საწარმო „მარშე“ 2012 წლიდან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. საწარმოში ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულებაა წარმოდგენილი, ესენია: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები და პურ-ფუნთუშეული. კომპანიის მისიაა შექმნას სანიმუშოდ ჯანსაღი და გემრიელი პროდუქტები, რითაც ხელს შეუწყობს ადამიანების ბედნიერ და აქტიურ ცხოვრებას.
ვინაიდან ხარისხი თითოეული ადამიანისთვის ყველაზე პრიორიტეტულია, საწარმოში წარმოებისთვის ყველა საჭირო დანადგარი ევროპის წამყვანი კომპანიებიდანაა ჩამოტანილი. საწარმოს დანადგარების მაღალტექნოლოგიურ ფუნქციებს და წარმოების თანამედროვე მსოფლიო სტანდარტის შესაბამისობას ხარისხის სერტიფიკატებიც ადასტურებს (FSSC 22 000 და Halal). საწარმოსთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება ხარისხი ნომერი პირველი პრიორიტეტი, ამიტომ ნებისმიერი ნედლეული თუ მზა პროდუქტი სტანდარტის შესაბამის ლაბორატორიულ შემოწმებას გადის. OK! „მარშეს“ მარკეტინგის მენეჯერს, დავით ნიბლაძეს ესაუბრა, რომელიც უფრო დეტალურად გვიამბობს პროდუქტის მომზადების პროცესებსა და ხარისხზე.
როგორ ხდება პროდუქციის დამზადება და მომხმარებლამდე მიტანა?
ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ საუკეთესო ხარისხითა და გემოვნებით გამორჩეული პროდუქტები სამომხმარებლო ბაზრისთვის და ვიყოთ წამყვანი პარტნიორი ქართულ ჰორეკა ბიზნესში განსაკუთრებული პროდუქტების მიწოდებითა და ბიზნესგადაწყვეტილებების შეთავაზებით, სადაც წინა პლანზე ყოველთვის ინოვაციური და პროფესიული მიდგომები იქნება. ჩვენ ვაცნობიერებთ დროისა და ინდივიდუალური საჭიროებების მნიშვნელობას ამ ბიზნესში და ყველა პარტნიორთან მაქსიმალური მოქნილობით გამოვირჩევით.
იმისათვის, რომ ვაწარმოოთ სტანდარტის შესაბამისი ხარისხის პროდუქცია, რომელიც გემრიელთან ერთად უსაფრთხო და ჯანსაღი იქნება, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებას. გემოსა და ასორტიმენტის შემუშავების დროს კი ამოსავალი წერტილი სწორედ ჩვენი მომხმარებელია. ჩვენ მუდმივად ვისმენთ შეფასებებს საკუთარი მომხმარებლებისგან, ვაკვირდებით ბაზარს და ვცდილობთ შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიცია როგორც საგემოვნო თვისებების, ასევე ხარისხის კუთხით. სამომხმარებლო ბაზართან ერთად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰორეკა-სექტორი. ნდობა, რომელიც არაერთმა საერთაშორისოდ აღიარებულმა სასტუმრომ თუ კვების ობიექტმა გამოგვიცხადა, რა თქმა უნდა, შესაბამისი ხარისხითა და სტანდარტით უნდა იყოს გამყარებული. ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა KFC, Wendy’s, Dunkin Donuts, Domino’s Pizza და ა.შ. ჩვენი თითოეული პარტნიორის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს და ვცდილობთ ისეთი პროდუქტი შევთავაზოთ, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს მათ სტანდარტს, მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
როგორ ხდება პროდუქტის ხარისხის დადგენა?
ჩვენი ხარისხის კონტროლის სამსახური, რომელიც ამ დარგის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, წარმოების მთლიან პროცესს უწყვეტად აკონტროლებს. მიუხედავად იმისა, რომ ნედლეულს სანდო და აღიარებული პარტნიორი კომპანიებისგან ვიძენთ, ჩვენ ზედმიწევნით ვამოწმებთ და ვაკონტროლებთ მიღებული ნედლეულის ხარისხსა და უსაფრთხოებას წარმოების პროცესში ჩაშვებამდე. კონტროლდება ნედლეულის შენახვის პირობები, უშუალოდ წარმოების პროცესი, მზა პროდუქტი რეალიზაციამდე, ტრანსპორტირება და თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად სავაჭრო ობიექტებშიც ვამოწმებთ, რა პირობებში ინახება ჩვენი პროდუქცია.
გარდა ამისა, ჩვენი საწარმო ყოველწლიურად გადის შემოწმებებს როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი აუდიტორული კომპანიების მიერ, რომლებიც ზედმიწევნით შეისწავლიან წარმოების პროცესის ყველა ეტაპს. სწორედ ამას ადასტურებს ხარისხის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც „მარშემ“ მოიპოვა. მინდა გითხრათ, რომ სწორედ ჩვენ ვიყავით პირველი ქართული კომპანია, რომელმაც Halal-სერტიფიკატი მოიპოვა და საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე აზერბაიჯანსა და ყაზახეთში გაიტანა.
გვესაუბრეთ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, რომელთა დანერგვაშიც „მარშე“ ერთ-ერთი მოწინავე საწარმოა.
„მარშე“ მუდმივად მიჰყვება ტენდენციებს და ტექნოლოგიურ სიახლეებს. ჩვენს საწარმოში დანერგილია ყველა ის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც კვების პროდუქტების წარმოებაში მიიღწევა. ჩვენი თანამშრომლებიც საკმაოდ ხშირად გადიან სწავლებებს სხვადასხვა ქვეყანაში და „მარშეშიც“ ხშირად ვმასპინძლობთ უცხოელ ექსპერტებს, ვიზიარებთ მათ გამოცდილებას, ვნერგავთ საერთაშორისო მიღწევებს და ამ გზით ვცდილობთ, შევინარჩუნოთ მოწინავე პოზიცია. მაგალითად, თუ დააკვირდებით, ჩვენი ნახევარფაბრიკატების ყველა ეტიკეტზეა მითითებული ტერმინი „სწრაფად გაყინული“. ეს არის გაყინვის მეთოდი, რომელიც ნაკლებ მექანიკურ ზიანს აყენებს სურსათის სტრუქტურას და გალღობის შემდეგ პროდუქტი მაქსიმალურად ინარჩუნებს თავდაპირველთან მიახლოებულ მდგომარეობას, მათ შორის გემოს, არომატს, კონსისტენციასა და სასარგებლო თვისებებს.
გვესაუბრეთ გუნდზე, რომელიც „მარშეს“ საწარმოს წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურ ერაში ვცხოვრობთ, ჩვენს საქმიანობაში ძალიან დიდი როლი აკისრია ადამიანურ ფაქტორს. თამამად და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ თევზეულის, ძეხვეულის, პურ-ფუნთუშეულისა თუ ნახევარფაბრიკატების საამქროებში თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ.
ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ ბედნიერი ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდს შეუძლია შექმნას პროდუქტი, რომელსაც სხვისთვის ბედნიერების მინიჭება შეუძლია. სწორედ ამიტომ, ჩვენი თითოეული თანამშრომელი ჩვენთვის ყველაზე ძვირფას კაპიტალს წარმოადგენს. თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი მუდმივი განვითარება ჩვენი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.
როგორ ფიქრობთ, რამ შეასრულა ყველაზე დიდი როლი კომპანიის განვითარებაში?
არასოდეს ვწყვეტთ განვითარებას და გვჯერა, რომ ჩვენი გუნდის, პროცესებისა და წარმოების გაუმჯობესებით, კლიენტებთან ერთად მუდმივად დავიპყრობთ ახალ სიმაღლეებს.
ჩვენი ბიზნესის განვითარება და ფინანსური მდგრადობა სწორედ მომხმარებლის ლოიალურობასა და ნდობაზეა დამოკიდებული, ამიტომ „მარშეს“ მიერ წარმოებული პროდუქციის უსაფრთხოების, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ხარისხისა და გამორჩეული გემოს შექმნა და შენარჩუნება ჩვენი მთავარი ამოცანაა.