სკოლის, უნივერსიტეტის თუ კოლეჯის დასრულების შემდეგ, ადამიანები სხვადასხვა წყაროებიდან ცოდნის მიღებას კვლავ განაგრძობენ, ამაში კი თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად გვეხმარებიან.
Coursera
პირველ რიგში, Coursera საიტია, სადაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სხვადასხვა სალექციო მიმართულების ონლაინ კურსებია წარმოდგენილი - პროგრამირებიდან დაწყებული ფოტოგრაფიის გაკვეთილებით დამთავრებული. აქ იპოვნით საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც სტენფორდის, პრინსტონის, კოლუმბიის, მიჩიგანისა და პენსილვანიის ლექტორებმა შეადგინეს. Coursera-ს ოფიციალური აპლიკაცია აქვს, რომლის მეშვეობითაც ცოდნის მიღებას სმარტფონით შეძლებთ.
iTunes U
ეს შემეცნებითი მასალების მსოფლიოს უდიდესი კატალოგია. აპლიკაცია მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის შეიმუშავეს. პირველები მისი მეშვეობით სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას შეძლებენ, მეორეებისთვის კი უფასო კურსები იქნება ხელმისაწვდომი. აპლიკაცია 1 მილიონზე მეტ ლექციას, რგოლს, წიგნს და სხვა მასალას მოიცავს, რომელიც ჰარვარდს, იელს, ოქსფორდს და სხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტებს ეკუთვნის. აქ ყველაფერს შეისწავლით: ბიზნეს ეთიკიდან დაწყებული, მათემატიკითა და ისტორიით დასრულებული.
TED
TED-ის ლექციები პრაქტიკულობასთან და ხელმისაწვდომობასთან ერთად, ცოდნის მიღების გენიალური წყაროა. ყოველწლიურად ფონდი კონფერენციას აწარმოებს, სადაც სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები საკუთარ პროფესიაში ახალი მიღწევების შესახებ საუბრობენ. ვიდეორგოლები საიტზე და ოფიციალურ აპლიკაციაში ქვეყნდება.
Swift Playgrounds
პროგრამირება ახლა იგივეა რაც პიარი 2000-იანებში: ყველას სურს მისით დაკავდეს, მაგრამ არ იციან სად ასწავლიან კარგად. ეს აპლიკაცია ძვირადღირებულ კურსებს ანაცვლებს და Swift-ზე პროგრამირებას შემსწავლელ ადამიანებს გამოადგებათ. სხვადასხვა საკითხი სათამაშო პროგრამითაა ახსნილი და არასტანდარტული დავალებების შესრულებით დაგახელოვნებთ.