დღესდღეობით მასაჟის ხელოვნება ძალიან დაიხვეწა და მას საკმაოდ აქტიურად მიმართავენ როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები. თანდათან ჩამოყალიბდა მასაჟის სისტემები, სახეობები, მეთოდები და ფორმები. მისი მიზანია ორგანიზმის გაჯანსაღება და სხეულის ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის აღდგენა. მასაჟის გაკეთება შეიძლება როგორც ხელით, ისე აპარატით.
მასაჟი, როგორც მიმართულება, შეიძლება ორი ძირითადი დანიშნულებით გამოვიყენოთ, ესენია: სამკურნალო-გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო. სამკურნალო მასაჟი სხვადასხვა ტრავმისა და დაავადების სამკურნალოდ ტარდება, ხოლო სარელაქსაციო მასაჟის გამოყენების შემთხვევაში, დუნდება კუნთები, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ორგანიზმში აქტიურდება რეგენერაციული პროცესები, ქრება დაძაბულობა და სტრესი... გარდა ამისა, მასაჟი ორგანიზმზე მრავალგვარ ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს: სხეულში სასიამოვნო სითბოს შეგრძნებას, გუნება-განწყობილებისა და ტონუსის მომატებას უწყობს ხელს.
ბოლო პერიოდში უფრო ფართოდ ინერგება აპარატურული მასაჟი, რომელიც ორგანიზმზე მექანიკურ სტიმულირებას ახდენს. მიმართულია ლოკალური ცხიმების შემცირებაზე, ცელულიტის მკურნალობაზე, სხეულის კონტურის მოდელირებაზე, კანის გამკვრივებასა და ლიფტინგზე. მისი მექანიკური ზემოქმედება აუმჯობესებს კანის ზედაპირს, ებრძვის ე.წ. ფორთოხლის კანს. ხსნის შეშუპებებს, შეგუბებებს, აქტიურდება ლიპოლიზი, ებრძვის ფიბროზულ ცელულიტს, აუმჯობესებს კანის ტონუსს და ძალიან სწრაფად ხსნის კუნთების სპაზმს. ასევე, ხსნის ვენური უკმარისობის სიმპტომებს და აახალგაზრდავებს კანს.
ანტიცელულიტური და სხეულის საკორექციო მასაჟი საკმაოდ ძლიერი მანიპულაციაა. ამ დროს სხეული რბილდება, ამიტომაც გამამკვრივებელი პროცედურებიც აუცილებელია. თანაც, მათი დამსახურებით, სხეული იმაზე ბევრად უკეთეს ფორმას იღებს, ვიდრე ჩვეულებრივი ვარჯიშისას, რადგანაც მასაჟის დროს ადამიანი ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია და ელექტროდებსაც სწორედ კონკრეტულ, პრობლემურ ადგილებზე ვათავსებთ.