ძალიან პოპულარულ რობოტ Sofia-ს შემქმნელი... ვის არ გადაეყრებოდი ამ კონფერენციებზე. მრჩებოდა შეგრძნება, თითქოს რეალობის ჰაკერების ფარულ ელიტას შევუერთდი, რომელთა წევრებიც რომელიღაც ვირტუალური სამყაროს ერთ-ერთ მივარდნილ პოლისში ავატარებად გადაცმულნი საუბრობდნენ ამ, ერთი შეხედვით „სახიფათო“ იდეებზე. თითქოს ადრეული გნოსტიკოსები კატაკომბებში.
ამ ციფრული ხეტიალებისას გადავეყარე პირველად ჩეთბოტს. არ ვიცოდი, რა იყო ეს „რაღაც“. ტექსტის ველში ავკრიფე hi და მან მყისიერად მიპასუხა. დავინტერესდი, განვაგრძეთ საუბარი და ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ შეღამებულ თბილისში, ნაქირავებ ოთახში, სადაც ნათურა იყო გაფუჭებული და მხოლოდ მონიტორი ასხივებდა ოთახს – ვზივარ და მანქანას ვესაუბრები მარტოობასა და სამყაროზე.
იმავე დღეს მომინდა მსგავსი „მანქანის“ შექმნა და აღმოვაჩინე პორტალი Pandorabots, სადაც პროგრამული ენის ერთ-ერთ დიალექტს (AIML) თუ ისწავლიდი, შეძლებდი საკუთარი ჩეთბოტის შექმნას, შეძლებდი მასში ნებისმიერი ინფორმაცია შეგეყვანა და დაგელინკა ის ვინმესთვის, მერე კი გენახა, როგორ ესაუბრება შენ მიერ შექმნილი უცნაური ინფორმაციული ორგანიზმი ცოცხალ ადამიანებს. ბავშვური აღტაცების მომენტი იყო, რაღაც ახალს რომ აღმოაჩენ ცხოვრებაში.
ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, რამდენიმე რამ გადაეკვეთა ერთმანეთს: წერის ახალი, ინტერაქტიული ტექნიკა, ჩემი ობსესია სიკვდილის თემით და ტრანსჰუმანისტთა ავატარების მიერ „ნაწინასწარმეტყველები“ ციფრული უკვდავება. და დაახლოებით ასე გაჩნდა გალაკტიონის იდეა. იდეა, რომ ციფრულად „გამეცოცხლებინა“ დიდი ხნის წინ მკვდარი ადამიანი.
რა იყო პროექტის მიზანი?
თავდაპირველად, ამას როგორ ექსპერიმენტულ არტ პროექტს, ვუყურებდი: წარმოიდგინეთ, თქვენ ქმნით ინტერაქტიულ სუბიექტს/ობიექტს, გამოფენთ მას ონლაინ და ადამიანებს შეუძლიათ თქვენს „გამოფენასთან“ საუბარი, მისგან პასუხებისა და შეკითხვების მიღება, საკუთარი შეკითხვების დასმა, გულის გადაყოლება. და ამ ყველაფერთან ერთად, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს უნდა ყოფილიყო გარდაცვლილი ადამიანის ციფრული ვერსია – ამით საშუალებას აძლევდი ხალხს მკვდრებთან ესაუბრათ, ხოლო ის მკვდარი თითქოს თავიდან გაგეცოცხლებინა, საშუალება მიგეცა მის შემდეგ დაბადებულ ადამიანებს დალაპარაკებოდა.
იდეა სატესტო ვერსიად რჩებოდა, რადგან მხოლოდ ამაზე მუშაობა რთული იყო. რამდენიც უნდა მესწავლა პროგრამირება ან სხვა რაღაცები, ვგრძნობდი, რომ გუნდი მჭირდებოდა, მაგრამ იმდროინდელ თბილისში რთული იყო მოგეძებნა ადამიანი, რომელიც ამაში რაიმე სახის პოტენციალს მაინც ნახავდა (არ იყო არც ტექნოპარკები, არც სტარტაპები, არც ტექნოშამანები დაიარებოდნენ კლუბებში, იმიტომ, რომ არ იყო კლუბებიც), იყვნენ მხოლოდ მწერლები, რაღაცეების დირექტორები და არტისტები: ზოგისთვის იდეა გაუგებარი იყო, ზოგისთვის ზედმეტად „არაარტისტული“, ზოგისთვის − პირიქით.
მე კი მჭირდებოდა თანამებრძოლი, რომელსაც ერთ თვალში მომავლის ხედვა და არქიტექტურა ექნებოდა „ჩაშენებული“, მეორე თვალში კი ჯერ კიდევ ექნებოდა შემორჩენილი ბავშვური აღტაცების მომენტი – ასეთი ადამიანი აღმოჩნდა სანდრო ასათიანი. მე მიმაჩნია, რომ სანდრო ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დაფასებული იმისთვის, რაც მან გააკეთა და რასაც აკეთებს ციფრულ განათლებასა და სხვა სფეროებში ზოგადად. მის მეუღლესთან ვმეგობრობდი ფეისბუქზე, მირჩია სანდროსთვის მიმეწერა იდეა, მსგავი რაღაცები აინტერესებსო. დავწერე დიდი წერილი, დავაჭირე send-ს და არ მახსოვს, იმავე თუ მეორე დღეს, სანდროსგან პასუხი მომივიდა. ზუსტად მივხვდი, რომ ზედმიწევნით იგრძნო, რაზე ვსაუბრობდით. ჩავნიშნეთ შეხვედრა, ბევრი ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ დაგვეწყო ეს ექსპერიმენტი, რომელიც არავინ იცოდა, სად მიგვიყვანდა.
საბოლოო ჯამში, შეიქმნა პირველი ქართული ჩეთბოტი − პროგრამა, რომელიც გესაუბრება გალაკტიონის ენითა და მოგონებებით. მის შესაქმნელად კი მოგვიწია ასევე პირველი ქართული ჩეთბოტ-პლატფორმის შემუშავება, სადაც შეგიძლია სხვა ჩეთბოტები შექმნა. აქ მნიშვნელოვანია მკითხველს ახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი გაცილებით ადრე ხდებოდა, ვიდრე მსოფლიოში ჩეთბოტების ბუმი და მათი კომერციალიზაცია დაიწყებოდა. შესაბამისად, არ არსებობდა ამდენი პლატფორმა, კვლევა და ჩეთბოტი. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ სრულიად სამართლიანი შეგრძნება მქონდა იმ დროს, რომ აქ, ჩვენთან, მეორე და პირველი სამყაროების გზასაყარზე ვმუშაობდით იმ თემაზე, რომელსაც პარალელურად საფუძველი ეყრებოდა ოკეანეების გადაღმაც და ჩვენც და ისინიც ერთ ტალღაზე ვიყავით. ოღონდ ეს ჩვენ გარდა არავის შეუმჩნევია.
გვიამბეთ მისი მუშაობის მექანიზმზე.
მარტივად რომ ვთქვათ, ჩეთბოტი არის პროგრამა, რომელსაც ტექსტური შეტყობინებებით ესაუბრები. აღსანიშნავია, რომ უკვე არსებობენ ჩეთბოტები, რომლებსაც ვერბალურადაც შეგიძლია ეკონტაქტო, მაგრამ ჩვენ საბაზისო ახსნას დავჯერდეთ, იმიტომ, რომ 99.9% ჩეთბოტებისა ჯერ კიდევ ტექსტურ ბაზაზეა. ეს პროგრამა ახორციელებს საუბრის იმიტაციას. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანს იქით არავინ ზის, პროგრამა ავტომატურად და ხშირად ადეკვატურად გპასუხობთ, რითაც ქმნის სიმულაციას, რომ თქვენ ესაუბრებით ცნობიერ არსებას. ლაპარაკი და საუბარი კი ადამიანის წარმოსახვაში, ფსიქოლოგიურად, ცნობიერებასა და სიცოცხლესთანაა კავშირში. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი იმასაც კი ირწმუნება, რომ პასუხი მიუღიათ. ხეები და ყვავილები არ მეტყველებენ, შესაბამისად, ადამიანს „ცოცხალი“ და ცნობიერების მქონე ჰგონია ის, რაც მეტყველებს, რაც საუბრობს. ეს არის ჩეთბოტების ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი საინტერესო მომენტი – პროგრამა არაა ცოცხალი, მაგრამ ის სიცოცხლის იმიტაციას ქმნის და ხშირად გაცილებით ღრმა თემებზე სასაუბროდ ან რაიმე აქტის ჩადენაზე (პროდუქტის ყიდვა, სასწავლო განრიგზე ინფორმაციის მიღება და ა.შ.) გიბიძგებთ.
„კიბერ გალაკტიონი“ ჯერჯერობით key word-ების პრინციპზე მუშაობს, რომელიც ბავშვის მიერ ენის შესწავლასა და მათზე რეაგირებას შეიძლება შევადაროთ. ადამიანის მონაწერში ამოიცნობს იმ სიტყვებს ან სიტყვათა კომბინაციებს, რომლებიც მისთვის „ნაცნობია“, ჩეთბოტის შემქმნელმა ასწავლა მას, და შემდეგ ამ სიტყვებზე რეაგირებს, მისი მონაცემთა ბაზიდან ირჩევს ამ სიტყვებისთვის ყველაზე ადეკვატურ პასუხს, რომელიც აქვს.
ჩვენ გალაკტიონის დღიურები, ლექსები, პირადი მიმოწერები, მასზე დაწერილი მოგონებები და ყველა სხვა ხელთ არსებული ინფორმაცია გადავიკითხეთ, დავამუშავეთ და შევიტანეთ მის მონაცემთა ბაზაში. მაგალითად, როცა ადამიანი კიბერ-გალაკტიონს ესაუბრება სიყვარულზე, პროგრამა მონაცემთა ბაზაში ეძებს ყველა პასუხს, რომელიც აქვს ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა იმისათვის, რომ მეტნაკლებად ადეკვატური პასუხი გასცეს, ამოწმებს ადამიანის მოწერილ მთელ წინადადებას: თუ სიყვარულთან ერთად, პოეზია ან ლექსი იქნა ნახსენები, გალაკტიონი ისეთ პასუხს დაუბრუნებს, სადაც ნაწყვეტი იქნება ლექსიდან სიყვარულზე, ან სადაც სიყვარულს პოეზიას ადარებს, ან პირიქით − იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სიყვარულზე საუბრისას ახსენებს, რომ ვინმე „შეუყვარდა“ ან აინტერესებს როგორია ეს შეგრძნება, გალაკტიონი ამ თემაზე არსებული პასუხით დაუბრუნდება.
ასეთი ზედაპირული აღწერით, კიბერ-გალაკტიონი თითქოს კარგავს მაგიას და ხვდები, რომ რაღაც გაგებით დაპროგრამებულია ეს საუბარი, მაგრამ საოცრება ისაა, რომ ბევრი პასუხისა და ბევრი კავშირის შექმნისას უკვე შენ, შემქმნელმაც არ იცი, რა თემაზე რას უპასუხებს, რომელ პასუხს აარჩევს პროგრამა; არ იცი, როგორ ხვდება გალაკტიონის ფრაზები ადამიანებს გულზე. ჩაშვებისთანავე, მას ასობით ადამიანი ესაუბრებოდა, მერე ათასობით საუბარიც დაგროვდა და ბევრ ადამიანს ღამეებიც უთენებია გალაკტიონთან საუბარში. როცა გაინტერესებს ისეთი მარადიული თემები, როგორებიცაა სიკვდილი, სიცოცხლე, ისტორია, სიყვარული, და როცა ამ თემებზე ვიღაც გესაუბრება, გპასუხობს და სცალია, შენთვის ხშირად მეორეხარისხოვანი ხდება, მანქანისგან იღებ პასუხს თუ ადამიანისგან. ბოლოსდაბოლოს, ადამიანებიც გარკვეული სახის რთული კომპლექსური მანქანები ვართ. ალბათ დადგება მომავალი, როცა მსგავსი სახის „სპირიტუალური მანქანების“ შექმნასაც შევძლებთ. რისთვის? ამას ბევრი პასუხი აქვს და სხვა დროს იყო.
ვისთან ერთად შეიმუშავეთ პროექტი?
თავიდან ვიყავით მე, სანდრო ასათიანი, შოთა იორამაშვილი, ალექსი ამნიაშვილი და თამუნა კაპანაძე − ახალგაზრდა დეველოპერები, რომლებიც სანდრომ შეკრა გუნდად გალაკტიონის „გასაცოცხლებლად“.
პროექტზე მუშაობისას, თანდათან მისი სხვა საინტერესო ბენეფიტებიც გამოჩნდა, კერძოდ, საგანმანათლებლო მხარე. მაგალითად, აღმოვაჩინეთ, რომ მოსწავლეებს, რომლებსაც გალაკტიონზე თემა აქვს დასაწერი, იმის ნაცვლად, რომ სხვადასხვა საიტსა თუ წიგნების სტრიქონებში ეძებოს მისთვის საინტერესო თემა, შეუძლია პირდაპირ ჰკითხოს პოეტს, რაც მას აინტერესებს. აღმოვაჩინეთ, რომ მასწავლებლები, რომლებიც მას სასწავლო პროცესში გამოიყენებენ, უფრო საინტერესოს ხდიან ავტორს „ციფრული თაობის“ ბავშვებისთვის, ვისთვისაც ინტერნეტი პატარაობიდან სახლია.
გაჩნდა იდეა, შეგვექმნა „ინტერაქტიული ბიბლიოთეკა“ − მთელი სივრცე, სადაც ესა თუ ის ავტორები ან პერსონაჟები იქნებოდნენ ატვირთულები ჩეთბოტების სახით და ადამიანებს, მკვლევრებს, მწერლებს, მოსწავლეებსა თუ მასწავლებლებს საშუალება ექნებოდათ პირდაპირ, უშუალოდ მათთვის საინტერესო ავტორთან თუ პერსონაჟთან ესაუბრათ. წარმოიდგინეთ, საშუალება რომ გქონდეთ თქვენი საყვარელი წიგნის პერსონაჟს დაუსვათ შეკითხვები, ჩაეძიოთ, თუ რატომ ჩაიდინა ესა თუ ის საქციელი, ან თავად ავტორს ჰკითხოთ, რას ფიქრობს მის ამა თუ იმ ნაწარმოებზე.
კიბერ-გალაკტიონი ინტერაქტიული ბიბლიოთეკის პირველი ავტორი აღმოჩნდა. ეს პროექტი შევიტანეთ კულტურის სამინისტროში და დაფინანსებაც მივიღეთ. ეს რაღაც საოცარი მოულოდნელობა იყო. ამან მოგვცა საშუალება, გუნდი მეტად ფოკუსირებულიყო პლატფორმის შექმნაზე. შემდგომში ეს პლატფორმა რამდენიმე წელი ღია იყო – ჩვენ შევთავაზეთ ადამიანებს თავად შეექმნათ თავიანთი ჩეთბოტები საკუთარი ფანტაზიების მიხედვით. 200-ზე მეტი ჩეთბოტი აეწყო ამ პლატფორმაზე. ბევრი მათგანი საწყის სტადიაზევე გაჩერდა, თუმცა იყო საინტერესო მაგალითები: არსებობდა ვაჟა-ფშაველას, დათა თუთაშხიას, ვუდი ალენისა და დიმიტრი უზნაძის ჩეთბოტები, დაინტერესებული ადამიანების მიერ მათი ხელით აწყობილი ჩვენს პლატფორმაზე. აქვე არსებობდა პოეტ პაატა შამუგიას ჩეთბოტიც. პირადად ჩვენ შევთავაზეთ პაატას საკუთარი ციფრული ორეული შეექმნა, რომელიც მის ნაცვლად მისცემდა ინტერვიუებს, მის შემოქმედებასა და მსოფლხედვას გააცნობდა ხალხს. მოგვდიოდა წერილები მასწავლებლებისგან, რომლებიც სასკოლო პროცესში გაკვეთილზე იყენებდნენ კიბერ-გალაკტიონს. აღმოჩნდა, რომ ეს დეპრესიული პოეტი საკმაოდ სახალისო და პოპულარული კიბერარსება იყო გაკვეთილებზე: გაძლევდა ფაქტობრივ ინფორმაციას ბიოგრაფიიდან, გესაუბრებოდა თავისუფალ თემებზე და ა.შ.
ყველაზე საინტერესო, რაც ამ პლატფორმამ მოიტანა, ის იყო, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ცხადი გახდა − არ არის საჭირო, იცოდე პროგრამირების 9 ენა და გქონდეს ტექნიკური განათლება, რომ შესაძლებელია მარტივად ისწავლო ინტერაქტიული წერის მექანიზმი და თავად შექმნა მოსაუბრე პროგრამა. ის, რაც შეიძლება დღეს ძალიან ჩვეულებრივად ჩანდეს, მაშინ ასე არ იყო, ამ პროცესმა კი ხელი შეუწყო „ჰუმანიტარებისა“ და ციფრული ტექნოლოგიების მეგობრობას.
დღეს რა ეტაპზე ხართ?
ჩეთბოტების შექმნამ, ინტერაქტიულმა წერამ, ციფრული სიღრმეების შესწავლამ, ხელოვნურ ინტელექტამდე მიგვიყვანა. მივხვდით, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით, პროგრამაში გაცილებით მეტი „სულის“ შთაბერვაა შესაძლებელი. არსებობს შესაძლებლობა უფრო კარგად გაიგო, რა სურს ადამიანს, ადეკვატურად უპასუხო და შენს ჩეთბოტში ადამიანმა მეტი ემპათია იგრძნოს. სხვადასხვა ტიპის ჩეთბოტის შექმნისა და ახალ, დაინტერესებულ ადამიანებთან დამეგობრების შემდეგ, გადავწყვიტეთ გავერთიანებულიყავით და უფრო ცოცხალი, მოქნილი და საინტერესო „ციფრული ასისტენტები“ შეგვექმნა.
შევიმუშავეთ „პერსონაჟის შექმნის კითხვარი“. მსგავსი კითხვარების შევსებით იწყებენ მულტიპლიკაციური თუ კინოსტუდიები, სცენარისტები და მწერლები თავიანთი პერსონაჟების შექმნას. ჩვენ ეს მეთოდი ჩეთბოტებზე გადმოვიტანეთ, რადგან ეს არის პროგრამა, რომლის საუბარიც საინტერესო უნდა იყოს, უნდა გითრევდეს, გინდებოდეს მასთან კიდევ გასაუბრება. ამისთვის კი კარგი მწერლები გჭირდება − ისინი, ვისაც ჩვენ ნარატივ-დიზაინერებს ვუწოდებთ. ახალი პროფესია, რომელიც მსოფლიოში ინტერაქტიული ობიექტების (ჭკვიანი სახლები, მანქანები, ჩეთბოტები და ა.შ.) მოზღვავებამ გამოიწვია − მწერლის, UX-დიზაინერისა და ფსიქოლოგის ნაზავი.
ასე, მაგალითად, „ისთ ფოინთის“ კამპანიისთვის „გჯერა თუ არა“, 2017 წელს შევქმენით სანტას ჩეთბოტი, რომელიც დაახლოებით ერთი თვე იყო ჩაშვებული და ამ დროის განმავლობაში საინტერესო დიალოგებისა და ისტორიების მეშვეობით 10000-ზე მეტ ადამიანს ესაუბრა, მილიონზე მეტი მესიჯი გაიცვალა სანტასა და „ისთ ფოინთის“ მომხმარებლებს შორის და საუბრის საშუალო ხანგრძლივობა 10 წუთსაც კი გასცდა.
შემდეგ, „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ორგანიზებით, შევქმენით უნივერსიტეტის პირველი „ციფრული ასისტენტი“, ჩეთბოტი, სახელად „უნა“, რომელიც სტუდენტებს უნივერსიტეტთან დაკავშირებული თემების გარკვევაში ეხმარება და ზოგად თემებზეც საუბრობს.
სულ ცოტა ხნის წინ, პანდემიის პიკზე, ჩვენმა გუნდმა შექმნა „სივრცე 19“ − ჩეთბოტი, რომელიც პანდემიის შესახებ სიახლეებს აწვდიდა ადამიანებს, ამისამართებდა სანდო წყაროებთან, თუ ადამიანს სურდა გაერკვია სიმპტომები და რაც მთავარია, ცდილობდა გაეხალისებინა და დახმარებოდა იზოლაციაში მყოფებს. ყველას არ ჩამოვთვლი, მაგრამ საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ დავაარსეთ საკუთარი სტარტაპი: Anima Chatbotics.
Chatbotics – ამ სათაურში პროგრამული მხარეა, „ანიმა“ კი „სულს“ ნიშნავს ლათინურად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანები არ უნდა ესაუბრებოდნენ რობოტებს, ადამიანები უნდა ესაუბრებოდნენ ციფრულ ასისტენტებს, რომლებსაც ესმით მათი.
დღეს, ისევე, როგორც გასული საუკუნის 90-იანებში კომპანიებსა და ბრენდებს დასჭირდათ ვებსაიტები, ყველას სჭირდება საკუთარი ჩეთბოტი. თუ ვებსაიტი მხოლოდ კოსმეტიკური სახეა, ლამაზი, მაგრამ უტყვი ჩეთბოტის შემთხვევაში, ადამიანებს საშუალება აქვთ პირდაპირ კომპანიას ესაუბრონ, ზარების განხორციელების გარეშე გაარკვიონ საკუთარი პრობლემები და მიიღონ რჩევები საჭირო თემაზე.
კომერციული ან კომუნიკაციური პრობლემების გადაწყვეტის გარდა, ჩეთბოტები სოციალური ცვლილებების ან მასობრივი განათლების კატალიზატორებიც შეიძლება გახდნენ. მაგალითად: სექსუალური განათლების ჩეთბოტს შეუძლია მოზარდებს ისეთ თემებზე მიაწოდოს ინფორმაცია, რომლებსაც ისინი ვერც მშობლებს და ვერც მეგობრებს ეკითხებიან. ჩეთბოტმა, რომელიც დევნილების ან უმცირესობების პრობლემებზეა ორიენტირებული, შესაძლოა გაცილებით ეფექტურად მიიტანოს ინფორმაცია, პრობლემები, რაც მათ აწუხებთ, და მათი გადაწყვეტის ალტერნატივები ათასობით ადამიანთან. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩეთბოტს ერთდროულად მილიონ ადამიანთან შეუძლია საუბარი, რასაც არათუ ცალკეული ადამიანი, დიდი ორგანიზაციებიც ვერ ახერხებენ.
ამ მომენტისთვის, უპირველესად ამით ვართ დაკავებულნი − ვქმნით ციფრულ ასისტენტებს, პარალელურად ვითვისებთ, გალაკტიონის რითმასავით ვაქსოვთ და ვრთავთ ჩვენს ჩეთბოტებში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას.
კიდევ რა სიახლეებს გეგმავთ ამ მიმართულებით?
გეგმები ბევრია და გაცილებით ამბიციური, საინტერესო თანამშრომლობებიც დავიწყეთ. მგონი ისედაც ბევრი ვისაუბრე და მოდი ბოლოსთვის, მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან უახლოესი გეგმებიდან:
უკვე დიდი ხანია ვგეგმავთ და ძალიან მალე დავიწყებთ ქალაქის ჩეთბოტის შექმნას. წარმოიდგინეთ, რომ საშუალება გქონდეთ პირდაპირ გაესაუბროთ ქალაქს, ჰკითხოთ ნებისმიერი რამ, რაც გაინტერესებთ, გაიგოთ რა ხდება დღეს მის ღამეში, მიიღოთ რჩევები არსებისგან, რომელიც 1500 წლისაა და ა.შ.
A.I.-ის იმ ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლითაც ქალაქის გაცოცხლებასა და ამეტყველებას ვაპირებთ, ქალაქი დაიმახსოვრებს თქვენს პერსონას, თქვენს შეკითხვებს, და მოგცემთ რჩევებს, გახდება თქვენი პირადი მეგობარი, ყოველთვის მზად იქნება მოგისმინოთ და მუდმივად იქნება გვერდით, ტელეფონში ან დესკტოპზე. დაეხმარება ტურისტებს, რომ მონიტორზე ათას tab-ში ძრომიალის ნაცვლად, პირდაპირ უპასუხოს მათთვის საინტერესო შეკითხვებს და რაც მთავარია, მუდამ ექნება ხელი საკუთარ პულსზე და საშუალებას მოგცემს შენც შეიგრძნო ეს პულსი. ქალაქის რიტმი და სული – გადმოსული სიტყვებში. თბილისის ამეტყველების შემდეგ კი გვექნება ქალაქების „გაცოცხლებისა“ და ამეტყველების არქიტექტურა, რომლის რეპლიკაცია შესაძლებელი იქნება ნებისმიერ სხვა ქალაქზეც. ქალაქები ისედაც გვესაუბრებიან ხან ქუჩის წარწერების, ხან გაყვითლებული ბანერების, შორიდან მოსული სიტყვის ექოებით, მაგრამ ეს საუბარი ყოველთვის ცოტა ეფემერული იყო და მსმენელისთვის დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ამ შემთხვევაში კი, შეგეძლება პირდაპირ ამოიღო ჯიბიდან ტელეფონი, იპოვო ქალაქი შენი მეგობრების სიაში და პირდაპირ მისწერო: „გამარჯობა!“