ხშირად გვსმენია სამუშაოს მაძიებლებისგან: „ვაგზავნი cv-ს და გამოხმაურება არ მაქვს“; „არც კი მეძახიან გასაუბრებაზე, შანსსაც არ მაძლევენ“; „ყველა ეტაპი გავიარე და ბოლოს მაინც უარი მითხრეს“ და სხვ. რა ხდება სინამდვილეში და რატომ არ „გვიმართლებს“. ჩვენ ვეძებთ დამსაქმებელს, რომელიც იზრუნებს თანამშრომელზე, ხელს შეგვიწყობს განვითარებაში, დაგვახვედრებს კარგ გარემოს და კეთილგანწყობილ თანამშრომელთა გუნდს. ვეძებთ იდეალურ კომპანიას. თავად კი ვართ ასეთი იდეალურები? რას გვეუბნება ჩვენი პროფილები სოციალურ ქსელებში?
რას ეძებს დამსაქმებელი? ყურადღებით თუ გავეცნობით გამოქვეყნებულ განცხადებას, შევამჩნევთ, რომ ვაკანსიაზე ზედმიწევნით ჩამოყალიბებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების გარდა, დამსაქმებელს ასევე უწერია პიროვნული თვისებები, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანია. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ყველამ ვიცით, რომ კომპანიებს აქვთ შიდა კორპორაციული ღირებულებები, რომელსაც ისინი ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. როგორ ხვდება დამსაქმებელი, შეესაბამება თუ არა კანდიდატი კონკრეტულად მის ღირებულებებს? რას და სად ეძებენ რეკრუიტერები? როგორ ხვდებიან, ჩვენი გამოცდილების მიუხედავად, შევეფერებით თუ არა მათ კორპორაციულ კულტურას? ვიქნებით თუ არა გუნდის წევრი, რომელიც ზემოთ ხსენებულ „სამუშაო გარემოს“ შეავსებს და გაამდიდრებს?
ზოგს ჰგონია, რომ რეკრუიტერი არის ადამიანი, რომლისთვისაც ძალიან მარტივია – უნდა აგიყვანს სამსახურში, უნდა არც აგიყვანს. ისინი თავად იღებენ გადაწყვეტილებას და არავინ ამაზე პასუხს არ სთხოვს. ან კიდევ, განსაკუთრებული ფსიქოლოგიური უნარ-ჩვევების მატარებელი ადამიანი ჰგონიათ, რომელიც შეხედავს კანდიდატს და უკვე ზუსტად იცის მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები; იცის რა მისწრაფებები აქვს, რა უყვარს, რა არ უყვარს და მოკლედ, ყველა მისი ღირსება და ნაკლი თვალწინ უდგას. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის – რეკრუიტერის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, შეისწავლოს კანდიდატი მისი გამოცდილების, რეკომენდაციებისა და აუცილებლად, სოციალური ქსელების მიხედვით.
რას ნიშნავს სოციალური ქსელების მიხედვით კანდიდატის შერჩევა და რას აქცევს ყურადღებას რეკრუიტერი, როცა თქვენ შესახებ ინფორმაცია აინტერესებს? პირველი, რასაც ის გააკეთებს, „დაგგუგლავთ“ და გაიგებს, რა სახის ინფორმაცია არსებობს თქვენზე, რომელ სოციალურ ქსელებს მოიხმართ, რა ტიპის აქტივობებში ხართ ჩართული, სად და რა ინფორმაცია გავრცელდა თქვენზე. ამ მხრივ, დღეს გამოვყოთ სამი სოციალური სივრცე – ლინკდინი (Linkdin), ფეისბუქი (Facebook) და ინსტაგრამი (Instagram).
რჩევა #1 თუ სამუშაოს მაძიებელი ხართ და ჯერ არ გაქვთ საკუთარი პროფილი ლინკდინზე, აუცილებლად შექმენით იგი. ლინკდინი არის სოციალური სივრცე, რომელიც იძლევა თქვენი, როგორც გარკვეული სფეროს პროფესიის წარმომადგენლის, შესახებ ინფორმაციას. ლინკდინის თქვენი პროფილი ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელია. გარდა იმისა, რომ აქ რეკრუიტერი ხედავს რა გამოცდილება და განათლება გაქვთ, ასევე ხედავს, ვის და რამდენ ადამიანს მიაჩნია, რომ თქვენ ნამდვილად გაქვთ ესა თუ ის კონკრეტული პროფესიული უნარი.
რჩევა #2 განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თქვენს კომენტარებს, მეტადრე ლინკდინზე, სადაც თითოეული მათგანი პირდაპირ თქვენს პროფილზე, ძალიან მკვეთრად და პირდაპირ თვალშისაცემად არის გამოტანილი. ასე რომ, თუ თქვენ გამოირჩევით სხვათა პოსტებისა და აზრების ზედმეტი და უხეში კრიტიკით, ცუდად მოიხსენიებთ ყოფილ სამსახურს, კოლეგებს, გაქვთ ჰომოფობიური და უწმაწური განცხადებები, პირდაპირ გეტყვით – რეკრუიტერს უკვე აღარ აინტერესებს, „ვის და რამდენ ადამიანს მიაჩნია, რომ ნამდვილად გაქვთ ესა თუ ის კონკრეტული უნარი“.
რჩევა#3 თქვენი ფოტოები. გეთანხმებით – სივრცე თქვენია და რასაც გინდათ იმას დაწერთ და როგორსაც გინდათ, ისეთ ფოტოს განათავსებთ. თუმცა, თუ დასაქმება გსურთ, გადახედეთ თქვენს ფოტოებს. ლინკდინზე შეეცადეთ მკაცრად აკადემიური, მაგ. სამუშაო გარემოში გადაღებული ფოტო განათავსოთ. იქ სულ ერთი ცალი ფოტოა საჭირო და ეს არც ისე რთული იქნება. რაც შეეხება ფეისბუქსა და ინსტაგრამს, აქ ერთი მხრივ ცოტა უფრო რთულად არის საქმე, მაგრამ მეორე მხრივ, შესაძლებლობა გაქვთ ჩაკეტოთ ინფორმაცია და არ გახადოთ ხელმისაწვდომი გარედან შემოსული პირებისთვის. კონკრეტულად სად არის პრობლემა, რა არ მოწონთ რეკრუიტერებს? როგორ მივხვდეთ, რომ ეს ის ფოტო არ არის? წარმოიდგინეთ პროფილი, სადაც კანდიდატი თავს იწონებს, რომ გატაცებულია აზარტული თამაშებით, უყვარს ალკოჰოლი და პრაქტიკულად ყოველი მეორე ფოტო არყის ჭიქით ხელში აქვს წარმოდგენილი; გაგიკვირდებათ, და დიდი რაოდენობით მხოლოდ თქვენზე მიმართული ე.წ. „სელფიც“ განსაკუთრებულ თვითორიენტაციაზე მიუთითებს და რეკრუიტერი კიდევ ერთხელ დაფიქრდება, ხართ თუ არა სწორი კანდიდატი. სხვა კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.
რჩევა #4 თქვენი პოსტები პირდაპირ ყვებიან თქვენზე. რა ინტერესები გაქვთ, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, როგორ გარემოს ეგუებით, როგორი ადამიანი ხართ, რა თვისებებით გამოირჩევით და სხვ. ასე რომ, დაპოსტვამდე მიაქციეთ ყურადღება, ვინ და რას ხედავს თქვენ მიერ გაზიარებულ ინფორმაციაში. არცერთ დამსაქმებელს არ აქვს სურვილი აიყვანოს სამსახურში კანდიდატი, რომელსაც მაგ. ჰომოფობიური და ძალადობის აღმბეჭდავი პოსტები აქვს გაზიარებული, სადაც მოძალადეს ამართლებს.
დაბოლოს
რჩევა #5 განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სხვებთან, უცხოებთან დამოკიდებულებას, რადგან ადამიანს ყველაზე კარგად ამოიცნობთ მაშინ, როცა იგი უცხო ადამიანთან ურთიერთობს. გაგიმხელთ საიდუმლოს, და რეკრუიტერებს აქვთ ე.წ. „შავი სია“, სადაც ხვდება ყველა ის ადამიანი სოციალური ქსელებიდან, რომელიც შეურაცხყოფს, უხეშად მიმართავს ან არაეთიკური კომენტარებით გამოირჩევა სოციალურ ქსელებში.
ნინო ნიაური