ქვეყანა მაშინ არის მდიდარი, როდესაც ღირსეული და მებრძოლი მოქალაქეები ჰყავს. ადამიანები, რომლებიც მიისწრაფვიან დასახული მიზნისკენ. ქართველმა ახალგაზრდა სპორტსმენმა მალხაზ ჩაჩავამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი, თუ გაქვს სურვილი და მოქმედებ შესაბამისად. მან, მიუხედავად თავისი რთული ბავშვობისა და გადატანილი ტრავმისა, შეძლო გამხდარიყო წარმატებული მორაგბე. ახლა კი ცდილობს დაეხმაროს იმავე პრობლემის მქონე ადამიანებს და მოუწოდოს აქტიური და სპორტული ცხოვრებისკენ. OK! პირადად გაესაუბრა მალხაზ ჩაჩავას იმ გზასთან დაკავშირებით, რომელიც მან განვლო იმისთვის, რომ გამხდარიყო წარმატებული და თავდაჯერებული სპორტსმენი.
გვიამბეთ თქვენ შესახებ.
მცირეწლოვანი ვიყავი, როდესაც ავტოკატასტროფა შემემთხვა, რის შემდეგაც 20 დღე კომაში ვიყავი. საბედნიეროდ, ეს სირთულე გადავლახე. მალევე აღმოვაჩინე, რომ სპორტით ვიყავი დაინტერესებული. პირველად რაგბზე 7 წლის ასაკში შევედი. ამის შემდეგ რამდენიმეჯერ მომიწია მისთვის თავის დანებება ოპერაციების გამო. როდესაც 20 წლის გავხდი, მივხვდი, რომ ისინი, ვინც ჩემთან ერთად თამაშობდნენ, იყვნენ შედარებით ძლიერები. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე რაღაც ახალი გამეკეთებინა ამ მიმართულებით, რაც ჩემნაირ ბიჭებს საშუალებას მისცემდა ეთამაშათ და გამოევლინათ თავიანთი შესაძლებლობები.
გვესაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ სპორტის რომელი სახეობებით იყავით დაკავებული.
10 წლის ასაკში შევედი კარატეზე, ამის შემდეგ კი კალათბურთის თამაში დავიწყე. ვინაიდან ბაბუაჩემი ცნობილი სპორტსმენი, ზურაბ საკანდელიძე იყო, ვიფიქრე, რომ მეც წარმატებული ვიქნებოდი კალათბურთში, თუმცა ასე რომ არ მოხდა, კალათბურთს თავი დავანებე და დავიწყე რაგბის თამაში. ყოველთვის ვცდილობდი, წარმომეჩინა საკუთარი თავი. მსურდა გამეკეთებინა ის, რაც არ გამომდიოდა. რაგბის საშუალებით გავიგე, რომ ყველაფერი, რისი გაკეთებაც რთული მეჩვენებოდა, რეალურად შესაძლებელი და დაძლევადი იყო. ყოველივე ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ რაგბის მწვრთნელი ჩემ მიმართ მეგობრულად იყო განწყობილი და გვერდით მედგა. სწორედ მან გადამალახინა სირთულეები ცხოვრებაში. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ საბოლოოდ რაგბს გავყევი, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩემს მწვრთნელს, გიორგი ჭყოიძეს. იგი ყოველთვის ყველაფერში მეხმარებოდა და მარწმუნებდა, რომ ბევრი რამის გაკეთება შემეძლო.
გვესაუბრეთ იმ სირთულეების შესახებ, რომლებიც დასახული მიზნისკენ სწრაფვის დროს შეგხვდათ.
თავდაპირველად, არ შემეძლო სირბილი და ვერიდებოდი დაჯახებას რაგბის თამაშის დროს, თუმცა გადავლახე ეს სირთულეები. ჩემი მწვრთნელის დამსახურებით, ვარჯიშის დროს აღმართზეც დავრბოდი და რაგბსაც უშიშრად ვთამაშობდი. მან შემმატა რწმენა, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შემეძლო.
ვინ ან რა წარმოადგენს თქვენს მამოტივირებელ ძალას?
ჩემი მამოტივირებელი ძალა ჩემივე მწვრთნელია. როგორც უკვე აღვნიშნე, იგი მუდმივად ცდილობს, დამაჯეროს, რომ კარგად ვთამაშობ რაგბს და ბევრსაც მივაღწევ სპორტის ამ სახეობაში.
თქვენი სამომავლო გეგმები.
ორი მთავარი მიზანი მაქვს: მინდა, შეზღუდულ შესაძლებლობათა პირების სპორტში ჩართულობას შევუწყო ხელი და შევქმნა ჯგუფი რაგბის მიმართულებით მათთვის, ვისაც ხელსა და ფეხთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. ჯერჯერობით მხოლოდ სამნი ვართ, თუმცა მჯერა, რომ კიდევ ბევრი შემოგვემატება და დაინტერესდება ამ იდეით. ჩვენ ერთიანი ძალებით მივაღწევთ იმას, რომ აღნიშნული პრობლემის ადამიანები არათუ ჩაიკეტონ შინ, არამედ გამოვიდნენ და დაკავდნენ სპორტით. მინდა ირწმუნონ, რომ არსებობს მათი სპორტში ჩართულობის შანსი.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი