ჩვენი ყოველდღიურობა რომ მიტანის სერვისის გარეშე უკვე წარმოუდგენელიცაა, ამაში ალბათ ყველა თქვენგანი დამეთანხმება. ეს ყველაფერი უფრო გამარტივდა მას შემდეგ, რაც ქართულ ბაზარზე ესპანეთში დაფუძნებული კომპანია Glovo გამოჩნდა. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა, რომელიც ამ სერვისს ინტენსიურად იყენებს. Glovo-ს მეშვეობით მომხმარებელს დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია ისარგებლოს როგორც საკვების, ასევე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთის შეკვეთის მომსახურებით. შეკვეთის გაფორმებისთანავე, რა თქმა უნდა, იღებთ სრულ ინფორმაციას შეძენილი პროდუქტისა და იმ კურიერის ადგილმდებარეობის შესახებ, რომელმაც მიტანის სერვისი უნდა უზრუნველყოს.
Glovo ქართულ ბაზარზე 2018 წლის ოქტომბერში გამოჩნდა და ამჟამად მომხმარებლებს მისი აპლიკაციით სარგებლობა 4 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შეუძლიათ − როგორც ნაღდი ანგარიშწორებით, ისე ბარათით. კომპანიის მიზანი რა თქმა უნდა ბევრი ქვეყნის ათვისებაა, მაგრამ ქართულ ბაზარზე შემოსვლის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ისიც აღმოჩნდა, რომ საქართველო ბიზნესის განვითარების დონით მოწინავე ადგილზეა. OK! ქართული ბაზრის თავისებურებებზე, კომპანიის სამომავლო გეგმებსა და გლობალურ მიზნებზე Glovo-ს დამფუძნებელს, საშა მიქაუდს ესაუბრა.
როდის დაიბადა Glovo-ს დაარსების იდეა?
ყოველთვის ფოკუსირებული ვიყავი სიახლეების შექმნაზე და სწორედ ასე შეიქმნა 2015 წელს Glovo. მქონდა იდეა და ბევრი ვიმუშავეთ მე და ჩემმა თანადამფუძნებელმა, ოსკარ პიერმა მის განხორციელებაზე. მე მომწონს ტრადიციულ ინდუსტრიებში რევოლუციის მოხდენა. სწორედ ეს იყო Glovo-ს დაარსების იდეა, რომელიც საშუალებას იძლევა პროდუქტი მომხმარებლებამდე სწრაფად და ხარისხიანად მივიტანოთ.
რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ოპერირება?
ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი რა თქმა უნდა ის არის, რომ მომწონს ქვეყანა, მაგრამ გადამწყვეტი როლი მაინც ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და სიახლეების მიმღებლობამ ითამაშა. Glovo-ს ყოველთვის, როგორც გლობალურ ბრენდს, ვუყურებდი და მისი დაარსებიდან დღემდე კომპანიის მიზანს Glovo-ს ზრდა და განვითარება წარმოადგენდა მეტ ბაზარზე. დავინახეთ მოთხოვნა და ჩვენც შემოვედით. ჩვენი მიზანია ყველას შევუქმნათ ის ტექნოლოგიური კომფორტი, რომელიც თითოეულ ადამიანს ქალაქზე დისტანციურად წვდომის საშუალებას მისცემს.
რომელ პროდუქტებს უკვეთავენ Glovo-ს საშუალებით მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით?
ჩვენი კომპანიის მთავარი უპირატესობა სისწრაფეა. არაუმეტეს 35 წუთისა, ჩვენ მიგვაქვს ყველგან ყველაფერი. Glovo ორიენტირებულია თითოეულ პროდუქტზე − იქნება ეს ყვავილების თაიგული, სუში, მობილურის დასამუხტი თუ საკვები. ეს არის მთავარი უპირატესობა და განსხვავება, რაც კონკურენტუნარიანს გვხდის ბაზარზე. ყველაზე ხშირი მოთხოვნა Glovo-ს აპლიკაციაში საკვებზე შემოდის. ადამიანები ზოგჯერ დღეში სამჯერაც კი სწორედ ამ მიზნით იყენებენ აპლიკაციას.
მიღებული გამოცდილებებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით სტარტაპებს?
ვფიქრობ, მთავარია არ შეეშინდეთ გარისკვის, სიახლეებისა და მოქმედების. აუცილებლად უნდა გქონდეთ თქვენი თავის რწმენა და გარშემო უნდა გყავდეთ სწორად არჩეული ადამიანები − ვისაც ისევე სჯერა ამ იდეის განხორციელების, როგორც თქვენ. საჭიროა კვალიფიციური გუნდი, რომლებიც თავდაუზოგავად იშრომებენ ამ იდეის განვითარებაზე და ბიზნესად გადაქცევაზე. ეს არის ჩემი წარმატების ფორმულა, რომელმაც დღეს აქამდე მოგვიყვანა.