„ტოიოტას“ ყოფილმა თანამშრომელმა ჰიდეო ცურუმაკიმ შეიმუშავა პატარა ელექტრომობილი, რომელიც იმითაცაა გამორჩეული, რომ წყალში არ იძირება. იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა იაპონიის 2011 წლის ცუნამის შედეგები იხილა.
იმ დროს ცურუმაკი „ტოიოტას“ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ინჟინერი იყო, 2012 წელს კი კომპანია დატოვა, საკუთარი ბრენდი - „ფომ“ (Fomm) ჩამოაყალიბა და საკუთარი ხელით ააწყო პირველი ავტომობილი.
პარალელურად, ტოკიოს უნივერსიტეტის თანამშრომლებთან ერთად, მართვის ისეთი სისტემის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც ავტომობილს წყალის ზედაპირზე გადაადგილების საშუალებას მისცემდა.
2016 წელს „ფომმა“ ხელშეკრულება გააფორმა კომპანია „ტრაინექს ასეტსთან“, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც, მცურავი ავტომობილის აგება მოხერხდა. მას შემდეგ, ცურუმაკის უკვე ასეთი ავტომობილის მეოთხე სატესტო პროტოტიპი აქვს დამზადებული. უფრო მეტიც, ის წარმოების დაწყებას ამ წლის ბოლოდან გეგმავს.
ავტომობილს ჯერ სახელი არ აქვს. მის კონცეპტუალურ ვერსიას „კონცეპტ ვან“ ჰქვია. ის აღჭურვილია ელექტროძრავით, რომელიც სულ რაღაც, 14 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 80 კილომეტრს აღწევს.