კლინიკა „კონფიდენტალი“ 2012 წელს ბესიკ ხავთასის მიერ დაფუძნდა და ძალიან საინტერესო გზა გაიარა დღევანდელ დღემდე. კლინიკა აღჭურვილია პაციენტისთვის ყველა აუცილებელი და საჭირო პროცედურით. OK! „კონფიდენტალის“ კლინიკურ ხელმძღვანელს, რუსკა ჭაღიაშვილს ესაუბრა.
რუსკა, რამდენი ხანია, რაც კლინიკა „კონფიდენტალი“ ბაზარზე ოპერირებს?
2018 წლიდან მე გავხდი კლინიკური ხელმძღვანელი და გადავიბარე ყველა ის საორგანიზაციო საკითხი, რომელიც ეხება კლინიკის მართვას. განხორციელდა კლინიკის სრული რებრენდინგი, სრულად განახლდა როგორც ტექნიკური მხარე, ასევე მოხდა საკადრო ცვლილებები − ძველი კადრები ჩავანაცვლეთ უფრო კვალიფიციური და თანამედროვე ტექნოლოგიების მცოდნე ექიმებით.
რა სახის პროცედურებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენ ვთავაზობთ ყველა იმ მომსახურებას, რომელიც ეხება პირის ღრუს როგორც ჯანმრთელობას, ასევე ესთეტიკას. ეს არის თერაპიული მკურნალობა, ორთოპედია, პაროდონტოლოგია, ორთოდონტია, იმპლანტაცია, პირის ღრუს ქირურგია, ბავშვთა სტომატოლოგია და ესთეტიკური სტომატოლოგია, რომელიც ბოლო წლებში ძალიან აქტუალური და მოთხოვნადი გახდა, ამიტომ ჩვენს კლინიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
გვესაუბრეთ სპეციალისტებზე.
რაც შეეხება სპეციალისტებს, კლინიკა ძირითადად დაკომპლექტებულია კვალიფიციური, გამოცდილი ექიმებით, თუმცა გვყავს ახალბედები, რომლებიც მუშაობენ თანამედროვე პროტოკოლებით, აქვთ მოტივაცია, რომ არაფრით ჩამოუვარდებიან გამოცდილ ექიმებს, ამიტომაც ვეძებ ასეთ კადრებს და ვუწყობ ხელს პროფესიულ განვითარებაში.
როგორც აღნიშნეთ, მცირეწლოვანი ბავშვების მომსახურებაც გაქვთ. გვესაუბრეთ ამაზე.
დიახ, ცალკე გვაქვს ბავშვთა კაბინეტი, სადაც ჩვენს პატარა პაციენტებს ვმკურნალობთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ბავშვი პირველად მოდის სტომატოლოგთან, რადგან არასწორმა მიდგომამ შესაძლოა ცუდი გავლენა მოახდინოს მის ფსიქიკაზე. პირველი ვიზიტი გვაქვს გაცნობის, ვცდილობთ ყურადღება გადავატანინოთ, ამაში პატარას ხელს უწყობს ის სათამაშოები და გარემო, რომელიც ბავშვთა ოთახშია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი ბავშვთა ექიმები არიან, რომლებიც პირველსავე წუთიდან ზრუნავენ პატარა პაციენტებზე.
როგორია პაციენტებთან მიდგომის პრინციპი?
პირადად მე, ოცწლიანი გამოცდილება მაქვს და ამ პერიოდში უამრავი პაციენტი მეგობარი შევიძინე − ცნობილი და არაცნობილი სახე, რომლებიც ერთნაირად ძვირფასია ჩემთვის. პაციენტები თავად აღნიშნავენ, რომ ძალიან ოჯახური გარემოა − ადმინისტრაციიდან დაწყებული, ჩვენი დიასახლისით დამთავრებული, ყველა ზრუნავს მათ კომფორტზე და სასიამოვნო გარემოს შექმნაზე. ხანდახან ის დამღლელი და ხანგრძლივი პროცედურებიც კი მარტივად ეჩვენებათ. ჩვენთვის მთავარია მიიღონ მაღალკვალიფიციური მომსახურება და ის შედეგი, რომელიც მათთვის მისაღები და სასურველი იქნება.
გვესაუბრეთ შედეგებზე.
შედეგზე ორიენტირებული ადამიანი ვარ და თანაც, მაქსიმალისტი − საკუთარ თავსაც და სხვასაც ვთხოვ შესაძლებლობის მაქსიმუმს. რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო ამ გზის გავლა, უამრავი წინააღმდეგობა და სირთულე გადავლახე და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ მიღწეულით, მაგრამ ეს ის არ არის, რაც მინდა და რისი სურვილიც მაქვს მომავალში გავაკეთო, რადგან გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ფილიალის გახსნაა.