OK! პირადად გაესაუბრა კოსმეტოლოგ-დერმატოლოგ თურანა ალიევას. მან ინტერვიუში თავისი ცხოვრების ბევრი ისეთი საინტერესო დეტალის შესახებ ისაუბრა, როგორიცაა ოჯახი, პროფესია და საყვარელი საქმიანობა. მისი თქმით, ადამიანის კარიერულ წინსვლაში ყველაზე დიდ როლს სწორედ ოჯახი თამაშობს...
გვესაუბრეთ თქვენ შესახებ.
მე ვარ თურანა ალიევა. დავიბადე 1990 წელს, საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში. დავამთავრე მე-3 საჯარო სკოლა გარდაბანში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, დავამთავრე შპს წმინდა ნიკოლოზის სახელობის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი. სწავლის გაგრძელება დერმატოლოგიის მიმართულებით მსურდა, ამიტომ რუსეთში, სამარის უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა. უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ კი, თურქეთში 6-თვიანი სტაჟირება გავიარე და შემდეგ მუშაობა საქართველოში დავიწყე. უკვე ცხრა წელია, რაც აქტიურად ვმუშაობ კოსმეტოლოგ-დერმატოლოგად.
გვიამბეთ თქვენი განათლებისა და პროფესიის შესახებ.
კოსმეტოლოგიასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას ყოველი წესის დაცვით ვახორციელებ. აქ შედის: full face lift ნებისმიერი ტიპის ქირურგიული ძაფით (cat eyes, jawline, russian lips), მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, ცხვირის კორექცია, V-შეიფი და ა.შ. ადრე V-შეიფი full face lift-ს გარკვეული ასაკის შემდეგ იყენებდნენ. აღნიშნულ პროცედურას უკვე ვახორციელებთ არა პაციენტის ასაკის, არამედ სახის ფორმისა და საჭიროებების შესაბამისად. სახის ფემინიზაციაში V-შეიფს დიდი როლი აქვს, რომელიც სახეს ანიჭებს ფემინინობას და აცოცხლებს მას. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ჩემი პაციენტები კმაყოფილები იყვნენ შედეგით. თავდაპირველად, პაციენტთან ერთად ვმსჯელობთ მისთვის სასურველი პროცედურის შესახებ. წინასწარ ინფორმაციას ვაძლევ იმასთან დაკავშირებით, დაახლოებით რამდენი ხანი გაგრძელდება ესა თუ ის პროცედურა, იგრძნობს თუ არა ტკივილს, იქნება თუ არა შეშუპება და ა.შ. ჩემი მიზანია, შევქმნა ქალი, რომლის ნახვა პაციენტს სარკეში ჩახედვისას სურს.
რითი ხართ დაკავებული თქვენი სამსახურის გარდა?
მე ვზრდი კაქტუსებს. 32 სხვადასხვა სახის კაქტუსი მაქვს. მიყვარს მათგან მიღებული დადებითი ენერგია. აგრეთვე მაქვს 50-მდე სხვადასხვა სახის მცენარე, რომელთაც ვუვლი. გარდა ამისა, სუფთა პარაფინისგან სანთლებს ვამზადებ. ზოგჯერ, როდესაც თავს სულიერად ძალიან დაღლილად ვგრძნობ და მჭირდება ამ ენერგიისგან გაწმენდა, სუფთა პარაფინისგან დამზადებულ სანთლებს ვანთებ და მათ შუქზე მედიტაციას ვატარებ. ვიცლები ნეგატიური მუხტისგან. კვირაში ერთხელ ჩატარებული მედიტაცია საშუალებას მაძლევს მიმდინარე კვირის განმავლობაში თავი დადებითად ვიგრძნო. მაქვს სპორტის ყოველკვირეული პროგრამა. კვირაში რამდენიმე საათი სპორტით ვარ დაკავებული. ამის საშუალებით სულიერად ვიკვებები. სპორტი, ჩემი აზრით, ყველაზე ბუნებრივი ანტიდეპრესანტია. თავისუფალ დროს ძალიან ბევრ კროსვორდსაც ვავსებ. ამით ჩემს უცხო ენის ცოდნას საფრთხე არ ემუქრება, მეტიც − აძლიერებს გონებას. როდესაც დრო მაქვს, ვცდილობ, უცხოელი ექიმების ონლაინკონფერენციებში მივიღო მონაწილეობა, მყავს სტუდენტებიც და ონლაინგაკვეთილებს ვატარებ.
მოგვიყევით იმის შესახებ, თუ როგორ გეხმარებიან თქვენი ოჯახის წევრები.
ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანის კარიერაში ოჯახი უდიდეს როლს თამაშობს − როგორც წარმატებაში, ისე მის წარუმატებლობაში. ჩემი ისტორიის გმირი მამაჩემია. ყოველთვის ოცნებობდა, ექიმი გავმხდარიყავი. ბავშვობიდან ეს აზრი ჩემს გონებაში კოდირებული იყო და გავხდი კიდეც ექიმი. მამა ჩემი საქმიანი პროექტებით ყოველთვის ძალიან დაინტერესებული იყო. რაც ექიმი გავხდი, მუდამ მეუბნებოდა: „შენ ერთი ხელოსანი ხარ“, ვინაიდან რამდენიმე წუთში ან საათში ახალ სახეს ვქმნიდი. მართალია, დღეს ფიზიკურად ჩემთან არ არის, მაგრამ მე მჯერა, რომ სულიერად უხარია ჩემი წარმატება. ეს ფიქრი ყოველდღე სამსახურში უსასრულო ენერგიასა და ძალას მაძლევს. თავს იმ ადგილას ვგრძნობ, სადაც მამაჩემს ჩემი დანახვა სურდა. ეს მანიჭებს უსასრულო ბედნიერებას. მეც მინდა ჩემი ქალიშვილი მომავალში ექიმი გახდეს. დღეს კი, ჩემი ყველაზე დიდი დამხმარე და ენერგიის წყარო დედაჩემია.
გვესაუბრეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ.
მიყვარს წინასწარ დაგეგმილი ცხოვრება. მიჭირს ჩემ მიერ დაწესებული საზღვრებიდან გასვლა. ვგეგმავ საკუთარ დღეს, კვირას, თვეს. ამის მიხედვით ცხოვრება ნდობას მაძლევს. მომდევნო 5 წლის განმავლობაში ორი პროექტი მაქვს დაგეგმილი. ყველა მათგანის განხორციელებას ვგეგმავ საქართველოში. ჩემი სტუდენტების უმრავლესობა უცხოეთში ჩემს პოპულარიზებას ცდილობს, მაგრამ მე მინდა, ხოლო მეორე კოსმეტოლოგებთან ერთად თბილისში დიდი სკოლის შექმნა მინდა, ხოლო მეორე ცენტრის შექმნას კი ბათუმში ვგეგმავ. შემდეგი დიდი პროექტი კი საკუთარი ბრენდის შექმნაა. ვფიქრობ, ბუნებრივი მცენარეებისგან დამატენიანებლის წარმოებაზე. ამ დამატენიანებლის საშუალებით, ყველა ქალბატონი სარკეში თავის გლუვ, ბრწყინვალე, სუფთა კანს დაინახავს. ეს კრემი ცხიმიანი, მშრალი, ასევე ნორმალური კანის ადამიანებისთვის შესაფერისი იქნება. ფიქრობენ, რომ ცხიმიან კანს არ სჭირდება დამატენიანებელი კრემი, მაგრამ ეს ასე არაა. ყველა ტიპის კანს სჭირდება სუფთა და მდიდარი შემადგენლობის მქონე დამატენიანებელი საშუალება. კანის ფერის, ცვლილებების დასამალად კი, სხვა საშუალება არ დაგჭირდებათ. მსურს, ჩემი კრემი შეუდარებელი დამხმარე გახდეს იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც სურთ ჰქონდეთ ლამაზი სახე.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი
ფოტო: ორხან შაბანოვი