18 თვის წინ დაჩი გუბაძემ ზვიად სიჩინავამ, დავით გავაშელმა და გიორგი ლალიაშვილმა სთექზე, პირველ ქართულ ბრაუზერზე დაიწყეს მუშაობა. როცა ინტერნეტსამყაროში ისეთი ბრაუზერები დომინირებს, როგორებიცაა ამერიკული ქრომი და ფაიერფოქსი სხვა ალტერნატიულ აპლიკაციებთან ერთად, მათ წამოწყებას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა.
სტარტაპერები მართლაც გადააწყდნენ დაბრკოლებებს საკუთარი პროექტის განვითარების პირველ საფეხურზე. მათ სთექი ProductHunt-ზე განათავსეს, პლატფორმაზე, სადაც სხვადასხვა იდეების განთავსება და ხმის მიცემის გზით დღის საუკეთესო პროექტის გამოვლენა ხდება. მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდეს მეგობრებს სოციალურ ქსელში და დაპირდნენ, რომ ეს იქნებოდა პროდუქტი, რომელსაც უამრავი ადამიანი გამოიყენებდა მსოფლიოში, თანაც ქართული.
„პირველი ქართული ბრაუზერის იდეა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ საქართველოდან ერთ საათში მიღებული 1000-ზე მეტი ხმა Product Hunt-ს ბოტების შემოსევა ეგონა და დაგვბლოკა…“-წერს დაჩი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
ამის შემდეგ, მეგობრებმა მიზნის მისაღწევად აქტიური მუშაობა განაგრძეს. ნელ-ნელა გაიზარდა მათი გუნდი და ბევრ გამოწვევასთან ერთად ბევრ წარმატებას მიაღწიეს. რა თქმა უნდა, მარცხიც იყო ამ ყველაფრის თანმდევი, მაგრამ პროფესიონალმა ახალგაზრდება იცოდნენ, რომ შეცდომები საუკეთესო მასწავლებლები არიან იმ საკითხში, რაზეც ჯერ სათანადო ცოდნა არ მოგვეპოვება.
გრანტების მიღების გამო ისინი მადლობას უხდიან GITA • Tech Park-ს და Avtandil Kasradze-ს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. შემდეგ იყო ინსტიტუციური ინვესტიციის მიღება, ავსტრიაში აქსელერაციის გავლა, ათიოდე ევროპულ და ამერიკულ ტექ-კონფერენციაზე დასწრება და სთექის შესახებ უფრო მეტი ადამიანის გათვიცნობიერება.
დღეს სთექი უკვე ერთ-ერთი წარმატებული აპლიკაციაა მსოფლიო ბაზარზე, რომელსაც 30 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს ამერიკაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში და ევროკავშირის ქვეყნებში. უკვე ძალიან, ძალიან მალე (მაისის პირველ ნახევარში) სპეციალურად ქართველი მომხმარებლებისთვის გამოვა სთექის Windows ვერსია ინგლისურ და ქართულ ენაზე.
სთექი არ არის კლასიკური ბრაუზერი. სთექი არის ე.წ. პროდუქტიულობის ზრდის აპლიკაცია ბრაუზერის ფუნქციონალით, რომელიც გაძლევთ საშუალებას ერთი ადგილიდან მართოთ ყველა თქვენი სოციალური მედია (Facebook, Instagram, Linkedin, etc.), საკომუნიკაციო აპლიკაციები (Messenger, Whatsapp, Telegram, etc), იმეილები, ან ეწვიოთ ნებისმიერ საიტს. შესაბამისად, ის ოპერაციულ სისტემას უფრო მეტად ჰგავს ვიდრე კლასიკურ ბრაუზერს.
„ჩვენი მიზანია, რომ ინტერნეტთან მუშაობა გავხადოთ სუპერ ინტუიტიური, სწრაფი და რაც შეიძლება სასიამოვნო. ეს კი უამრავი ყოველდღიური აპლიკაციის ერთ სივრცეში ეფექტიანად ორგანიზების გარეშე შეუძლებელია. აი, სწორედ ამაში არის სთექი დღეს ბაზარზე არსებულ აპლიკაციებში საუკეთესო.“-დაჩი გუბაძე.
რამდენჯერ გდომებიათ ერთდროულად დაგენახათ ყველა ის გვერდი რომელიც ქრომში გაქვთ გახსნილი? სწორედ ამ ოცნებას აგისრულებთ ახალი ინოვაციური ბრაუზერი და თქვენი მუშაობის და სწავლის პროცესს გაცილებით ეფექტურს და პროდუქტიულს გახდის.
თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ვიდეო
აქ შეუზღუდავი რაოდენობის ლინკის გახსნა შეგიძლიათ!
დღეს მათ ისევ სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. რაც უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს სთექს და მეგობრებს კრიტიკულ უკუკავშირს გაუზიარებს, მით უფრო მეტად შეძლებენ ისინი პროდუქტის სრულყოფას.
ამისათვის ეწვიეთ ლინკს (https://getstack.app/) და დაელოდეთ ვინდოუს ვერსიას.
ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში, ყველას შეგეძლებათ გადმოწეროთ სთექი, დააყენოთ და თავიდან შეიყვაროთ თქვენი კომპიუტერი!