მარინა ჩინჩალაძე − ამიერკავკასიაში შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Alpen Pharma-ს წარმომადგენლობის დირექტორი. Alpen Pharma მსოფლიოში და საქართველოში.
ფარმაცევტული კომპანია Alpen Pharma AG 1997 წელს შვეიცარიაში დაარსდა. ამჟამად იგი აერთიანებს ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებელ, საპრომოციო და სადისტრიბუციო კომპანიებს. დღეისათვის კომპანია Alpen Pharma AG-ი დინამიკურად ვითარდება და წარმატებით საქმიანობს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე აზიის ქვეყნებში.
კომპანია Alpen Pharma AG-ის დევიზი არის „ჯანმრთელობის სახელით!“ ამიტომ, იგი ცდილობს ცნობილი ევროპული ფარმაცევტული კომპანიების პრეპარატები ხელმისაწვდომი გახადოს იმ ქვეყნის ექიმებისთვის, ფარმაცევტებისა და პაციენტებისთვის, სადაც არის წარმოდგენილი. Alpen Pharma-ს პორტფელში არსებული ყველა მედიკამენტი უსაფრთხო, ეფექტური და ხელმისაწვდომია.
Alpen Pharma AG-ის თანამშრომლების პროფესიონალიზმი და პარტნიორების უბადლო რეპუტაცია უკვე მრავალი წელია უზრუნველყოფს პაციენტების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და აღწევს ახალ სიმაღლეებს ფარმაცევტულ ბიზნესში. კომპანიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას კლინიკური კვლევების ორგანიზება და ჩატარება წარმოადგენს საერთაშორისო GCP-ის სტანდარტით.
Alpen Pharma AG-ის ისტორია საქართველოში 2012 წლიდან იწყება, როცა თბილისში Alpen Pharma AG-ის წარმომადგენლობითი ოფისი გაიხსნა. პაციენტებთან ახლოს ყოფნის მისწრაფებით, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით, კომპანია დღეისათვის მუშაობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რაც უზრუნველყოფს ჩვენი პროდუქციის მთელ სპექტრთან წვდომას.
Alpen Pharma AG-ის ღირებულებები და მიზანი
მაია ქვაჩაკიძე − შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Alpen Pharma-ს პროდაქტმენეჯერი.
კომპანია Alpen Pharma AG-ის მთავარ ღირებულებას ადამიანი წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენი კომპანიის პასუხისმგებლობა მედიკამენტების ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე, გვეხმარება ხარისხიანი პრეპარატები შევთავაზოთ სამიზნე აუდიტორიას: ექიმი, ფარმაცევტი, პაციენტი... ეს კი აჯანმრთელებს ადამიანებს და მათ ცხოვრებას აუმჯობესებს.
კომპანია Alpen Pharma AG სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული და ეთიკური კომპანიაა, რომელიც აწვდის საზოგადოებას მკურნალობისა და პროფილაქტიკის ინოვაციურ მეთოდებს. ამ მიზნით, კომპანია Alpen Pharma დიდ ყურადღებას უთმობს სამედიცინო და სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების პრაქტიკოსი ექიმების, ასევე, ფარმაცევტებისა და ფარმაცევტული პროდუქტების მომხმარებლის განათლებას სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციებისა და სემინარების სახით, რაც უზრუნველყოფს გამოცდილების გაზიარებას. კომპანია ცდილობს დანერგოს საგანმანათლებლო პროგრამები ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
კომპანია Alpen Pharma AG წარმოადგენს მრავალი სამედიცინო-სოციალური პროგრამის ინიციატორს და განმხორციელებელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, რომლებიც მიმართულია ასობით ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და შენარჩუნებისთვის. მაგალითისთვის, ასეთი პროექტებია:
„ბავშვების ჯანმრთელობა − ერის ჯანმრთელობაა“, „ხმის დღე“, „სასუნთქი სისტემის PIN-ი“ და ახალი სამედიცინო-სოციალური პროექტი „40+“.
პროექტის „40+“ პრეზენტაცია განხორციელდა 2019 წლის 16 ნოემბერს სხვადასხვა სამედიცინო ასოციაციისა და Alpen Pharma-ს თანამონაწილეობით. პროექტი „40+“-ის სლოგანია „ასაკი უპირატესობაა!“, რითაც ჩვენ ვამართლებთ კომპანიის სლოგანს − „ჯანმრთელობის სახელით!“
ფიზიოლოგების განმარტებით, 40 + ადამიანის ბუნებრივი სასიცოცხლო ციკლია. პროექტის „40+“ ფარგლებში, ორივე სქესის მაღალი ჩართულობითა და ინფორმირებულობით, გვინდა დავამტკიცოთ, რომ „ცხოვრება ახლა იწყება“ და ის არის ძალიან საინტერესო, მიმზიდველი და ორიგინალური.
40+ საინტერესო და მნიშვნელოვანი ასაკი
მაკა გეგეჭკორი − თსსუ-ს პროფესორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი და საქართველის გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპის, ე.წ. მესამე პერიოდის მნიშვნელოვან სამედიცინო მართვაზე და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე დიდი ხანია ვფიქრობ. ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მენოპაუზას, როგორც მნიშვნელოვან რეპროდუქციულ ეტაპს. თავად პროფ. ზ. საბახტარაშვილი ჩაუდგა სათავეში ქალთა პოპულაციის ამ ჯგუფის კლინიკურ კვლევას, სამედიცინო მედიაში არსებული თანამედროვე მართვის სტრატეგიის დანერგვას, სამეცნიერო-პრაქტიკულ თუ პოპულარულ ლექციათა კურსს. ეს ენთუზიაზმი მის მოსწავლეებსაც გადაგვედო და ჯერ კიდევ ამ ასაკობრივი კატეგორიიდან თავად საკმაოდ შორს მყოფნი, ვცდილობდით გაგვეზიარებინა ამ მიმართულებით მსოფლიო მიღწევები, კვლევის შედეგები და კლინიკური პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება. ახლა, როდესაც ბევრმა წელმა ჩაიარა და თავად მოვხვდი ამ ასაკობრივ კატეგორიაში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი 40+ ასაკის განსაკუთრებულ მნიშვნელობაში და დავფიქრდი, გარდა სამედიცინოსი, ამ ეტაპის სხვა ძალიან მნიშვნელოვან, სოციალურ ასპექტებზე. და დღეს, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა და მისივე სახელობის საქართველოს გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთა ასოციაცია, პროექტით „40+ – ასაკი − უპირატესობაა“ ცდილობს კონკრეტული საქმით წარმოაჩინოს აქტუალური სამედიცინო-სოციალური ასპექტები.
ასაკის მატება, ხანდაზმულობა, მესამე ეტაპი, დაბერების პროცესი, ფიზიოლოგიური ინვოლუცია, „ცხოვრების შემოდგომა“... უსასრულოდ შეიძლება სინონიმის მოძებნა, ზოგი პირდაპირია და ხისტი, ზოგიც − ზომიერად ტაქტიანი... ბევრისთვის ეს პროცესი ასოცირდება დაუძლურებასთან, ფიზიკურ ტკივილთან, ავადობასთან, სიმარტოვესთან. ანუ, მის აღქმაში ჭარბობს ნეგატიური სტერეოტიპი. ასეთი წინასწარგანწყობები თავისთავად უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და აჩქარებს დაბერების პროცესს. მეორე მხრივ, ასაკობრივი პრობლემებისგან გაქცევა და მასთან ასოცირებულ უამრავ ცვლილებაზე თვალის დახუჭვა, არაფრით არ შეიძლება. ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი საკუთარ თავს, როგორია მისი დამოკიდებულება ასაკის ზრდასთან. დღეს, როდესაც მსოფლიოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შესაშურად იზრდება, გარდა იმისა, რომ იხვეწება დაავადებების დიაგნოსტიკისა და მართვის მეთოდები, ბევრს საუბრობენ ე.წ. ცხოვრების ხარისხზე (QOL – Quality of Life), ახალგაზრდობის გახანგრძლივებაზე.
დაბერების პროცესი სადავეებს იღებს რეპროდუქციული სისტემის ინვოლუციიდან რამდენიმე წელიწადში. ქალებში მენოპაუზა (კლიმაქსი), მამაკაცებში ტესტოსტერონის შედარებითი დეფიციტი (ანდროპაუზა) არის პროცესის ინიციაცია და პოსტნატალური ონტოგენეზის კანონზომიერი ეტაპი − ასაკი გენეტიკურად დაპროგრამებული ფიზიოლოგიაა. XXI საუკუნის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია დაბერების ეფექტური თერაპია და ამაში ძირეული როლი მიუძღვის რეპროდუქციულ ასპექტებს. 40 + − ეს ასაკი, ქალებშიც და მამაკაცებშიც, გამოირჩევა საკმაოდ სოციალური აქტივობით, ცხოვრებისეული თუ პროფესიული გამოცდილებით. მნიშვნელოვანია ამ ასაკზე ზრუნვა − სამედიცინო სამკურნალო-პროფილაქტიკული სპეციფიკური ორიენტირების ადაპტაცია, სპეციალისტების რაციონალური თანამშრომლობა, სწავლება-ტრენინგი, განათლება. რა თქმა უნდა, ეს არ არის ადვილი. სწორედ აქ ვხედავთ ასოციაციის მნიშვნელოვან როლს, რომელიც იქნება ერთი მხრივ, დასაყრდენი პლატფორმა სამედიცინო განათლების, სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა კავშირის, დარგში მომუშავე უცხოელ პროფესიონალთა და ექსპერტთა თანამშრომლობისთვის, და მეორე მხრივ, სახელმწიფო და ჯანდაცვის სტრუქტურებთან ურთიერთობის ერთგვარი ხიდი. ყოველ შემთხვევაში, ამის პრეტენზია და მოლოდინი პროექტს აქვს.
კლიმაქტერულ პერიოდში სიმპტომთა მრავალფეროვნების გამო, ქალი შესაძლოა მოხვდეს ნევროლოგთან და ფსიქიატრთან − გუნება-განწყობის, ლაბილური ემოციურობის, დეპრესიული სინდრომის, ძილის დარღვევების გამო... კარდიოლოგს ხშირად მიმართავენ გულ-სისხლძარღვოვანი სიმპტომების ფონზე; ენდოკრინოლოგთან ვიზიტი ასოცირდება ე.წ. გარდაუვალ ასაკობრივ წონის მატებასთან, სიმსუქნესთან, ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევასთან; რევმატოლოგები და ე.წ. ისტეოლოგები (ძვლისა და საყრდენი სისტემის სპეციალისტები) საქმეში ერთვებიან ძვლებთან და სახსრებთან დაკავშირებული არსებული თუ პერსპექტიული (ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი) პათოლოგიების გამო; შარდვასთან ასოცირებული დელიკატური პრობლემები და მამაკაცთა ასაკობრივი ცვლილებები უროლოგების პროცესში ჩართვის აუცილებლობას მოითხოვენ. დიახ, სპეციალისტთა ეს სპექტრი არასრულია... სასიამოვნოა − ქალები მიხვდნენ, რომ საინიციაციო ვიზიტი მაინც გინეკოლოგთან (რეპროდუქტოლოგთან) საჭიროა არა მარტო უკვე ჩამოყალიბებული პათოლოგიური სიმპტომოკომპლექსის გამო, რომელიც კლიმაქტერულ სინდრომზე მიუთითებს, არამედ კლიმაქტერიულ პერიოდში არსებულ ცვლილებებზე სასაუბროდ, გათვითცნობიერებისა და ინფორმირებულობისთვის. ასევე, ძალიან შემაწუხებელი, სიმპტომთა შორის „პირველი მერცხლის“ − ვაზომოტორული ცვლილებების გამო − ალები/შეხურება, ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი), შემცივნება, შრომის უნარის მკვეთრი დაქვეითება, ტირილიანობა/გულჩვილობა, დეპრესიისადმი განწყობა, თავის გარეგნობით უკმაყოფილება და რეალური გარეგნული, ესთეტიკური ცვლილებები; დელიკატური პრობლემები, დაკავშირებული როგორც საშარდე სფეროსთან, ისე სექსთან და სქესობრივ ცხოვრებასთან... ერთი მარტივი ფრაზით − ცხოვრების ხარისხის დაქვეითებასთან... ყველა ეს ცვლილება, სიმპტომი თუ სიმპტომოკომპლექსი დაკავშირებულია საკვერცხის მიერ ქალის სასქესო ჰორმონების, გარკვეულ ასაკობრივ ეტაპზე პროგესტერონის და შემდგომ ესტროგენების, სინთეზის შეწყვეტასთან. თუ გავითვალისწინებთ, რომ სასქესო ჰორმონებზე სრულად არის დამოკიდებული ქალის ორგანიზმის ყველა ქსოვილი, ორგანო და სისტემა, ორგანიზმის ასეთი სიმპტომური „პროტესტი“ გასაგები ხდება. კორექციის − მკურნალობისა და პრევენციის ოქროს სტანდარტია ჰორმონული ჩანაცვლებითი (მენოპაუზური) თერაპია, თუმცა სამედიცინო უკუჩვენებებისა და სიფრთხილის გათვალისწინებით, ყველასთვის არ შეიძლება. ეს სწორედ ის საკითხია, რომელიც გათვითცნობიერებულმა ექიმმა უნდა შეაფასოს. დაუშვებელია თვითმკურნალობა... არსებობს ალტერნატიული თერაპია მათთვის, ვისთვისაც ჰორმონოთერაპია რისკია ან არ სურს. ასევე უმნიშვნელოვანესია, სიმპტომთა უპირატესობის მიხედვით, სხვა სპეციალისტების ჩართვა და პრობლემების ერთობლივი მართვა.
ადამიანის ცხოვრების დიდი პერიოდი სწორედ სიბერის „სამზადისშია“. ძალაუნებურად გახსენდება ძველი ჩინური სიბრძნე: „ახალგაზრდობა − 20 წლამდე, ქორწინების ხანა − 30 წლამდე, საზოგადოებრივი დავალებების შესრულების ხანა − 40 წლამდე, საკუთარი შეცდომების გააზრების ხანა − 50 წლამდე, შემოქმედებითი ცხოვრების უკანასკნელი პერიოდი − 60 წლამდე, სასურველი ასაკი − 70 წლამდე, სიბერე − 70 წლის შემდეგ. დიახ, მესამე პერიოდი სასურველია, ღირსეულია, როდესაც იმკი მთელ ცხოვრებას... ასაკი უპირატესობაა. სწორედ ეს არის სამედიცინო-სოციალური პროექტის „40+...“ სლოგანი. მისი მიზანია ასაკის მრავალმხრივი ხედვა, მულტიდისციპლინური და ინტერასოციაციური სამედიცინო განხილვა. წარმატებული მუშაობის პირობებში, არ არის გამორიცხული, მიღწეული შედეგები აისახოს ჩვენი ქვეყნის ხანდაზმულთა ჯანმრთელობის სტრატეგიაზე.
გარდამავალი პერიოდი ქალის ცხოვრებაში
ლალი ფხალაძე − მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი.
ქალის ცხოვრების საკვანძო პერიოდი, იგივე კლიმაქსი, გარდამავალი ეტაპია რეპროდუქციული ასაკიდან ხანშიშესულობამდე. თანამედროვე ქალის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 80 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ცხოვრების ერთ მესამედს, სწორედ ეს ეტაპი იკავებს. ამ დროს ძალზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შენარჩუნება, რადგან ორგანიზმში ფიზიოლოგიურად მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები უარყოფითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე, ემოციებზე, ფსიქიკაზე. ქვეითდება ცხოვრების ხარისხი.
გარდამავალ პერიოდში ქალის ორგანიზმში სასქესო ჰორმონების დონე ქვეითდება. ჯერ პროგესტერონის რაოდენობა იწყებს თანდათან კლებას, ხოლო შემდეგ რესტროგენების დონე ეცემა. ეს იწვევს პრაქტიკულად ყველა ორგანოთა სისტემაში არასასურველი ცვლილებების განვითარებას. პირველ ეტაპზე ვლინდება „ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დარღვევები“: ხასიათის შეცვლა, გაღიზიანება, კონფლიქტურობა, ემოციური დაძაბულობა, უმიზეზო ტირილი, შფოთვა, უგუნებობა, სიხარულისა და ინტერესის დაკარგვა ცხოვრების მიმართ, საერთო სისუსტე, უძილობა ან ძილიანობა, გულის ფრიალი, მეხსიერების პრობლემები, გულმავიწყობა. ეს სიმპტომები შესაძლებელია ქალმა ასაკობრივ ჰორმონულ დისბალანსს არც კი დაუკავშიროს, რადგან ისინი ჯერ კიდევ მენსტრუალური ციკლის დარღვევამდე ჩნდება. მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა − მენოპაუზა კლიმაქსური პერიოდის გარდამტეხი მოვლენაა. მისი საშუალო ასაკი 51±2 წელია.
კლიმაქსის ყველაზე ტიპური სიმპტომებია: ალები, ცხელების შეგრძნება, ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, არტერიული წნევის ციფრების მატება. აღმოჩნდა, რომ ქალებს, რომლებსაც აღენიშნებათ ინტენსიური ალები, მაღალი აქვთ ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი. კლიმაქსური პერიოდის მომდევნო ეტაპზე ჩნდება შარდ-სასქესო სისტემის პათოლოგიურ ცვლილებებთან დაკავშირებული სიმპტომები: შარდის შეუკავებლობა, გახშირებული შარდვა, ღამის შარდვა, საშოს სიმშრალე, შემაწუხებელი ქავილი, ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს და ა.შ.
მენოპაუზურ პერიოდში ესტროგენების დეფიციტს უკავშირდება სახსრების ტკივილი, თვალის ლორწოვანის სიმშრალე. კანზე ჩნდება ნაოჭები, ასაკობრივი პიგმენტური ლაქები. ვითარდება გულ-სისხლძარღთა პათოლოგიები, მეტაბოლური დარღვევები, ოსტეოპოროზი.
კლიმაქსური სინდრომის მკურნალობა აუცილებელია, თუმცა ქალების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ განსხვავებულია. ნაწილს მიაჩნია, რომ კლიმაქსი ჩვეულებრივი მოვლენაა და ჩივილები თავისით გაივლის. ქალების ნაწილი რეკლამებს ადევნებს თვალს და თვითმკურნალობას ეწევა. სამწუხაროდ, მხოლოდ მცირე ნაწილი მიმართავს ექიმს. კლიმაქსური სინდრომის მკურნალობის ოქროს სტანდარტია ნატურალური ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპია. მენოპაუზური ჰორმონოთერაპიის მიმართ დამოკიდებულება ასევე არაერთგვაროვანია. ქალებს აქვთ ონკოლოგიური დაავადებებისა და წონაში მატების შიში, რაც ერთმნიშვნელოვნად ასე არ არის. მთავარია, რომ მენოპაუზური ჰორმონოთერაპია დაინიშნოს კვალიფიციური რეპროდუქტოლოგისა და გინეკოლოგის მიერ, რომელიც სწორად შეაფასებს რისკსა და სარგებელს.
კლიმაქსური სიმპტომების სამკურნალოდ საკმაოდ პოპულარულია ე.წ. ფიტოპრეპარატები. ბევრ მცენარეს აქვს ქალის ნატურალური ჰორმონების − ესტროგენების მსგავსი მოქმედება. ასეთია: სოიო, ბრინჯი, სვია, წითელი სამყურა, ციმიციფუგა. ცნობილი ფაქტია, რომ ჩინელ და იაპონელ ქალებს, რომელთა კვების რაციონი მდიდარია სოიოსა და ბრინჯის პროდუქტებით, კლიმაქსური სიმპტომები ნაკლებად აქვთ გამოხატული. ფიტოპრეპარატები ქალის ორგანიზმში უკავშირდებიან ესტროგენების რეცეპტორებს და იწვევენ ალების, ოფლიანობის, თავის ტკივილისა და კლიმაქსის სხვა სიმპტომების შემცირებას. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია „კლიმაქტოპლანი“ − გერმანული წარმოების მედიკამენტი, რომლის ეფექტიანობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია მრავალი კვლევით.
მთავარი და მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ქალებისათვის გარდამავალ პერიოდში ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დაცვაა. ცნობილია, რომ სიგარეტი, ალკოჰოლი, არაჯანსაღი კვება, ჭარბი წონა, სიმსუქნე ან მასის დეფიციტი უარყოფითად აისახება კლიმაქსური სინდრომის გამოვლინებებზე. დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ თავისებურებებს. რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, ცეკვა, ცურვა, სეირნობა, ძილის რეჟიმის მოწესრიგება, ახლობელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და დადებითი ემოციები, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კლიმაქსური პერიოდის მიმდინარეობას და ცხოვრების ხარისხს. კლიმაქსის სიმპტომების დაწყება სიბერესთან ასოცირდება, თუმცა ქალი საზოგადოებისათვის ყველაზე სასურველი სწორედ 50 წლის შემდეგ არის და თუ ის ინფორმირებულია მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, გარდამავალ პერიოდს ფსიქოლოგიურად მომზადებული ხვდება.
კლიმაქსური სინდრომის მართვა და ამ მიმართულებით ქალთა განათლება ჩვენი ინსტიტუტისა და საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის (დამაარსებელი და პრეზიდენტი − პროფესორი არჩილ ხომასურიძე) ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო და რჩება.
მენოპაუზა და უროგენიტალური გართულებები
მადონა ჯუღელი − გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, მმდ, საქართველოს კოლპოსკოპის ასოციაციის პრეზიდენტი, IFCPC-IARC და UNFPA-ს საერთაშორისო ტრენერი, კლინიკა „კარაპს მედლაინი“.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 2025 წლისთვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზრდება 65,6 წლიდან 73,7 წლამდე, ანუ ყოველი მე-6 ადამიანი დედამიწაზე იქნება 60 წელზე მეტი ასაკის.
ჯანმო-ს მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 25 მლნ ქალი გადადის მენოპაუზაში. ამ ქალბატონების მხოლოდ 10%-ში მიმდინარეობს მენოპაუზა პათოლოგიური სიმპტომების გარეშე.
ვაზომოტორული სიმპტომების შემდეგ, სიხშირით მე-2 „მარკერი“, რომელიც მიგვანიშნებს კლიმაქსის დადგომაზე, არის გენიტოურინარიული მენოპაუზური სინდრომი (გუმს). თუ ვაზომოტორული სიმპტომები ასაკის მატების პარალელურად განიცდის ინვოლუციას, გენიტოურინარიული მენოპაუზური სინდრომი პირიქით − ასაკის ზრდასთან ერთად პროგრესირებს და ღრმავდება. ISSWSH-ისა (ქალთა სექსუალური ჯანმრთელობის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის) და NAMS-ის (ჩრდილოეთ ამერიკის მენოპაუზის საზოგადოება) სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, მენოპაუზის შეწყვეტიდან 7-10 წელიწადში ქალბატონების 50%-ში გვხვდება ატროფიული ცვლილებები. ასაკის ზრდის პარალელურად, ეს ციფრი 73-75% ხდება. სამწუხაროდ, ქალბატონების 33%-მა იცის, რომ საშოს სიმშრალე და დისპარეუნია (მტკივნეული სქესობრივი აქტი), გახშირებული შარდვით და სხვა სიმპტომებით არის შექცევადი.
მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია „ალპენ ფარმას“ პროექტის „40+“ სტარტისთვის. ამ პროექტის ფარგლებში, კოლაბორაციული მულტიდისციპლინური მიდგომებით, ვცდილობთ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ მომხმარებელს, როგორც მომავალში პოტენციურ პაციენტს, რადგან ქალების 25% მიმართავს მიზანმიმართულად ექიმს სამედიცინო სერვისის მისაღებად.
გენიტოურინარიული მენოპაუზური სინდრომი წარმოდგენილია: ატროფიული ვულვოვაგინიტით და უროგენიტალური ატროფიით. NAMS-ის მონაცემებით, 45%-ში ექიმთან მომართვიანობის ხშირი მიზეზი არის ტკივილი, ქავილი, წვა გარეთა სასქესო ორგანოების არეში და დიზურიული მოვლენები. ეს სიმპტომები განპირობებულია დისტროფიული ცვლილებებით საშოს ეპითელიუმში და უროთელიუმში. დისტროფიული ცვლილებები მკაფიოდ არის გამოხატული ესტროგენდამოკიდებულ ქსოვილებში: ურეთრა, საშო, შარდის ბუშტი, შარდსაწვეთის ქვედა/3. დისტროფიის მიზეზი ესტროგენდეფიციტია. ესტროგენის დეფიციტის დროს, საშოს ეპითელიუმი და უროთელიუმი განილევა, მცირდება ლაქტობაქტერიებისა და გლიკოგენის რაოდენობა, იცვლება საშოს PH-ი. შედეგად, საშოს ბიოცენოზი იცვლება, მრავლდება პირობით პათოგენური მიკროორგანიზმები და ინფექციურ-ანთებითი რეაქციები ხდება მორეციდივე ხასიათის. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს ურეთრალურ ტრაქტში, რაც ააქტიურებს აღმავალი უროლოგიური ინფექციების განვითარებას.
საშარდე გზების ხშირად მორეციდივე ინფექციები არ ითვალისწინებს ანტიბიოტიკების გამოყენებას. ჩვენთან სამწუხარო პრაქტიკაა. დიზურიული მოვლენების არსებობისას, წვა, პოლაკიურია, ნიქტურია, ნოქტურია, ცისტალგია და შარდის შეუკავებლობაა დამახასიათებელი. პაციენტები თვითნებურად მიმართავენ ანტიბიოტიკოთერაპიას, რაც ზრდის ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის განვითარების რისკს.
2014 წელს ქეიდჯი ფუკუდა (ჯანმოს გენერალური დირექტორის თანაშემწე ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში) ამბობდა, რომ „ჩვენ შევდივართ განვითარების ფაზაში, როცა ანტიბიოტიკები კარგავენ ეფექტიანობას და სამწუხაროდ, ბანალური ინფექციები გამოიწვევენ სიკვდილის გაზრდას რეზისტენტობის გამო“.
რჩევა პაციენტებს: გამოიყენონ ფიტოუროსეპტიკები (მაგ: „სოლიდაგორენი“). გენიტოურინარიული მენოპაუზური სინდრომის მეორე გამოვლინება არის ატროფიული ვულვოვაგინიტი, შემდეგი ჩივილებით: დისპარეუნია, სისხლიანი გამონადენი, სიმშრალე და დისკომფორტი, ტკივილი, ლიბიდოს დაქვეითება, ორგაზმის გაქრობა. გენიტოურინარიული მენოპაუზური სინდრომის გამოვლინებები 60%-ში ცვლის ცხოვრების ხარისხს (QOL).
კლინიკა „კარაპს მედლაინის“ საოფისე გინეკოლოგიის დეპარტამენტი ატროფიული ვულვოვაგინიტისა და ურეთრალური ატროფიის სალიკვიდაციოდ, გთავაზობთ ლაზერულ თერაპიას MonaLisa Touch-ის დახმარებით, რაც უზრუნველყოფს კოლაგენური მატრიქსის აღდგენას და ნეოანგიოგენეზს. ქრება დისპარეუნია, შარდის შეუკავებლობა, იზრდება ლიბიდო და სექსუალური ცხოვრების ხარისხი. როგორც ამბობენ: „ვინც ინფორმირებულია, ის შეიარაღებულია“.
პროექტის „40+“ ფარგლებში, ვცდილობთ „ელეგანტური ასაკის ქალბატონებს“ მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია, ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით პოსტმენოპაუზურ პერიოდში. ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენი საუკეთესო გამარჯვება, რაც თავისთავად, ახალი გამარჯვების საწინდარია!