გუშინ, საქართველოს დროით 00:00 საათზე ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსურმა სააგენტომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო და კოსმოსური აპარატი InSight-ი მარსზე წარმატებით დასვა. პროცესის პირდაპირ ტრანსლაციას მსოფლიოს 50 000-ზე მეტი მოქალაქე პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალყურს.
განსაკუთრებით მძიმე იყო კრიტიკული შვიდი წუთი, რადგან დაშვების წარმატებისა თუ წარუმატებლობის შესახებ სააგენტო სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში მიიღებდა სიგნალებს, საბედნიეროდ, ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა და ხომალდი, სულ მალე, აქამდე გამოუკვლეველი პლანეტის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის.
InSight-ის მთავარი მიზანი მარსის გეოლოგიისა და შიდა წყლების შესწავლა იქნება, რასაც ხომალდი მბურღავი სიცხის ზონდითა და უზუსტესი სეისმომეტრებით შეძლებს. პროცესი კი ავტომატურია და თვითონ ხომალდის მიერ იმართება.
აღსანიშნავია, რომ მარსს კოსმოსური ხომალდების სასაფლაოსაც უწოდებენ, რადგან აქამდე განხორციელებული დაშვების 44 მცდელობიდან 18 წარუმატებელი აღმოჩნდა.
InSight-ი წინამორბედთან შედარებით მარსზე გადაადგილებას ვერ შეძლებს, ის მხოლოდ ლოკალურად გაბურღავს პლანეტის ქერქს და მიღებულ ნიმუშებს NASA-ს მიაწვდის.
Insight-მა უკვე გადმოსცა რამდენიმე კადრი მარსის ზედაპირიდან.
აღსანიშნავია, რომ ნასამ გასულ წელს საზოგადოების გარკვეულწილად ჩართვაც შეძლო ამ პროცესში და ოფიციალურ საიტზე ნოემბრამდე დარეგისტრირებული ადამიანების სახელები მცირე მიკროჩიპის მეშვეობით ხომალდმა მარსზე ჩაიტანა.