ხელოვნური ინტელექტის გაჩენასთან ერთად, ყველანი ევოლუციას განვიცდით და მათ შორის, სამოსიც. მაინც რითი სჯობნიან ისინი ჩვეულებრივ სამოსს? ინტელექტუალური ტექსტილის წარმოება ფართოდ გამოიყენება ჯარისკაცების, კოსმონავტების, ექსპედიციის მონაწილეების, ალპინისტებისა და სპორტსმენების აღჭურვილობაში. ასევე, ექსტრემალურ სიტუაციებსა და ბუნებრივი კატაკლიზმების პერიოდში. ინტელექტუალური სამოსის მთავარი მიზანი იმ ადამიანებისთვის სარგებლის მოტანაა, ვისაც იგი აცვია. სამოსი დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან და ხელოვნურ ინტელექტთან. ჭკვიანი ტექსტილი შედგება ერთეულებისგან, რომლებიც მუშაობს, როგორც ტვინი.
Hexoskin კომპანიაა, რომელიც ინტელექტუალურ ტექსტილს აწარმოებს. იგი პიერ-ალექსანდერ ფურნიემ დააარსა. იმისათვის, რომ პაციენტები ქრონიკული დაავადებებისგან დაიცვან, მათი ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესონ და სამედიცინო სისტემებზე ნაკლები ხარჯი გააღებინონ, კომპანია სპეციალურ პროექტს ქმნის.
შესაბამისად, ჭკვიანი ტექსტილი არა უბრალოდ სამოსია, არამედ ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს მოიცავს, როგორებიცაა სპორტი, მედიცინა, უსაფრთხოება. სექტორის გაფართოება ნიშნავს იმას, რომ მომავალში სამოსი არა მხოლოდ ესთეტიკის ნაწილი, არამედ უფრო დიადი მნიშვნელობის ნივთი იქნება. ინტელექტუალური ქსოვილი ინდუსტრიის ისტორიაში იწერება, როგორც „მეოთხე სამრეწველო მოდის რევოლუცია“. სამედიცინო დანიშნულების გარდა, იგი დიზაინერებისთვის ფართო შესაძლებლობებს ქმნის.
ულტრაჭკვიანი ტექსტილის მთავარ მახასიათებლებს შორისაა: სხეულის ტემპერატურის რეგულაცია, კანში ინიექცია, ვარჯიშის დროს კუნთების ვიბრაციის კონტროლი და ა.შ. სამომავლოდ, ამას დაემატება ფერთა ცვლილებებიც. მეცნიერებმა უკვე შეიმუშავეს ნაჭერი, რომლის მეშვეობით სმარტფონი იმუხტება. ასევე, მუშაობენ სამოსზე, რომელიც ღუმელის ფუნქციას ასრულებს − ცივ ატმოსფეროში ორგანიზმს ისევე ათბობს, როგორც ელექტრომოწყობილობებთან ყოფნა. ტექნოლოგიის ფართოდ წარმოებას ელიან აქტიური დასვენების მოყვარულები, ღია ცის ქვეშ მომუშავე ადამიანები და ჯარისკაცები.
აქამდე „ჭკვიანი სამოსი“ ყოველდღიურად მოუხერხებელი სატარებელი იყო და მათი მოვლაც სირთულეს წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში, იგი იხვეწება და ვითარდება. მეცნიერები ცდილობენ ახალი მოდელები ადამიანის პოზებსა და მოძრაობებზე ყველანაირად ადაპტირებული გახადონ.