ბარსელონა ერთ-ერთი პირველი ქალაქი აღმოჩნდა, რომელმაც ღამით ხმაურის გამოვლენა, მისი დადასტურება და ამ პრობლემის გადაჭრა შეძლო.
პრობლემა, რომელიც ცენტრალური მოედნის გარშემო მცხოვრებ ადგილობრივებს ბოლო 20 წლის განმავლობაში აწუხებდათ თანამედროვე ტექნოლოგიამ მოაგვარა.
საუბარია გამოგონებაზე, რომელიც ხმაურთან ერთად გამონაბოლქვის დონესაც ადგენს, ზომავს ტემპერატურას და ტენიანობას. მოწყობილობა ბარსელონას ერთ-ერთ ლაბორატორიაში ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა.
საცდელ რეჟიმში გამოგონება რამდენიმე ოჯახმა აივანზე დააყენა. შედეგებმა აჩვენა, რომ ღამის განმავლობაში გასართობი დაწესებულებებიდან გამოსული ხმაური 100 დეციბელს აღწევდა, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილ ნორმას ბევრად აღემატება.
სწორედ ამ მოწყობილობით და მის მიერ გამოთვლილი შედეგებით აიძულეს ადგილობრივებმა ქალაქის მერია ეფიქრათ პრობლემის გადაჭრაზე. სწორედ ამის შემდეგ აკრძალა პოლიციამ 23:00 საათის შემდეგ ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე ხმაურიანი განტვირთვა და ალკოჰოლის მიღება.