ქართული OK! რეპროდუქტოლოგსა და მეან-გინეკოლოგს, „ინოვა-ინვიტროს“ ხელმძღვანელს − ქეთევან ოსიძეს იმ ტენდენციებზე ესაუბრა, რომელიც „კოვიდ“-კრიზისის პერიოდში ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში გამოიკვეთა.
ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა მრავლისმომცველი ცნებაა. არ არსებობს რეპროდუქციული ჯანმრთელობა ზოგადი ჯანმრთელობის გარეშე. სომატური, ფსიქოლოგიური და სოციალური ურთიერთობების სიმრთელე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ნამდვილად ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ: შფოთვა და შიში ამ ახალი ინფექციის წინაშე, იძულებითი იმობილიზაცია − როგორც წესი, ბინაში, სოციალიზაციის შეუძლებლობა, შვილების პრობლემები, როგორც ფიზიკური აქტივობის შეზღუდვის, ისე ონლაინგანათლების გამო ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესია, რომელსაც ყველა ვერ უმკლავდება. თუმცა, ჩემი აზრით, საზოგადოება ძალიან მალე მობილიზდა და როგორც ყოველთვის, თვითგადარჩენის მექანიზმები ჩაირთო. ვფიქრობ, არავინ შემედავება, რომ დედის როლი ქართულ ოჯახში კიდევ უფრო განსაკუთრებულია, ვიდრე სხვაგან და მისი სიმშვიდე, ენერგიულობა და ჯანმრთელობა მთელი ოჯახის სტატუსზე აისახება.
პანდემიამ ბევრი ჩვენგანი შეცვალა. კარიერული ზრდის შესაძლებლობების შეზღუდულობა, მოგზაურობის შეუძლებლობა, ონლაინ მუშაობის რეჟიმი ფასეულობების გადახედვისა და პრიორიტეტების შეცვლის შესანიშნავი სარჩული გახდა. ბევრი ხუმრობს, რა საინტერესო ოჯახის წევრები მყოლიაო, თუმცა, როგორც ამბობენ, ხუმრობაში მხოლოდ ნაწილია ხუმრობა, დანარჩენი კი სიმართლე.
პირადად მე, სურვილის მიუხედავად, არასდროს მქონდა დროის თვალსაზრისით საშუალება სუფთა ჰაერზე გავსულიყავი და ოჯახისთვის დამეთმო იმდენი დრო, როგორც ამ წელიწადს. საინტერესოა, როგორ ვიგონებთ მიზეზებს, რომ შინიდან გავიდეთ და როგორ შეგვიძლია დავაიგნოროთ რისკზე ფიქრები. ერთმნიშვნელოვნად ბევრი კულინარი და ფერმერი შეემატა ისედაც ნიჭიერ ქართველ ქალებს.
პანდემიის დასაწყისში გამიჩნდა მოლოდინი, რომ ადამიანების უმრავლესობა შვილოსნობის გეგმებს გადადებს. ჩვენი პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციებითაც კი რამდენიმე თვე ორსულობის დადგომისგან თავის შეკავება იყო რეკომენდებული, რათა უცნობი რისკის წინაშე არ დავმდგარიყავით. მალევე გამოიკვეთა, რომ Covid-19 ინფექცია არ ასოცირდება ორსულობაში უფრო გაძლიერებულ ავადობასთან ან დაავადების უფრო რთულ მიმდინარეობასთან. არც „კოვიდის“ გამო ორსულობისა და მშობიარობის გართულებების განსაკუთრებული რისკი არ არის. SARS-CoV-2 ვირუსის ტრანსპლაცენტური ან აღმავალი გზით გადაცემის რისკიც მინიმალურია. შვილოსნობის დაგეგმვისა თუ უშვილობის მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკური კრიზისი და მასთან დაკავშირებული მომავლის შიში. გვეგონა, რომ ჩვენი მომსახურება დროებით ისეთი მოთხოვნადი აღარ იქნებოდა, მით უფრო, რომ უცხოელი პაციენტები, ახალი რეგულაციების გამო, საერთოდ ვერ ჩამოდიან. მინდა გითხრათ, რომ სრულიად საპირისპირო ფაქტის წინაშე დავდექით − არა მარტო ინვიტრო განაყოფიერების მოლოდინში მყოფი პაციენტები, რომელთაც, რა თქმა უნდა, სოციალური ფაქტორების გამო ძალიან ეჩქარებოდათ, არამედ ბევრმა ძველმა პაციენტმა სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტა დაეგეგმა და მომზადებულიყო მეორე და მესამე შვილისთვის.
ვფიქრობ, ონლაინ მუშაობის შესაძლებლობას ის კომფორტი მოაქვს, რომ ადამიანები თავის თავს მეტად ეკუთვნიან და სტრესის გარეშე შეუძლიათ თავიანთი გეგმების განხორციელება. რიგ შემთხვევაში, ვფიქრობ, უბრალო სკრინინგულ კვლევებზეც კი საჭიროზე ადრე მოვიდა პაციენტი − ოღონდ სადმე წავსულიყავითო, კომენტარით. დარწმუნებული ვარ, რომ პანდემიის დამთავრების შემდეგაც მუშაობის და განათლების სტილი მნიშვნელოვნად შეცვლილი დარჩება.
ყველა ქალს ვურჩევ, ისევ და ისევ დაიცვან ჯანმრთელი ცხოვრების წესი, მრავალფეროვანი კვება, წონის კონტროლი, მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა, სუფთა ჰაერზე და მზეზე ცოტა ხნით მაინც ყოფნა. შესანიშნავია ტაბლეტიზებული D ვიტამინი, მაგრამ ფიზიოლოგიურად მიღებული კიდევ უფრო კარგია. ზოგადი უსაფრთხოების გათვალისწინებით, არ მოვუწოდებ არავის უმიზეზოდ ექიმთან მისვლას, თუმცა რეგულაციების დაცვით, საჭირო სკრინინგული კვლევების გადადება არ არის აუცილებელი. მიმართეთ თქვენს გინეკოლოგს − სასურველია ერთსა და იმავე სპეციალისტს, რადგან ძალიან კარგია, თუ მან იცის თქვენი გადატანილი და თანმხლები დაავადებები, რისკ-ფაქტორები, ორსულობის თავისებურებები. ხშირად დანიშნულება პაციენტის სოციალურ საჭიროებებსაც უნდა მოერგოს. მაგალითისთვის, ადამიანს მოკლევადიანი თუ ხანგრძლივი პერიოდით ესაჭიროება კონტრაცეფცია. ამის მიხედვით შერჩეული მეთოდი შესაძლოა განსხვავდებოდეს, საკვერცხის პოლიკისტოზის მკურნალობა კოსმეტიკური პრობლემების მკურნალობაზეა ორიენტირებული თუ დაორსულების სურვილზე...
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქალის ფიზიოლოგია განსხვავდება მამაკაცის შესაძლებლობებისა და ფიზიოლოგიისგან. ქალის კარდიოვასკულარული დაავადებები, ოსტეოპოროზი, ნერვული დაავადებების სტატისტიკა ყოველთვის დაკავშირებულია რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და წონასთან.
განსაკუთრებული ყურადღება ფსიქოლოგიურ და მენტალურ სტატუსს უნდა დაეთმოს. სეზონური დეპრესიაც კი უფრო აქტუალური გახდა, ვინაიდან განტვირთვისა და გადართვის საშუალებები შეზღუდულია. ვფიქრობ, სპეციალისტის დროული ჩართვა კარგი იქნებოდა.
ხანგრძლივი ურთიერთობა პაციენტსა და ექიმს შორის ძალიან სასარგებლოა. აუცილებელია მულტიდისციპლინური მიდგომა − არ არსებობს ცალკე აღებული გინეკოლოგია ან კარდიოლოგია, ყველაფერი ურთიერთკავშირშია. ქალებში ბევრი სისტემის ფიზიოლოგია განსხვავებულად მიმდინარეობს, ვიდრე მამაკაცებში. რა თქმა უნდა, ქალის სიცოცხლის ყველა პერიოდი განსხვავებულია - ახალშობილობიდან პოსტმენოპაუზამდე ფიზიოლოგია და პათოლოგია, დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა სპეციფიკურად იცვლება და გინეკოლოგისა და რეპროდუქტოლოგის მუდმივ ჩართულობას გულისხმობს. ჩვენ კი, სპეციალისტები, ბედნიერები ვიქნებით, თუ ჩვენი როლი მხოლოდ პროფილაქტიკის უზრუნველყოფით შემოიფარგლება.
ამ და სხვა აქტუალურ თემებზე დეტალურად მომდევნო ბლოგ-პოსტებში ვისაუბრებთ.
ფოტო: ალექსეი სეროვი