ჟიზელ ბუნდჰენი, პენელოპა კრუზი, ჯენიფერ ლოპესი და კიდევ უამრავი ვარსკვლავი „დუკანს“ ირჩევს. პიერ დუკანი 77 წლისაა, პირველი შვილი, ვაჟი 42 წლის ასაკში შეეძინა, ქალიშვილის მამა კი 47 წლის ასაკში გახდა. ამბობს, რომ ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად სწორი კვების წყალობით გამოიყურება. ექიმ დუკანის გაყიდული წიგნების ტირაჟი 8 მილიონს უახლოვდება, მისი დიეტის მიმდევართა რიცხვი კი 12 მილიონს აჭარბებს.
როგორი სტილის ქალები მოსწონს დიეტოლოგ დუკანს? ამ შეკითხვაზე ზედმეტი კილოგრამების წინააღმდეგ „მებრძოლმა რაინდმა“ გულწრფელად გვიპასუხა: მრგვალი, ფაფუკი ქალები დიდი მკერდით.
ბატონო დუკან, ბევრმა ჩემმა მეგობარმა სწორედ „დუკანის მეთოდით“ დაიბრუნა სასურველი წონა. მიეცით რჩევა მათ, ვინც ამ წუთას თქვენს ინტერვიუს კითხულობს. დიეტაზე ოცნება როდის სჯობს? – მსუყე სადილამდე თუ სადილის შემდეგ?
ძალიან გამახარეთ, თუკი ქართველ ქალებშიც ასეთი პოპულარული ვარ, მაგრამ ამ პოპულარობის მიზეზი საქართველოშიც სიმსუქნის პრობლემაა? ჩემი აზრით, დიეტაზე არც სადილამდე სჯობს ოცნება და არც სადილის შემდეგ. დიეტაზე სადილობისას უნდა ვიფიქროთ – კარგად გავაანალიზოთ, გვარგებს კი ის, რასაც მივირთმევთ?
სიმსუქნეს „21-ე საუკუნის სერიული მკვლელი“ უწოდეთ. როგორ ხსნით ამ მეტაფორას?
თუ მსოფლიოს ყოველწლიურ სტატისტიკას გადახედავთ, სიკვდილის მიზეზების ნახევარი სიმსივნითაა გამოწვეული, მეორე ნახევარი კი – ინფარქტით. სამწუხარო რეალობაა. გულის დაავადებების მთავარი მიზეზი ჭარბი წონაა, კიბოსი კი – გადაჭარბებული არასწორი კვება და სიმსუქნე. სადაზღვევო კომპანიების მონაცემებზე დაყრდნობით დავადგინე, რომ ყოველწლიურად სასტიკად იზრდება დიაბეტით დაავადებულთა რიცხვიც...
როგორც ხშირად ამბობთ, გიყვართ როცა ადამიანებს აბედნიერებთ. რას ნიშნავს ბედნიერება დიეტოლოგის იდეოლოგიით?
მე მოვიფიქრე თეორია, რომელსაც „ბედნიერების 10 დედაბოძი“ ვუწოდე. ეს თეორია ჩემი პაციენტების გამოკითხვების შემდეგ შევქმენი. ჩემს კაბინეტში თავს იყრიდნენ ადამიანები, რომლებსაც სიმსუქნე აწამებდათ. მათთან საუბრისას ვხვდებოდი, რომ ისინი უკონტროლოდ ჭამდნენ – არა იმიტომ, რომ შიოდათ, არამედ მათ სურდათ თავიანთი უბედურება ან წარუმატებლობა „გადაესანსლათ“. და აი, 10 წლის თავზე, მივაგენი იმ 10 ძირითად ნაკლოვანებას, რომელიც ადამიანებს აუბედურებს. ეს გახლავთ 10 საბაზო მოთხოვნა, რასაც თანამედროვე ცხოვრება უნდა აკმაყოფილებდეს. მათი უკმარობა ხშირად უფრო იოლად მისაღწევი და მარტივი საშუალებებით კომპენსირდება: მაგალითად, ჭამით, სუსნაობით ან ვირტუალური გასართობებით. ჩემი თეორიის თანახმად, ბედნიერების 10 დედაბოძია: 1) საკვები; 2) სიყვარული, სექსი, ოჯახი; 3) ძალაუფლება, გავლენა, ცოდნა, კარიერა, სამუშაო; 4) სახლი, უსაფრთხო და კომფორტული ადგილი; 5) ფიზიკური აქტივობა, ჯანმრთელი სხეული; 6) ბუნებაში გასვლის მოთხოვნილება; 7) გართობის მოთხოვნილება; 8) რომელიღაც სოციალურ ჯგუფთან გაერთიანების მოთხოვნილება; 9) რწმენის მოთხოვნილება; 10) სილამაზისა და ესთეტიკური ტკბობის მოთხოვნილება;
ექიმო დუკან, გთხოვთ რჩევები მისცეთ ჩვენს მკითხველებს, რომლებიც ამჟამად დუკანის დიეტას იცავენ და ასევე გვიამბოთ თქვენს ახალ მეთოდზე „კიბე“.
როცა წიგნის წერა დავიწყე, წარმოვიდგინე ფართო აუდიტორია, რომელთა უმეტესობასაც შესაძლოა არ ჰქონოდა „ნამდვილად გახდომის“ სურვილი და ამიტომ მათთვის მკაცრი დიეტა შედარებით გავამარტივე, თუმცა ადაპტირებულ ვერსიაშიც უცვლელია ჩემი ფილოსოფია. კვების სისტემა კიბის პრინციპზეა აწყობილი ანუ ყოველდღე კიბის ახალ საფეხურზე ადიხართ: ორშაბათი – მხოლოდ ცილები; სამშაბათი – ცილები+ბოსტნეული; ოთხშაბათი – ცილები+ბოსტნეული+ხილი; ხუთშაბათი – ცილები+ბოსტეული+ხილი+2 თხელი ნაჭერი უსაფუარო პური; პარასკევი – ბოსტნეული+ხილი+2 თხელი პურის ნაჭერი და 40 გრამი ყველი; შაბათი – ბოსტნეული+ხილი+2 ნაჭერი უხეშად დაფქული ფქვილის პური+40 გრამი ყველი+40 გრამი სახამებლის შემცველი პროდუქტი (მაკარონი, ფაფები, პარკოსნები). კვირა – ბოსტნეული+ხილი+2 ნაჭერი უხეშად დაფქული ფქვილის პური+40 გრამი ყველი+40 გრამი სახამებლის შემცველი პროდუქტი (მაკარონი, ფაფები, პარკოსნები) + სადღესასწაულო ვახშამი – ანუ კვირა დღეს, ერთ კვებაზე, შეგიძლიათ რაც გსურთ ის მიირთვათ! ორშაბათს კი, კვლავ საწყის საფეხურზე ჩამოდიხართ და ყველაფერს თავიდან იწყებთ.
და ბევრი წყალი? იცით, ჩემს მეგობრებს, რომლებიც თქვენს დიეტას იცავენ, ხშირად ებევრებათ დღეში 2 ლიტრი წყალი და გთხოვთ დაარწმუნოთ ისინი წყლის აუცილებლობაში...
ადამიანმა, რომელსაც გახდომა სურს, ბევრი წყალი უნდა დალიოს. ეს კი ორი მიზეზის გამოა: წყალი კუჭს ავსებს და შიმშილის გრძნობას აქრობს, და მეორე – წყალი ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის. დიეტის დროს ასევე რეკომენდებულია მწვანე ჩაი, რომელიც ნატურალური პროდუქტია და მსუბუქად გვიკარგავს მადას. მწვანე ჩაიში უხვადაა სასარგებლო მიკროელემენტები და ვიტამინები. მწვანე ჩაი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, ვიტამინით K და ვიტამინით PP, ასკორბინის მჟავით. ის შეიცავს ფტორს, სპილენძს, თუთიას.
„დუკანის კიბე“ საინტერესო ვერსიაა, თუმცა დუკანი მაინც „ცილებთან“ ასოცირდება. საინტერესოა ექსკლუზიურად მოვისმინიოთ თქვენგან, ცილებზე და მის როლზე წონაში კლებისას...
აგიხსნით: ჩვენი საკვები შეიცავს ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს. აქედან ცილები რამდენიმე მიზეზის გამო გვეხმარება მალე დავიკლოთ. მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ცილები ნელა გადამუშავდება და ძნელად შევითვისებთ. იმისათვის, რომ 100 კალორია ნახშირწყლები ან ცხიმი დავწვათ, საჭიროა 3 ან 4 კალორია. ხოლო ცილისგან მიღებული 100 კალორიის დასაწვავად, ორგანიზმს სჭირდება 32 კალორიის დახარჯვა. ამას ჰქვია თერმოგენური ეფექტი. გარდა ამისა, ცილები ძალიან ადვილად უმკლავდებიან შიმშილის გრძნობას და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოაქვთ.
რომელი საკვებია, რომელსაც სასარგებლოს ვუწოდებთ და სინამდვილეში არ არის სასარგებლო? ან პირიქით – გვგონია, რომ მავნეა, არადა სასარგებლოა?
დიეტაზე მყოფი ადამიანების „ცრუ მეგობრები“ არიან: თეთრი პური, 2 სხვადასხვა ხილის სახეობა დღეში, თაფლი, კარტოფილი, ხილის წვენები. ასევე, „ცრუ მტრები“ გახლავთ: ღვინო, შავი შოკოლადი, ოსპი, ავოკადო და შაქრის შემცვლელები.
ღვინოზეც გკითხავთ: საქართველო ღვინის სამშობლოა. შესაბამისად, აქ ძალიან ბევრ ღვინოს სვამენ. რომელია თქვენი აზრით ღვინის დღიური ნორმა?
ღვინო ფრანგებსაც ძალიან გვიყვარს. ჩემი სტუდენტობისდროინდელი მოწოდებები მახსოვს: დღეში ლიტრ ღვინოზე მეტი არ უნდა მიგვერთვა. დღეს ყველაფერი შეიცვალა, ფრანგებმა შევცვალეთ „ძალიან ბევრი ღვინის“ შესმის ტრადიცია. საუკეთესო ვარიანტია დღეში 2, ან მაქსიმუმ 4 ჭიქა ღვინო. 4 ჭიქაზე მეტი უკვე ძალიან ბევრია.
დაბოლოს: ხშირად მსმენია, რომ დიეტას განწყობა სჭირდება. შეყვარებული ადამიანები, სიყვარულის გამო, სიამოვნებით ელევიან ზედმეტ კილოგრამებს და დიეტები არ „სტანჯავთ“. ანუ სიყვარული დიეტის დროს დამხმარე ძალაა?
დიახ, ასეა. სიყვარული ყველა ბარიერის გადალახვაში გვეხმარება. შეყვარებულობის დროს ჩვენი ტვინი სეროტონინს და ოქსიტოცინს გამოიმუშავებს. ხოლო თუ ადამიანს არ ჰყოფნის სიყვარული, ის ცდილობს ეს გრძნობა ბევრი ჭამით (განსაკუთრებით – ტკბილეულით) დააბალანსოს. სამწუხაროდ, სიყვარულს რეცეპტით ვერ გამოვწერ.
ფოტო: დუკანის პრეს არქივი