დღეს, როდესაც მსოფლიოს ყურადღება პანდემიასთან ბრძოლისკენაა მიმართული, ხშირად გვესმის, რომ სამედიცინო პერსონალი წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანებისგან შედგება და ყველაზე მეტად მათ უნდა გავუფრთხილდეთ. ამ „ომში“ გენერლებს ყველა ვიცნობთ, მაგრამ „ჯარისკაცებს“ – ნაკლებად. არადა, სწორედ ის „ჯარისკაცები“ არიან, რომლებიც ჩვენი სიცოცხლისთვის თავდაუზოგადავად იბრძვიან.
OK! ლაბორატორიას „მედ-დიაგნოსტიკა“ ეწვია და გადაწყვიტა, ერთი ლაბორატორიის მაგალითზე თქვენთვის ეჩვენებინა ადამიანები, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ და ყოველ წუთს დაინფიცირების საფრთხის წინაშე დგანან. ეს რიგითი ლაბორანტები დღეში 1500-მდე ტესტს ატარებენ, აანალიზებენ და ჩვენს ავადობას იკვლევენ. ჩვენ, მოქალაქეები კი, მოუთმენლად ველით მათგან პასუხებს.
გენეტიკური კვლევების ლაბორატორია „მედ დიაგნოსტიკა“ ქართულ კვლევით სივრცეში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და საქართველოში იმ ულტრათანამედროვე კვლევებს გვთავაზობს, რომელიც მსოფლიოში უახლეს და ძალიან საჭირო მიმართულებას წარმოადგენს.
„მედ დიაგნოსტიკა“ ნათია ცაბუტაშვილისა და ზაალ კოკაიას თაოსნობით დაფუძნდა და მიზნად გენეტიკური კვლევების მიმართულების ახალ საფეხურზე აყვანას და ამ უდიდესი შესაძლებლობების საქართველოში ხელმისაწვდომობას ისახავს. სწორედ ზაალ კოკაიაა ის მეცნიერი და ადამიანი, რომელიც ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიისა და რეგენერაციული მედიცინის მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით აქტიურად საქმიანობს.
მძლავრი კვლევითი და ლაბორატორიული კერის განვითარებას ეკონომიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს და წინსწრებად არაერთი დანახარჯის შემცირების უზრუნველყოფა შეუძლია. ეს კი, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე რიგითი პაციენტისა და სადაზღვევო სისტემისთვისაც ღირებული შეღავათია. გამომდინარე მისი სამეცნიერო, პრევენციული და სამკურნალო ღირებულებიდან, სულ უფრო და უფრო იზრდება საჭიროება და მოთხოვნა მსგავსი ტიპის კვლევებზე, რომელიც მაღალი სტანდარტით ტარდება და სანდო შედეგებს გვაძლევს. „მედ დიაგნოსტიკა“ სწორედ ამ კვლევების ვალიდურ მონაცემებს უზრუნველყოფს.
მათი სამომავლო ხედვა იმედითაა სავსე, წინ უამრავი მისაღწევი მიზანია დასახული და სჯერათ, რომ ყველა რთული პერიოდის შემდეგ აუცილებლად კარგი ხანა დადგება და 2021 წელი ბევრ საინტერესო სიახლესთან ერთად, სტაბილურობისკენ მიმავალი წელიწადი იქნება.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი