მოგვიყევით, როგორ დაიწყეთ Google-ში მუშაობა?
უნივერსიტეტში სწავლის დროს უკვე მინდოდა Google-ში მუშაობა. 3 წლის განმავლობაში ვცდილობდი სტაჟირების მოპოვებას. მე-4 ჯერზე ინტერვიუების ეტაპი გადავლახე და პროექტიც მომიძებნეს, რომელზეც 2017 წლის ზაფხულში ვიმუშავე. სტაჟირებაზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვე და სრულგანაკვეთიანი სამსახური შემომთავაზეს, რომელიც სწავლის დასრულების შემდეგ დავიწყე. ახლა Google-ის ლონდონის ოფისში ვმუშაობ აპლიკაცია Google Go-ზე.
გაიხსენეთ თქვენი პირველი სამუშაო დღე.
პირველი სამუშაო დღე კარგად მახსოვს: დამწყებ თანამშრომლებს მისაღებში დაგვხვდნენ და გაგვაცნეს სამუშაო პირობები. შემდეგ იყო დოკუმენტების შევსება და გაცნობითი ლექციები. მალევე ჩემი გუნდი ვნახე, გავიცანი თანამშრომლები. ისინი ძალიან თბილი და მეგობრული ადამიანები აღმოჩნდნენ. ახლაც იმავე გუნდში ვმუშაობ. მახსოვს, ძალიან აღელვებული ვიყავი, რადგან ჩემს ცხოვრებაში ახალი, ძალიან საინტერესო ეტაპი იწყებოდა.
რამ გაგაოცათ კომპანიაში?
პროგრამისტად მანამდე არ მიმუშავია და ბევრი რამ იყო ახალი. ახლა საკმაოდ დიდი გუნდის წევრი ვარ და ჩემთვის საინტერესო იყო, თუ როგორ ხდება მენეჯმენტი და საქმის გადანაწილება. ასევე გავიგე, რომ პროგრამისტებთან ახლოს მუშაობენ პროდუქტის მენეჯერები და გრაფიკული დიზაინერები. ვისწავლე, როგორ ხდება დიდ კომპანიაში მუშაობა და რა უნდა გააკეთოს პროგრამისტმა, რომ მისი შრომა ნაყოფიერი იყოს.
თანამშრომლებს და მენეჯერებს ერთმანეთთან ძალიან პროფესიული და პატივისცემით აღსავსე დამოკიდებულება გვაქვს. გვეკითხებიან აზრს და ზრუნავენ ჩვენზე, რაც ნამდვილად სასიამოვნოა. მხოლოდ მე არ ვარ ემიგრანტი ჩვენს გუნდში, უმეტესობა სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩამოსული. ეს მრავალფეროვნება მათთან ურთიერთობას საინტერესოს ხდის.
მოგვიყევით, როგორია ერთი სრული სამუშაო დღე კომპანიაში.
სამუშაო დღეები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. სამსახურში დაახლოებით 9 საათი ვრჩები. ვმუშაობ პროექტზე, რომელიც იმ დროისათვის გუნდმა ჩათვალა, რომ პრიორიტეტულია. შესაძლოა რომელიღაც გაფუჭებული ფუნქციონალი (ე.წ. „ბაგები“) გავასწორო. ჩემს დაწერილ კოდს ვაგზავნი შესამოწმებლად, რომელსაც ერთ-ერთი, შემთხვევით შერჩეული გუნდელი გადახედავს. ასევე, მეც მომიწევს სხვისი დაწერილი კოდის შემოწმება. ხშირად გვაქვს შეხვედრები, მე – დღეში ერთი ან ორი. ამ დროს ხდება რაიმეს განხილვა და დაგეგმვა. ასევე მაქვს ჩემს მენეჯერთან ორ კვირაში ერთხელ ნახევარსაათიანი საუბარი ერთი-ერთზე. ამ დროს შესაძლებელია მომავალი პროექტების განხილვა, კარიერაზე საუბარი, რჩევის კითხვა ან დახმარების თხოვნა. დიდი დრო ეთმობა თანამშრომლების განვითარებას როგორც პროფესიული, ისე პიროვნული კუთხით. ხშირია ლექციები, სადაც ადამიანები სხვებს უზიარებენ საკუთარ ცოდნას. ასევე, არის სპორტული და სათამაშო კლუბები. ჯგუფები ინტერესების მიხედვით.
რომელ საათზე იწყება და რომელზე მთავრდება სამუშაო საათები?
გრაფიკი არ არის მკაცრი. უმეტესობა თანამშრომლებისა მუშაობას 9-დან 11-მდე იწყებენ. მე 10 საათზე ვიწყებ მუშაობას და დაახლოებით 7 საათამდე ვმუშაობ.
კორპორაციული წვეულება თუ გქონიათ და როგორ გამოიყურებიან თანამშრომლები?
წვეულებები ხშირად გვაქვს. ხშირად მივდივართ ალკოჰოლის მისართმევად, გასართობად ან უბრალოდ ლანჩზე, სადმე ახლოს. ბოლოს დიდი კორპორაციული წვეულება ზაფხულში გვქონდა. გუნდებად ვიყავით დაყოფილი და მხიარულ და სპორტულ აქტივობებში ვიღებდით მონაწილეობას, საღამოს კი შესაძლებელი იყო ცოცხალი მუსიკის მოსმენა, ალკოჰოლის მირთმევა და ბევრ ახალ გაცნობილ ადამიანთან საუბარი.
შეხვედრიხართ თუ არა Google-ის დამფუძნებელს?
დიახ, ერთ-ერთ დამფუძნებელს შევხვდი, ოღონდ არა Google-ში. კომპანია IMO-ში ვმუშაობდი სტაჟიორად Google-მდე, რომლის დამფუძნებელიც ასევე ეს ადამიანი გახლდათ.
რას ურჩევდით ახალ თაობას, რომელიც ახლა იწყებს საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვას?
ვურჩევდი, აკეთონ ის, რისი კეთებაც უყვართ და აბედნიერებთ. შეეცადონ საქმის ღრმად შესწავლას და თავისი პროფესიონალიზმით საზოგადოებას სიკეთე მოუტანონ.