როგორ დაიწყეთ ისეთ წამყვან კომპანიაში მუშაობა, როგორიც Google-ია?
სმარტფონები ჩვენი თანამედროვე ცხოვრების დიდი ნაწილია. მათ ყოველდღიურად ვიყენებთ თითქმის ყველაფერში – იქნება ეს კომუნიკაციისთვის, საბანკო გადარიცხვებისთვის თუ სოციალური ქსელების შესამოწმებლად. შესაბამისად, მათი სისწრაფე, კომფორტულობა და ინფორმაციული უსაფრთხოება ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შევერთდებოდი Android-ს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მობაილ ოპერატიული სისტემაა. ამჟამად ვმუშაობ „გუგლის“ ცენტრალურ ოფისში, როგორც Android-ის ოპერატიული სისტემის software-ინჟინერი.
როგორი იყო თქვენი პირველი სამუშაო დღე?
ზუსტად ის დამხვდა, რისთვისაც Google-ში მოვედი: გამორჩეულად ნიჭიერი თანამშრომლები, უდიდესი გამოცდილების მქონე კომპანია და ახალი, დიდი გამოწვევები.
პირველივე დღიდან სწორედ ამ გამოწვევებს მივყვები და დღითი დღე ყველაფერი უფრო და უფრო საინტერესო ხდება.
რა არის ის, რამაც გაგაოცათ და უცხო იყო თქვენთვის კომპანიაში?
თავდაპირველად, Facebook-ში ვმუშაობდი და ზოგადი წარმოდგენა უკვე მქონდა, თუ როგორია სილიკონის ველზე დიდ კომპანიებში მუშაობის სტილი. მიუხედავად ამისა, შთამბეჭდავია, როდესაც Google-ის მრავალწლიან შრომაზე და ცოდნის წყაროებზე პირდაპირი წვდომა გაქვს.
ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, ალბათ Android-ის მასშტაბები იყო. საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოა, როდესაც შენი ნამუშევარი სამყაროს ირგვლივ 2.5 მილიარდ მოწყობილობაშია.
Facebook-ი თუ Google-ი?
ვფიქრობ, ამ ორს შორის ცუდი არჩევანი შეუძლებელია. ორივე კომპანია მუშაობს სხვადასხვა მასშტაბურ პრობლემაზე თანამედროვე მსოფლიოს მარკეტზე. Google-ი შედარებით დიდი და გამოცდილი კომპანიაა, ვიდრე Facebook-ი. ზომიდან გამომდინარე, Facebook-ი შედარებით სწრაფად იზრდება და ცვლილებებიც ხშირია.
მიუხედავად ყველაფრისა, მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინც გუნდი და პროექტია, რომელზეც მუშაობა გიწევს. პირადი ინტერესებიდან და გეგმებიან გამომდინარე, გადავწყვიტე Google ანდროიდი.
როგორია ერთი მთლიანი სამუშაო დღე კომპანიაში?
გეძლევა თავისუფლება, შეიქმნა საკუთარი სამუშაო გარემო. სამუშაო საათები იწყება და მთავრდება მაშინ, როდესაც თავად გადაწყვეტ. ხშირ შემთხვევაში, არის იმის საშუალება, რომ დისტანციურად მუშაობდე და არ იმყოფებოდე საკუთარ დესკთან.
მიუხედავად ამისა, სამუშაო ძალიან შრომატევადია და მოითხოვს პროგრამისტების მუდმივ კონცენტრაციას და სრულ პროდუქტიულობას, რომელიც ამ პირობების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
კორპორაციული წვეულება თუ გქონიათ?
მგონია, რომ სიმართლე გავრცელებული მოლოდინისგან დიდად განსხვავდება. Google-ელები არღვევენ ყველანაირ სტერეოტიპს, რაც საზოგადოების უმეტესობას აქვს პროგრამისტებზე. შემთხვევით აღებულ თანამშრომლების ჯგუფში შეიძლება აღმოაჩინოთ პროფესიონალი ავტომრბოლელი, მხატვარი, მთამსვლელი, კომპოზიტორი, კულინარი თუ ქიმიის ლაბორანტი და რა თქმა უნდა, ყველა მათგანმა უმაღლეს დონეზე იცის დაპროგრამება. შევხვედრივარ თანამშრომლებს, რომელთაც უნივერსიტეტში პროგრამირება არ უსწავლიათ, შევხვედრივარ ისეთებსაც, რომლებსაც უნივერსიტეტში საერთოდ არ უსწავლიათ.
საბოლოოდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ Google-ელების უმეტესობა არის იმ ერთეულ ადამიანთა ნაკრები, რომლებიც მიზანდასახულად ახორციელებენ პირად გეგმებს, რომ იყვნენ საუკეთესოები იქ, სადაც სურთ. მათი ცხოვრებისეული შეხედულებიდან და სწავლის ეფექტური უნარიდან გამომდინარე, ისინი მუშაობენ აქ და ავითარებენ კომპანიას, რომელიც ყველასთვის ასეთი ცნობილია.
რას ურჩევდით მომავალ თაობას, რომელიც ახლა იწყებს კარიერას?
ჯიუტად და თამამად მიყვნენ საკუთარ მიზნებს. ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლებაა, რომელიც მუდმივად გიბიძგებს დანებდე, გიქმნის ილუზიას, რომ დაიღალე და გამოსავალი აღარ გაქვს, მაგრამ ბუნებრივია, თავიდან ყველაფერი რთული და მიუღწეველი ჩანს, შედეგის მიღწევისას კი ზუსტად მიხვდები, რა იყო წარმატებისთვის საჭირო. არასოდეს გაჩერდეთ.