თაფლისა და წყლისგან დამზადებული ნატურალური პროდუქტი „ზზიპი“ უკვე 4 თვეა, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და ამ დრომდე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპები გაიარა. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საზოგადოებას დაეხმაროს ჯანსაღი ცხოვრების დაწყებაში და ასევე, იყოს მეფუტკრეობის დარგის განვითარების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი. OK! „ზზიპის“ დამფუძნებელს, ლუკა სულაბერიძეს ესაუბრა, რომელიც დეტალურად გვიამბობს კომპანიის მიზნებისა და იდეების შესახებ.
გაგვაცანით „ზზიპი“− რა არის მისი ძირითადი მიზანი და როგორ გაჩნდა იდეა?
„ზზიპის“ პროექტი ნატურალური თაფლიანი წყლის წარმოებას გულისხმობს. იდეა პრობლემების გაანალიზების შემდეგ გაჩნდა, რომელიც ბაზარზე ნატურალური თაფლიანი წყლის არარსებობას გულისხმობს.
კვლევების პროცესში გაირკვა, რომ ნატურალური თაფლიანი წყალი დანამატების გარეშე ერთი ან ორი დღის განმავლობაში ძლებს, რაც ჩემს პირად დაკვირვებას ეყრდნობოდა. სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, გამემყარებინა და დამემტკიცებინა საკუთარი ვარაუდი, ამიტომ მივმართე მეფუტკრეთა გილდიის ასოციაციის თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი კეპაშვილს, რომელმაც დამიდასტურა, რომ როდესაც თაფლი იხსნება წყალში, ორი დღის შემდეგ კარგავს იმ დადებით თვისებებს, რომელსაც შეიცავს. „ზზიპი“ დღესაც ახორციელებს ბატონ გიორგისთან კომუნიკაციებს, რომელიც თაფლთან მიმართებაში აქტიურად გვაძლევს რჩევებს. „ზზიპის“ ინოვაციურობა იძლევა ამ პრობლემის გადაჭრის საშუალებას. მისი იდეა მდგომარეობს სასმელის სტრუქტურაში − „ზზიპი“ შედგება ორი კომპონენტისგან, ეს არის საცობი, რომელიც მოთავსებულია ბოთლის თავზე და თაფლითაა სავსე, ხოლო მეორე ნაწილი არის წყლით სავსე ბოთლი. თაფლი და წყალი ერთმანეთისგან არის განცალკევებული, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ თაფლმა არ დაკარგოს თავისი სასარგებლო თვისებები და ამავდროულად მისი ვადა იყოს ხანგრძლივი.
გვესაუბრეთ „ზზიპის“ ინოვაციურობაზე.
„ზზიპი“ ინოვაციურია მისი შემადგენლობისა და ღირებულების მხრივ. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ბაზარზე ვხვდებით უამრავ თაფლიან წყალს, მათი უმრავლესობა შეიცავს ქიმიურ არომატიზატორებს და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს. შესაბამისად, მომხმარებელი არ იღებს ნატურალურ პროდუქტს და ის მხოლოდ გემოვნურ თვისებას ატარებს. „ზზიპის“ უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის არის 100%-ით ნატურალური და არანაირი ქიმიური დანამატი არ გააჩნია, შედგება მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან, ესენია: თაფლი და წყალი.
ვინაიდან თაფლიანი წყლის ვარგისიანობა არის მხოლოდ ორი დღე, ეს პრობლემა ძალიან მაწუხებდა, იმიტომ, რომ ამ პროდუქტის ყოველდღიური მომხმარებელი ვიყავი და იყო მომენტები, როდესაც ვერ ვახერხებდი მის მიღებას. აქედან გამომდინარე, დამებადა ისეთი იდეა, რომელიც თაფლიან წყალს შეუნარჩუნებდა თავის დადებით თვისებებს და არ დასჭირდებოდა ქიმიური ჩარევა, რათა არ გაფუჭებულიყო. ამ პრობლემის გადაჭრის ძიებაში მივედი უნიკალურ გადაწყვეტილებამდე და შეიქმნა პროდუქტი, რომელსაც მომხმარებლამდე შეუძლია მიიტანოს სრულიად ნატურალური სასმელი, ქიმიური და შემნახველი დანამატების გარეშე, და რაც მთავარია, შენახვის ვადა გაზარდოს ერთ წლამდე. საბოლოო პროდუქტი შედგება ორი კომპონენტისგან, ესენია: ჩვეულებრივი ბოთლი და თაფლით სავსე თავსახური.
როგორია მისი გახსნის ინსტრუქცია?
რაც შეეხება გახსნის ინსტრუქციას, ძალიან მარტივია. ის შედგება ოთხი საფეხურისგან: 1.ზედა თავსახურის გადატრიალება 2.ზემოდან დაჭერა 3.შენჯღრევა, რომ თაფლი გაიხსნას წყალში და 4.დალევა.
თაფლისა და ზოგადად, პროდუქციის ხარისხი, რომელსაც იყენებთ...
„ზზიპ“-ი შედგება ნატურალური თაფლისგან და მინერალური წყლისგან. თაფლს ვიძენთ მეფუტკრეებისგან, რომლებთან კომუნიკაციაშიც გვეხმარება მეფუტკრეთა გილდიის ასოციაცია. შემდეგ ხდება თაფლის სინჯების აღება და სკების დალუქვა. აღებული სინჯები მოწმდება ლაბორატორიულად, და თუ დააკმაყოფილებს სტანდარტს, უკვე ხდება დალუქული სკების გაღება და მეფუტკრისგან თაფლის შეძენა. რაც შეეხება წყალს, „ზზიპი“ იყენებს ჩარგლის წყაროების წყალს, რომელიც სერტიფიცირებულია და აქვს მინიჭებული „ა“ ტიპის წყლის სტატუსი.
სად შეგვიძლია მისი შეძენა?
„ზზიპი“ დღესდღეობით იყიდება 300 მაღაზიაში. აქედან „სპარის“ 200, „სმარტის“ 5 და „მარი მარკეტის“ ერთ ქსელურ მაღაზიებში, ხოლო დანარჩენი 100 მაღაზია განთავსებულია დასავლეთ საქართველოს მასშტაბით.
ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?
„ზზიპის“ მომხმარებლები გახლავან ადამიანები, რომლებიც დაკავებული არიან ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესით. „ზზიპს“ აქვს ენერგეტიკული ღირებულება, რომელსაც სპორტსმენები ძალიან აქტიურად იყენებენ. ასევე „ზზიპი“ გათვლილია ისეთ მომხმარებელზე, რომელიც გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებს მთელი დღის განმავლობაში საკვების მიღებას. „ზზიპს“ ასევე ყიდულობენ ადამიანები, რომლებმაც უკვე იციან, თუ რა დადებითი თვისებების მატარებელია თაფლიანი წყალი და მათთვის ამ პროდუქტის მიღება ყოველდღიურ რიტუალს წარმოადგენს.
სამომავლო გეგმები.
ახალი პარტიის წარმოება დაიწყება უკვე ასორტიმენტის გაზრდით. დღეს „ზზიპს“ აქვს მხოლოდ ერთი სახის თაფლი და ეს არის ე.წ. მაისის თაფლი. 2021 წელს დაიწყება რიგით მეორე „ზზიპის“ წარმოება და კომპანიას უკვე ექნება ოთხი სხვადასხვა სახეობის თაფლი, ესენია: მთის, ცაცხვის, მაისის და წაბლის. ასევე, როდესაც „ზზიპი“ წარმატებას მიაღწევს საქართველოს ბაზარზე, უკვე შეგვეძლება ექსპორტზე ფიქრი და ჩვენს რეგიონში „ზზიპის“ ბრენდის გატანა. მინდა კიდევ ერთი სიახლე გაგაცნოთ: ეს არის „ზზიპის“ კაფე-მაღაზიის გახსნა, რომელიც მდებარეობს ფხოვის 1 ნომერში, სადაც წარმოდგენილი იქნება მხოლოდ თაფლის ნაწარმი. ასევე იქნება გამორჩეული თაფლის პროდუქტები, რომლებიც უკვე სამკურნალო კუთხით გამოიყენება. ამჟამად კაფე-მაღაზიის რემონტი მიმდინარეობს და მალე გახსნაც იგეგმება.