ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მკაცრი და ტრადიციული წევრი - ელიზაბეტ II, ცნობილია საკუთარი სკეპტიკური მიდგომით, როცა საქმე თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების მიღწევებს ეხება, თუმცა როგორც ჩანს, თანამედროვე ოჯახის წევრებმა გარკვეული ზეგავლენა მასზეც იქონიეს და დედოფალს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიაღებინეს.
სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ 7 მარტს დედოფალმა ინსტაგრამზე პირველი პოსტი გამოქვეყნა, რა თქმა უნდა, ეს არა მის პირად პროფილზე, არამედ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ოფიციალურ გვერდზე მოხდა, თუმცა იმ ფაქტმა, რომ ეს მონარქის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმის პირველი შემთხვევაა, საზოგადოება აღაფრთოვანა.
პოსტი, რომელიც მან გამოაქვეყნა, ნამდვილად შეეფერებოდა მის უდიდებულესობას, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც ელიზაბეტისგან სულ მცირე სარკეში გადაღებულ ფოტოს ელოდნენ, ამ ფაქტმა ცოტათი გული დასწყვიტა.
ელიზაბეტმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ასახულია კომპიუტერული მეცნიერებების პიონერის - ჩარლზ ბებიჯის მიერ გაგზავნილი წერილი, რომლის ადრესატიც დედოფლის დიდი ბაბუა - პრინცი ალბერტი გახლდათ.
როგორც ტექსტიდან ჩანს, დედოფალი თავად გაემართა მეცნიერებათა მუზეუმში, რათა სამეფო ოჯახის არქივში სწორედ ეს წერილი ენახა, ის რა თქმა უნდა ფოტოგრაფების ობიექტივშიც მოექცა, მის მიერ სოციალური პლატფორმის გამოყენებამ კი, ინტერნეტსივრცეში საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა.