საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი „ბილაინი“, ადგილობრივი სტარტაპების მხარდაჭერის ფარგლებში, ქართველი სტუდენტის მიერ შექმნილი უნიკალური სოციალური პლატფორმა FEEDC-ის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის თანახმად, „ბილაინი“ სარეკლამო მხარდაჭერას გაუწევს FEEDC-ს, რომლის გამომწერთა რაოდენობა ამ დროისთვის 200 000 აქტიურ მომხმარებელს აჭარბებს თვეში.
პლატფორმის ლოგიკა მომხმარებლის ადგილმდებარეობაზეა დაფუძნებული − მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს პოსტები იმ ლოკაციის მიხედვით, სადაც იმყოფება, ან მონიშნოს სასურველი ტერიტორია და ყოველთვის იყოს მისთვის საინტერესო მოვლენების საქმის კურსში. აპლიკაციას აქვს ენების ფილტრაციის ფუნქცია და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს მხოლოდ არჩეულ ენაზე დაწერილი პოსტები, რაც მნიშვნელოვანი სარგებელი შეიძლება აღმოჩნდეს იმიგრანტებისთვის, რათა უცხო ქვეყანაში თავიანთ ენაზე მოსაუბრე ადამიანების აღმოჩენა მარტივად შეძლონ.
COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, Feedc-ის გუნდმა უკვე დანერგა სიახლე − Feedc Edu, რითაც დაეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულებებს დისტანციური სწავლების განხორციელებაში. Feedc Edu-თი სარგებლობას საგანმანათლებლო დაწესებულებები უფასოდ შეძლებენ და მისი გამოყენება ძალიან მარტივი იქნება − პლატფორმაზე მასწავლებელი შექმნის კლასს, რომელშიც დაემატებიან მოსწავლეები და მასწავლებელი პირდაპირ შეძლებს ვიდეოგაკვეთილის ჩატარებას. ვიდეოგაკვეთილის პარალელურად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ცოცხალ რეჟიმში დაწერონ კომენტარები.
„ჩვენ Feedc-ის გამოჩენისთანავე დავინტერესდით ახალი სოციალური პლატფორმით, რამდენიმე მიზეზის გამო. უპირველესად, ქართული სტარტაპების მხარდაჭერა „ბილაინის“ ციფრული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მხარდაჭერაში ვგულისხმობთ ჩვენი კომპანიის მხრიდან აქტიურ თანამონაწილეობას − როგორც წესი, სტარტაპის პოპულარიზაციისა და მოხმარების გაზრდის ხელშეწყობას. Feedc-მა იმითაც მიიქცია ჩვენი ყურადღება, რომ საკუთარი საქმისადმი თავდადებული გუნდი მართავს − ადამიანები, რომლებსაც სჯერათ იმის, რასაც აკეთებენ. პლატფორმას აქვს უნიკალური მახასიათებელი − მისი მეშვეობით გაიგებთ, რა ხდება თქვენთვის საინტერესო ტერიტორიაზე. ამდენად, აპლიკაციას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ტურიზმის მხარდაჭერის კუთხითაც“, − განაცხადა „ბილაინის“ ციფრული და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ ჯიქიამ.
სოციალური პლატფორმა Feedc-ი მსოფლიო ბაზარზე 2019 წლის 30 მარტს გამოჩნდა. იდეის ავტორი ქართველი სტუდენტი ნიკოლოზ კვარაცხელიაა, რომელმაც პროდუქტი პირველად თავისი უნივერსიტეტის სტუდენტებს წარუდგინა საფრანგეთში.
შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი „ბილაინი“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. „ბილაინი საქართველო“ ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით.
OK! Feedc-ის დამაარსებელ ნიკოლოზ კვარაცხელიას ესაუბრა, რომელმაც გვიამბო, თუ საიდან გაუჩნდა ამ ტიპის სოციალური ქსელის შექმნის იდეა და რა იყო მისი მთავარი მიზანი.
როგორ დაიბადა Feedc-ის დაარსების იდეა?
როდესაც საფრანგეთში სასწავლებლად ჩავედი, მინდოდა მარტივად გამეგო, თუ რა ხდებოდა ჩემთვის უცხო გარემოში, თუმცა ამაში სხვა სოციალური ქსელები ვერ დამეხმარა, რადგან იქ დამეგობრებულ ადამიანებს არაფერი ჰქონდათ საერთო იმ ადგილთან, სადაც იმ დროისთვის ვიმყოფებოდი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა პლატფორმა, რომელიც ადამიანებს ინფორმაციას მათსავე ადგილმდებარეობის მიხედვით მისცემდა.
ვისთვის არის „ფიდსი“? რა არის პლატფორმის ძირითადი განმასხვავებელი თვისება სხვა სოც. ქსელებისგან და რა არის თქვენი მიზანი?
პლატფორმა შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს გაიგოს, რა ხდება ამა თუ იმ ქვეყანაში, ქალაქში თუ უბანში, და მიიღოს ეს ინფორმაცია რაც შეიძლება სწრაფად. Feedc-ს არსებული სოციალური ქსელებისგან გამოარჩევს ისიც, რომ მოწონება/არ მოწონება ანონიმურია, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის თავისუფლებას დამატებითი გავლენებისგან.
სოციალური დისტანცირების პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური გახდა დისტანციური სწავლების მეთოდები. ამ მხრივ თქვენ გაქვთ სიახლე − Feedc Edu. იყენებენ თუ არა უკვე სადმე ამ მეთოდს და რა არის მისი უნიკალურობა და უპირატესობა?
საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შეგვეტანა და დავხმარებოდით სკოლებს ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინათ სასწავლო პროცესი. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა დისტანციური სწავლების პლატფორმა და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით Feedc Edu ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლისთვის.
Feedc Edu-ს შექმნის დროს, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, პლატფორმა ყოფილიყო რაც შეიძლება მარტივი და ყველა ტიპის მომხმარებელზე მორგებული.
რამდენად მნიშვნელოვანია „ბილაინის“ მხარდაჭერა თქვენი პროექტისთვის, რა ახალი შესაძლებლობა მოგცათ ამ მხარდაჭერამ და ზოგადად, რას ფიქრობთ ქართული ბიზნესის მიერ სტარტაპების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე?
„ბილაინს“ მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ტექნოლოგიურ სფეროში, რაც Feedc-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათი მხარდაჭერა ძალიან გვეხმარება კომპანიის განვითარებასა და გადაწყვეტილებების უფრო თავდაჯერებულად მიღებაში.
როგორ და საიდან შეგვიძლია პროგრამის ჩამოტვირთვა ჩვენს სმარტფონებში?
Feedc-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც ანდროიდით, ისე iOS-სისტემებზე და ამასთან, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ვებგვერდის გამოყენებაც.
აპლიკაციის გადმოსაწერი ბმული გახლავთ: Download.feedc.com
ვებგვერდის მისამართი: Feedc.com
რას ურჩევდით ადამიანებს, ვისაც აქვთ ინოვაციური იდეები და ვერ/არ იწყებენ მათ განხორციელებას?
როგორი ამბიციური და რთული იდეაც უნდა იყოს, ყველა პროექტი პატარა ნაბიჯების გადადგმით იწყება, ამიტომ სწორედ ეს არის მთავარი.