თანამედროვე საზოგადოების სოციალური მოთხოვნები სულ უფრო იცვლება და ვითარდება. დღევანდელ რეალობაში არსებული საშუალებები ახალი მეგობრებისა და პარტნიორის შეძენის ყველანაირ შესაძლებლობას იძლევა. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ონლაინ გაცნობის აპლიკაცია Tinder-ია, რომელსაც დღესდღეობით მსგავსი ტიპის აპლიკაციებს შორის ყველაზე ხშირად იყენებენ. მისი მომხმარებლები თავგადასავლების მაძიებლები და დიდ, წმინდა სიყვარულზე მეოცნებენიც არიან.
მისი გამოყენების წესი ძალიან მარტივია – მომხმარებელმა უნდა შექმნას პროფილი, სადაც საკუთარ მონაცემებს მიუთითებს. ამის შემდეგ კი, აპლიკაციის პროგრამა მომხმარებელს მისი მსგავსი ინტერესებისა და ლოკაციის ადამიანს სთავაზობს, ანუ საშუალებას აძლევს, მხოლოდ იმ ადამიანებს შორის აირჩიონ „კანდიდატები“, რომლებიც ტერიტორიულად მასთან ახლოს იმყოფებიან. მას შემდეგ, რაც ორივე მომხმარებელი ერთმანეთს „მოიწონებს“, მათ შეუძლიათ ერთმანეთს მიწერონ და საკუთარი სურვილის შესაბამისად შეხვდნენ.
რასაკვირველია, Tinder-ი არ არის ის ერთადერთი აპლიკაცია, სადაც გაცნობა-დაოჯახების მიზნით რეგისტრირდებიან მომხმარებლები. მსგავსი ტიპის განცხადებებს ძალიან ბევრს შეხვდებით სხვადასხვა ვებგვერდზე. თუმცა მსგავსი აპლიკაციები არა მარტო ქორწინებისა და ოჯახის შექმნის, არამედ ხშირად ოჯახის დანგრევის მიზეზიც კი გამხდარა.
არც ისე დიდი ხნის წინ Facebook-იც აანონსებდა მსგავსი ტიპის ფუნქციის დამატებას, რის შემდეგაც 19%-ით დაეცა Tinder-ის აქციების ფასი, ეს კი იმას ნიშნავს, ამ ფუნქციის სრულყოფის შემთხვევაში, Facebook-ი ამ კუთხითაც ლიდერი გახდება.