მფრინავმა დრონებმა ვიდეოკამერებით, მალევე მოიცვეს ჩვენი ზეცა, მაგრამ მათი წყალქვეშა ანალოგები ფიასკოს განიცდიდნენ. წყალქვეშა მართვის სისტემა საკმაოდ რთულია და ამას რადიოსიგნალების მუშაობაც აფერხებდა. წყლის ქვეშ ბევრი რამაა საინტერესო და კომპანიები არ ნებდებოდნენ, რათა დრონი ამ სივრცეშიც ეფექტურად გამოეყენებინათ.
პირველი მასიური წყალქვეშა დრონი PowerRay გახდა, რომელიც ჩინურ კომპანია PowerVision-ს ეკუთვნის და მისი ფასი 2000 დოლარიდან იწყება. Poweray რევოლუციური მოდელია, რომელსაც მთლიან ბაზარზე აქვს გავლენა. მოწყობილობას 3 ძრავა აქვს, რომლებიც დაუჯერებელ მანევრირებას უზრუნველყოფენ. აპარატის დაზიანების საშიშროება დღის წესრიგში არ დგას, რადგანაც სიჩქარე დაბალია, პერიმეტრზე კი მას რეზინის ბუფერი იცავს. ჯოისტიკებს მიმართულების მისაცემი ფუნქციები აქვს: წინ/უკან და მარჯვნივ/მარცხნივ. კამერები კინემატოგრაფიულ სურათს ქმნის, რაც წყლისქვეშა ფოტოგრაფებისა და ოპერატორების ოცნებას წარმოადგენს.
PowerVision-ს სხვა მოდელიც აქვს, სახელწოდებით - PowerDolphin, რომელიც ძირითადად მეთევზეებზეა ორიენტირებული. ის ორი ძრავითაა აღჭურვილი და ჩაძირვაზე პასუხისმგებელი ძრავა არ აქვს. აპარატი დელფინის მსგავსად იქცევა და წყალში მხოლოდ მცირე დროით ყვინთავს. ამგვარად შესაძლებელია ვიდეოს კაბელისგან საბოლოოდ გავთავისუფლდეთ - PowerDolphin ავტონომიურია. კომპანია გვარწმუნებს, რომ ვიდეოსიგნალის გადაცემის სიშორე 1 კილომეტრია. 3D კამერის მეშვეობით არამხოლოდ წინ და გვერდით, არამედ უკანაც შევძლებთ გამოსახულების დანახვას და თევზაობის პროცესის სრულად აღბეჭდვას. ზღვაში კატერით გასვლა აუცილებელი აღარაა: ეს ყველაფერი კი რობოტის მეშვეობით, რომელიც პროცესს მაღალ ხარისხში გადმოსცემს.
წყალქვეშა დრონის საკუთარ ვერსიებს სხვა ტექნიკის კომპანიებიც ამზადებენ. შესაძლოა მალე ისეთი აპარატი ვიხილოთ, რომელიც უკვე არსებულის შემდეგაც ორმაგად გაოცებულს დაგვტოვებს.