„საკუთარი თავის, საინტერესო საქმისა და წარმატების ძიებაში ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს − პროგრესი კაცობრიობის ერთობლივი მარათონია და ამ პროცესში სხვა ადამიანებსაც უნდა ავუწყოთ ფეხი, ბიძგი მივცეთ და წინ წავწიოთ. ვფიქრობ, ყველაზე მეტად ერთმანეთის გულწრფელად გამხნევება და მხარდაჭერა გვჭირდება. განსაკუთრებით ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. სადაც თითოეული ადამიანის რესურსი უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, რა ასაკშიც და სადაც უნდა იყოთ, ნუ შეგეშინდებათ ახალი პროფესიის, ახალი საქმის და ახალი გამოწვევების“, − ნინუცა ნანიტაშვილი, გოგონა საქართველოდან.
ნინუცა ჩემი პარალელური კლასელი იყო და ბავშვობის საუკეთესო წლებს მახსენებს. მასთან დღემდე ვმეგობრობ და ამიტომ არ მომერიდება, თუკი ჩემს თავს უფლებას მივცემ, რომ ობიექტურად სუბიექტური ვიყო და გეტყვით, რომ ნინუცა არის ნამდვილი საოცრება. ბავშვობიდან ვხედავდი, რამდენად აინტერესებდა ადამიანების დამოკიდებულების ცვლილება სხვადასხვა საკითხის მიმართ და ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ამ გოგოს შეეძლო ბევრი ისეთი საქმის კეთება, რასაც დღეს აკეთებს. იშვიათად მინახავს ადამიანები, რომლებიც ასეთი ბედნიერები არიან სხვისი წარმატებით, როგორიც ის არის. ესეც ალბათ პროფესიონალიზმის დამსახურებაა, რადგან როცა საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ, სხვებში კონკურენტს არ ხედავ. შესაბამისად, მზად ხარ სხვა ადამიანებთან ერთად განვითარდე, რადგან იცი, რომ საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობ, და მსოფლიო, რომელიც უსწრაფესად ვითარდება, იმ ინდივიდების ნაკრებია, რომელთაც ერთმანეთზე ხელის ჩაკიდება უნდა შეძლონ, რათა იარონ გზაზე, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოს განვითარება ჰქვია. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში დავიბადეო, მითხრა ნინუცამ და თამამად ვიტყვი, რომ საქართველო ბედნიერია, რომ ეს გოგო სწორედ აქ, ჩვენს ქვეყანაში დაიბადა. ზუსტად მისნაირი, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები ხდიან საქართველოს უფრო მნიშვნელოვანს მსოფლიო რუკაზე და არა ცალკეული პოლიტიკოსები... ქვეყანას კულტურა, განათლება, ტექნოლოგია და სხვადასხვა მეცნიერება ავითარებს და ამიტომ ვინატრებდი, ბევრი ნინუცა ჰყავდეს საქართველოს, რადგან ეს გოგო ახერხებს იყოს ჩართული ყველა იმ საქმეში, რომელიც დღეს საქართველოს ჟანგბადივით სჭირდება. ადამიანი, რომელიც ჯერ 30 წლისაც არ არის და უკვე მოხვდა Forbes Under 30-ის გავლენიან ადამიანებთან ერთად, სპიკერადაც მოგვევლინა, ფლობს ამერიკის ახალგაზრდა ლიდერთა და ევროკომისიის ჯილდოს სოციალური გავლენის სფეროში. დღემდე ევროკომისიის მშვიდობის ელჩია და სულაც არ იქნება გადაჭარბებული, თუკი მას „საქართველოში პროგრესისა და განვითარების ელჩს“ ვუწოდებ. მაშ ასე, გაიცანით გოგონა საქართველოდან − ნინუცა ნანიტაშვილი.
პროფესიით ვარ...
სოციოლოგი და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი. თუმცა ამ მიმართულებებით არასდროს მიმუშავია. იმდენად ბევრი მიმართულებით ვმუშაობ, რომ ხშირად ვფიქრობ, რა არის ჩემი პროფესია − საქმიანობიდან გამომდინარე.
მაშინ, როდესაც პროფესიას ირჩევდით, რა მიმართულებით ხედავდით თქვენს თავს მომავალში?
ბავშვობიდან ვფიქრობდი, რომ „ჰუმანიტარი“ ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკა ძალიან მომწონდა და „გამომდიოდა“, სამწუხაროდ ბავშვობაში არ მიფიქრია, რომ ბაკალავრიატზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს გავყოლოდი. ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ შეიძლება სოციუმის აზროვნება და ქცევა შეცვალო დადებითად, თუმცა პირველ კურსზე ვერ წარმოვიდგენდი, რომ იქ ვიქნებოდი, სადაც ახლა ვარ − ტექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების გადაკვეთაზე.
პირველი სამსახური...
პირველი სამსახური უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარებამდე დავიწყე, საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოებში, სადაც გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულების კოორდინატორი ვიყავი. მე თვითონაც მსგავსი პროგრამით (FLEX) წავედი აშშ-ში ერთი წლით − სკოლის დამამთავრებელ კლასში. დაბრუნებისთანავე შევიტანე განაცხადი ამ პოზიციაზე, რათა მუხტი, რომელიც ამერიკაში ყოფნის დროს მივიღე, არ დამეკარგა. გარდატეხის ასაკში ამერიკაში წასვლა მართლა უნიკალური გამოცდილებაა. ერთი მხრივ, იქიდან შეგიძლია კარგი ჩვევები წამოიღო, ისეთი, როგორიცაა მოხალისეობა, სამოქალაქო სოლიდარობა და პასუხისმგებლობა, სხვებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და თავდაუზოგავი შრომა პროგრესისკენ. მეორე მხრივ, ოკეანის მეორე მხრიდან საქართველო სხვანაირად ჩანს, სხვანაირად აფასებ, ხვდები, რატომ არის და კონკრეტულად რა არის ასეთი განსაკუთრებული ამ ქვეყანაში. რითი დაეხმარებოდი და რას გამოასწორებდი. ჩემი, როგორც კოორდინატორის, მოვალეობა იყო სხვადასხვა სახის მოხალისეობრივი, საგანმანათლებლო, სოციალური თუ კულტურული აქტივობები მომეწყო, სადაც ჩაერთვებოდნენ კურსდამთავრებულები და სხვა ახალგაზრდები.
მოგვიყევით, რას აკეთებთ დღეს?
დღეს ვარ ე.წ. Freelancer და ვაკეთებ ყველა იმ საქმეს, რაც მაინტერესებს, შთამაგონებს და ვფიქრობ, რომ შეუძლია სარგებელი მოუტანოს ადამიანებს, და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას. ვარ ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სხვადასხვა ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ და ვახორციელებთ პროექტებს, სადაც ვმუშაობთ − ახალგაზრდებთან და ქალებთან. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას საქართველოს რეგიონებზე ვამახვილებთ: ვაწვდით ინფორმაციას, ცოდნას და გამოცდილებას მეწარმეობის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, მხარს ვუჭერთ გოგონებს და ქალებს, რომ უფრო მეტად ჩაერთონ მათემატიკის, ინჟინერიისა და მეცნიერების სფეროში, რადგან ეს სფეროები კაცობრიობისთვის პრიორიტეტული და ამასთანავე, მაღალანაზღაურებადი, მოთხოვნადია. ასევე ვასწავლი ISET-ში, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში. ვეხმარები სხვადასხვა სტარტაპს საკუთარი ბიზნესის განვითარებაში. ვმუშაობ ისეთ პროექტებზე, რომლებიც ტექნოლოგიებს სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის იყენებს − იქნება ეს ახალი უნარების მიცემა, მშვიდობის მშენებლობა თუ ფერმერებისთვის ახალი შესაძლებლობების მინიჭება.
საიდან დაიწყო „გუგლის“ ისტორია თქვენს ცხოვრებაში?
Google-ისა და ტექნოლოგიების „ეპოქა“ ჩემს ცხოვრებაში შემთხვევით დაიწყო, როდესაც ეკონომიკის სამინისტროს, ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის დეპარტამენტში ვმუშაობდი კონსულტანტად. იქ თანამშრომლებს სხვადასხვა აქტივობაში ვეხმარებოდი, მათ შორის დიდ კომპანიებთან ურთიერთობებში. ერთ-ერთი იყო Google-იც. როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში ჩავიხედე, მივხვდი, რომ ბევრი რამ იყო გასაკეთებელი ამ მიმართულებით საქართველოში და ამ სფეროს ჰქონდა საშუალება საქართველოს ეკონომიკა, ინდუსტრიაზე დაფუძნებულიდან, ცოდნაზე დაფუძნებულისკენ წაეყვანა, რაც ასე მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნისთვის. ერთადერთი არ ვიყავი ამ იდეით და Google-ს ვკითხეთ, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. სულ რამდენიმე კვირაში მათი გლობალური ქსელის ნაწილი გავხდით და საქართველოშიც დავაარსეთ დეველოპერების ჯგუფი, რომლის მიზანი ტექნოლოგიების თემის გაძლიერება, ცოდნის გავრცელება და დიდ რუკაზე საქართველოს მონიშვნა იყო. მას შემდეგ გავიდა 7 წელზე მეტი და დღემდე, როგორც მოხალისე, ვარ ამ საქმეში ჩართული. ვფიქრობ, ბევრი რამ წამოვიწყეთ, რამაც სხვებსაც მისცა ბიძგი, უფრო ხელმისაწვდომი გახდა Google-ის პროდუქტები, მომსახურება ქართველი მომხმარებლისთვის და დეველოპერებისთვის. ამასთან ერთად, Google-ის Women Techmakers პროგრამის ელჩიც გავხდი და მეექვსე წელია ამ ეგიდით ვცდილობთ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი ქალებს და გოგონებს ტექნოლოგიებისა და ზოგადად, STEM სფეროში.
იმდენად ბევრს მოგზაურობთ და უყვებით მსოფლიოს ჩვენს ქვეყანაზე, რომ მგონია, „საქართველოს ელჩი“ ხართ საზღვარგარეთ. რას ამბობენ საქართველოზე მსოფლიოში, სადაც თქვენი მეშვეობით ბევრჯერ გაჟღერდა მისი სახელი.
ხშირად ყოფილა შემთხვევები, რომ უცხოურ სასწავლებელში თუ დიდ ღონისძიებაზე, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრება, ერთადერთი ქართველი ვყოფილვარ. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და თან შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტმა გაიგოს ჩვენი ქვეყნის შესახებ, გვესტუმროს, დაიწყოს აქ საკუთარი საქმიანობა და ითანამშრომლოს ადგილობრივებთან. ხშირად ისიც უკვირთ ხოლმე სხვა დამსწრეებს, რატომ დავდივარ საქართველოს დროშით, ღვინით, ჩურჩხელებით თუ ხინკლისნახატიანი წინდებით, თუმცა უკვე წარმოუდგენელი მგონია ის, რომ სადმე წავიდე და საქართველოზე არ ვისაუბრო. ჩემი აზრით, დღეს ბევრად მეტმა იცის საქართველოს შესახებ, ვიდრე წლების წინ. ზოგად კამპანიებთან ერთად, ეს ნამდვილად იმ უამრავი ქართველის დამსახურებაა, რომელიც სხვადასხვა სფეროში საქმიანობს: იქნება ეს კულტურა, სპორტი, ბიზნესი თუ ტექნოლოგიები. ადამიანები საქართველოდან გადიან საზღვრებს გარეთ, იგებენ ჩემპიონატებს და კონკურსებს, აცნობენ სხვებს საკუთარ თავს და საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით. ამ საქმეში დამსახურება არ უნდა დავუკარგოთ იმ უამრავ უცხოელსაც, რომელიც საქართველოზეა შეყვარებული და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ჩვენი ნამდვილი ელჩი ხდება − სხვებს აცნობს ჩვენს კულტურას, კულინარიას და ხელოვნებას.
ტექნოლოგიები საქართველოში, და როგორია ქალების როლი ამ მიმართულებით?
საქართველოში ტექნოლოგიების სფერო ბოლო წლებია უფრო და უფრო ვითარდება. მეტი საუბრობს ამაზე, მეტი აბარებს გამოცდებს ამ მიმართულებით, იქმნება კომპანიები და ბევრი უცხოურ შეკვეთებზეც მუშაობს. ამ მხრივ ნამდვილად გვაქვს განვითარების პოტენციალი. მნიშვნელოვანია სწორად გავიაზროთ ეს მიზანი და იქამდე მისვლის გზები. რაც შეეხება ქალების ჩართულობას, როგორც უკვე ვთქვი, სამწუხაროდ, ხვედრითი წილი ნაკლებია. კონკრეტული სფეროს და კომპანიის მიხედვით შეიძლება მეოთხედზე დაბალიც იყოს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ინფორმაციის ნაკლებლობაა, თუ რა სახის შესაძლებლობები არსებობს ტექნოლოგიების სფეროში, და მეორე მხრივ, სტერეოტიპები − თითქოს ზუსტი მეცნიერება და ტექნოლოგიები გოგონებისთვის არ არის. სწორედ ამ სტერეოტიპების დასამსხვრევად და გოგონების წასახალისებლად ვაწყობთ ბანაკებს, საგანმანათლებლო პროგრამებს და საინფორმაციო კამპანიებსაც კი, ან თუნდაც მარტივად, ჰეშთეგების გაზიარებას − #ქალივიციპროგრამისტი, #ქალივიციმეცნიერი, #ქალივიციინჟინერი, რადგან ნამდვილად ვიცით ასეთი ქალები და ისინი მართალია ცოტა, მაგრამ ჩვენ ირგვლივ არიან და სხვებისთვისაც მისაბაძი მაგალითი უნდა გახდნენ.
ბევრი სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი ხართ. მოგვიყევით ამის შესახებ...
ყოველგვარი ხელოვნური თავმდაბლობის გარეშე − ჯილდოებზე საუბარი არ მიყვარს. ეს აღიარებები უბრალოდ იმის გრძნობას აღვივებს, რომ, ესე იგი, სწორ საქმეს ვაკეთებ და ამას სხვებიც, თუნდაც სხვა კონტინენტებიდანაც ხედავენ. ეს კი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს და შესაძლოა მორიგ ტიტულამდეც მივყავარ.
რომელია თქვენი ის პროექტები, სადაც ყველაზე დიდი ენერგია, შრომა ჩადეთ და რომელმაც თქვენი მოლოდინი ბოლომდე გაამართლა?
რთულია მსგავსი პროექტების გამორჩევა, თუმცა ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, უფრო მგრძნობიარე ისინია, რომლებსაც საკუთარ გუნდთან ერთად ორგანიზაცია „ელვაში“ ვაკეთებდით, რათა კონფლიქტისა და კრიზისის სიტუაციებში ჰუმანიტარული დახმარება უფრო ხელმისაწვდომი, ხოლო ომის მიერ გახლეჩილი ადამიანების ურთიერთობა უფრო თბილი გაგვეხადა. ეს პროექტები საქართველოს გარდა 10-ზე მეტ ქვეყანაში გვქონია. საქართველოში ყველაზე მეტად გამოვარჩევდი საკმაოდ რთულ, შრომატევად, თუმცა წარმატებულ და ემოციურ პროექტებს, „მშვიდობის თამაშების“ და „PeaceVR“-ის კუთხით. პირველ შემთხვევაში ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს, ექვსი სხვადასხვა ქალაქიდან, კომპიუტერული თამაშის საშუალებით ერთმანეთს ალტერნატიულ ონლაინსივრცეში ვახვედრებდით და ვამეგობრებდით. მეორე პროექტით კი 360-გრადუსიანი ვიდეოების საშუალებით არტისტები თბილისიდან, სოხუმიდან და ერევნიდან ერთმანეთს სივრცეებს და ისტორიებს უზიარებდნენ.
იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო, საჭიროა...
წარმატებისთვის უპირველესად საჭიროა კარგად გავიცნოთ ის ადამიანი, რომელსაც სარკეში ვხედავთ. ვინ ვართ, რა მოგვწონს, რა გამოგვდის, რა არის ჩვენი სუპერძალა? რისი მიღწევა გვინდა და რაც მთავარია, რა გვგვრის ბედნიერებას. თუ სწორად დაისახავ მიზნებს, მათ შესასრულებლად საშუალებებს აუცილებლად იპოვი. აუცილებელია არ გაჩერდე, არ შეგეშინდეს მარცხის და არ დანებდე. მნიშვნელოვანია, სწორად აარჩიო ის ადამიანები, ვისთან ერთადაც გსურს წარმატების გზის გავლა. წარმატების მიღმა უამრავი მარცხი, იმედგაცრუება, შიში და დაბნეულობაა. ჩვენზეა დამოკიდებული, რომელი ამბავი გადაწონის მეორეს. უფრო ხშირად დავნებდებით თუ პირიქით, ყოველი დაბრკოლების მიუხედავად, ისევ გავაგრძელებთ წინ სიარულს? საკუთარი თავის, საინტერესო საქმისა და წარმატების ძიებაში ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს −პროგრესი კაცობრიობის ერთობლივი მარათონია და ამ პროცესში სხვა ადამიანებსაც უნდა ავუწყოთ ფეხი, ბიძგი მივცეთ და წინ წავწიოთ. ვფიქრობ, ყველაზე მეტად ერთმანეთის გულწრფელად გამხნევება და მხარდაჭერა გვჭირდება. განსაკუთრებით ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ყველა ადამიანის რესურსი უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, რა ასაკშიც და სადაც უნდა იყოთ, ნუ შეგეშინდებათ ახალი პროფესიის, ახალი საქმის და ახალი გამოწვევების.
სამომავლო გეგმები...
სამომავლოდ მივემგზავრები ბრიტანეთში, ლონდონის ეკონომიკის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის მხრივ, ბრიტანეთის საელჩოსა და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი Chevening-ის დაფინანსებით. სწავლის შემდეგ აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში, გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას და იმედი მაქვს, ეს ცოდნა ახალი მიზნების მიღწევაში დამეხმარება.
მოგვიყევით, რა ხდება კარიერის მიღმა...
კარიერის მიღმა არის მირიანი − ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემ განვითარებაში, ყოველთვის მზადაა მხარი დამიჭიროს და ბევრი საქმე ერთადაც ვაკეთოთ. ასევე შეუდარებელი დიდი ოჯახი და მეგობრები მთელი მსოფლიოდან, რომლისთვისაც, სამწუხაროდ, არც ისე ბევრი დრო მრჩება და ჩემთვის, ყველაზე დიდი დანაკლისი სწორედ ეს არის − გამოაკლდე შენი ოჯახისა და ბავშვობის მეგობრების მნიშვნელოვან მომენტებს.
ბედნიერება თქვენთვის არის...
ხედავდე სხვის პროგრესს და გრძნობდე, რომ მათ პიროვნულ და კარიერულ წინსვლაში მცირე წვლილი შენც მიგიძღვის.
P.S.: რატომ საქართველო?
საქართველო ნამდვილად არის მრავალფეროვნების ქვეყანა, სხვადასხვა კულტურის, ადამიანებისა და ისტორიების თავშეყრის ადგილი. მნიშვნელოვანია, ჩვენ თვითონვე გავიაზროთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რა ქმნის რეალურად ქართველობას და რატომ უნდა იყოს ის ერთიანობაზე, სხვების პატივისცემაზე და სიყვარულზე დაფუძნებული.
მიხარია, რომ დავიბადე საქართველოში და დავიბადე ზუსტად ამ დროში. მიუხედავად იმისა, რომ ვარ „ბნელი 90-იანების“ შვილი, ვიცი, გაგრძელება აუცილებლად იქნება ნათელი. ჩვენ ირგვლივ არსებობენ ნიჭიერი, მშრომელი, შემოქმედებითი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად არიან მზად იყვნენ ქვეყნის სამსახურში. საქართველოს სახელი კიდევ უფრო ამაყად გააჟღერონ მსოფლიო მასშტაბით და საკუთარ პროფესიაში მაქსიმალურად დაიხარჯონ. რა თქმა უნდა, საქართველოს განვითარება მხოლოდ ახალგაზრდებს არ გამოგვივა, ამიტომ გვჭირდება ყველა თაობა − ისინი, ვინც თავიანთ გამოცდილებას გაგვიზიარებს და ჩვენთან ერთად გაივლიან ამ გზას ისე, რომ ჩვენს წარმატებაში დარწმუნებულები იქნებიან.