ფოტო: მახო ყიფშიძე
“MED City” სოციალურ სივრცეში, სამედიცინო პლატფორმის სახით სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, ჯგუფი მეგობრობასა და ადამიანურ ურთიერთობებზეა დაფუძნებული. იგი აერთიანებს 40 000-მდე ადამიანს. მსურველებს “MED City”-ის პლატფორმის მეშვეობით შეუძლიათ უმოკლეს დროში მიიღონ სწორი კონსულტაცია პროფესიონალებისგან. OK! პირადად გაესაუბრა “MED City”-ის დამაარსებლებს თათა დვალიშვილსა და თათა ცინცაძეს.
გვესაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გიწყობთ ოჯახი ხელს ამ შრომატევადი პლატფორმის გამართვაში.
(თათა დვალიშვილი): უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ რთული საქმით ვარ დაკავებული და შესაბამისად, 24 საათი ჩართული ვარ თითოეული საკითხის მოგვარებასა და გადაწყვეტაში. ერთი ორად იზრდება პასუხისმგებლობის გრძნობა, როდესაც დაოჯახებული ხარ და გყავს შვილები, რადგან ყურადღება უნდა გადაანაწილო მათზეც. ამდენად, იწყებ დაბალანსებას ოჯახისა და სამსახურის საქმეების, რაც ძალიან რთულია იმ პირობებში, როდესაც მომხმარებლების მხრიდან “MED City“-სადმი მოთხოვნა საკმაოდ დიდია. მინდა ვთქვა, რომ ჩემი ოჯახი ძალიან მეხმარება და ხელს მიწყობს. დედაჩემი და ჩემი მეუღლე ყოველთვის გვერდში მიდგანან და მაქსიმალურად, ცდილობენ ოჯახის საქმეები შემიმსუბუქონ, რომ არა ისინი, ალბათ ვერაფერს შევძლებდი. ჩემი ბიძაშვილი აქტიურად მეხმარება გრაფიკული დიზაინის კუთხით და ფაქტიურად მისი შემოქმედებაა “MED City“-ის ლამაზი ვიზუალი. ასევე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩემი მეუღლე არა მარტო ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებში, არამედ ჯგუფის ფუნქციონირების გამართვაშიც მეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულია რადიკალურად სხვა პროფესიით და არის სპორტსმენი სამთო-სათხილამურო განხრით, მაინც ბევრ ისეთ საქმეში მეხმარება, რომელსაც ალბათ სამსახურში აყვანილი კადრიც ვერ შეძლებდა.
გვიამბეთ თუ რა პროფესიის ხართ და რას საქმიანობდით “MED City”-ის დაარსებამდე.
(თათა დვალიშვილი): განათლება მიღებული მაქვს ორი მიმართულებით: მედიაკომუნიკაცია და PR. ვმუშაობდი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, მანამდე კი გაყიდვების სფეროში. თუმცა ყველაზე გრძელვადიანი თანამშრომლობა მაკავშირებს სახელმწიფო სამსახურთან, სადაც ერთ-ერთი სტრუქტურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი ვიყავი. შესაბამისად, “MED City“-სთვის ძალიან გამომადგა ჩემი პროფესიული უნარ-ჩვევები, ცოდნა და გამოცდილება. მას შემდეგ, რაც შვილი შემეძინა, 3 წელი დროებით შევეშვი აქტიურ მუშაობას, რადგან ბავშვის აღზრდის საკითხში ვიყავი ჩართული. ამ დროის შემდგომ მუშაობა განვაახლე “MED City“-ით.
გვესაუბრეთ იმ საქმიანობის შესახებ, რომლითაც “MED City”-ის მიღმა ხართ დაკავებული.
(თათა დვალიშვილი): ჩემი საყვარელი საქმიანობა, გარდა მეგობრებთან ერთად დროის გატარებისა, არის ვარჯიში. დაახლოებით 8 წელია, რაც სპორტით ვარ დაკავებული, სხვადასხვა დროს დავდიოდი დარბაზებში და წრეებზე. ამ ბოლო პერიოდში კი ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე ვვარჯიშობ ბუნებაში.
როგორ ახერხებთ “MED City”-ის ჯგუფის 40 000 წევრთან მუდმივ კომუნიკაციას?
(თათა დვალიშვილი): იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის მსიამოვნებდა საზოგადოებასთან ურთიერთობა, “MED City“ ჩემი მეორე ოჯახი გახდა. შესაბამისად, თითოეული ჩვენი ჯგუფის წევრი ძალიან მნიშვნელოვანია და მუდმივად ვცდილობ ჩვენს ნებისმიერ პოსტში, შეთავაზებასა თუ ინტერვიუში გათვალისწინებული იყოს მათი აზრი. ისინი არიან ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები და, ვფიქრობ, რომ არა მათი ასეთი შემოდინება და სწორი ჩართულობა, ნამდვილად არაფერი გამოვიდოდა. დიდი მადლობა “MED City“-ს, იმისთვის, რომ გავიცანი კიდევ უფრო მეტი კარგი ადამიანი და მივხვდი, რომ თურმე ძალიან მარტივია ხანდახან უმოკლეს დროში, სრულიად უცნობი ადამიანი გახდეს შენთვის ახლობელი.
როგორ შეძელით ისეთი უნარ-ჩვევის გამომუშავება, როგორიცაა სწრაფი და ეფექტური კომუნიკაცია?
(თათა დვალიშვილი): ბავშვობიდან ძალიან კომუნიკაბელური და აქტიური ვარ. ყოველთვის მახასიათებენ ამ თვისებებით. როდესაც ჩუმად და პასიურად ვზივარ, მეგობრები ვერ ეგუებიან ჩემს ამ მდგომარეობას და ხშირად მეხუმრებიან კიდეც ამასთან დაკავშირებით. ჩემთვის მუდამ პრიორიტეტულია საზოგადოებასთან კონტაქტი და კომუნიკაცია, შესაბამისად, პირველ ადგილას ვაყენებ ადამიანებს და მათთან ურთიერთობებს, რადგან, ვთვლი, რომ ყველაზე ძვირფასია ეს და ჯანმრთელობა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩემმა ამ თვისებამ განაპირობა ის, რომ ნებისმიერი ტიპის ადამიანთან ვნახულობ საერთო ენას. ამდენად, ბავშვობიდან ძალიან მარტივად ვამყარებ საზოგადოებასთან კონტაქტს და ამავდოულად ვარ საკმაოდ სწრაფი. მიუხედავად იმისა, რომ სისწრაფის გამო ცხოვრებაში რაღაც შეცდომები დამიშვია, იმავდროულად ბევრიც მომიგია და მისწავლია. აქედან გამომდინარე, “MED City“-ის სამუშაო გრაფიკი სიახლეს არ წარმოადგენს ჩემთვის.
თათა დვალიშვილი ოჯახთან ერთად
გვესაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გიწყობთ ოჯახი ხელს ამ შრომატევადი პლატფორმის გამართვაში.
(თათა ცინცაძე): როდესაც მე და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, თათა დვალიშვილმა დავიწყეთ ახალი საერთო საქმიანობა, ჩემი ოჯახის წევრებისგან ვიგრძენი საოცარი მხარდაჭერა. საერთოდ ოჯახი ჩემთვის დიდი ძალაა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თითოეული მათგანი ცდილობს, ხელი შეგიწყოს და დაგეხმაროს ისეთ არაჩვეულებრივ საქმეში, როგორიც “MED City”-ია. ჩემი მეტად დატვირთული სამუაშაო გრაფიკიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობ, რადგან აღნიშნულ პლატფორმას სჭირდება მუდმივი კომუნიკაცია და სწრაფი რეაგირება. ჩემი ოჯახი ყოველთვის გვერდში მიდგას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ, მშობლებს და ოჯახის სათითაოდ ყველა წევრს, განსაკუთრებით ჩემი შვილების მამიდას, რომელიც მუდმივად ცდილობს ჩვენთან ერთად, დაეხმაროს ჩვენი პლატფორმის წევრებს ექიმებთან კომუნიკაციაში.
გვესაუბრეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.
(თათა ცინცაძე): 22 წლიდან უწყვეტად ვმუშაობ სხვადასხვა კერძო სტრუქტურაში, ამჟამად ვარ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში, წლების განმავლობაში ვიყავი პირადი ბანკირი, (მრჩეველი) როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესის მიმართულებით. ძნელია ასე შენს თავზე ისაუბრო, თუმცა ვიტყვი რომ ვარ მარათლაც რომ ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი, მუდამ მზრუნველი, ყურადღებიანი, მიყვარს ხალხი, მათთან ურთიერთობა, მათი ჭირ-ვარამის გაზიარება, დახმარება და სიხარულის მინიჭება. ეს მე მაბედნიერებს და ძალას მაძლევს. ამჟამად ერთ-ერთი კომპანიის გაყიდვების მიმართულებას ვხელმძღვანელობ და მადლობა მათ დაფასებისთვის. ასევე ვმართავ ჩემი უფროსი შვილის ახალ წამოწყებას, სტარტაპს - “TA$$O“ და “MED CITY”- ის დაარსებასთან ერთად ძალიან მალე შევქმენი საზოგადოება #CDGGEORGIA, რომელშიც გაერთიანებული არიან ამ იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების საყვარელი მშობლები, რომლებთანაც მაქვს მუდმივი კომუნიკაცია და მაქსიმალურად ვცდილობ მათ მხარდაჭერას. სამომავლო გეგმები დიდია.
გვესაუბრეთ თქვენი საყვარელი საქმიანობის შესახებ.
(თათა ცინცაძე): ჩემს საყვარელ საქმიანობას მინდა დავარქვა „ადამიანებზე ზრუნვა“, რაშიც ახლანდელი ჩემი სამსახურეობრივი პოზიციაც მიწყობს ხელს. ბავშვობიდან ასეთი ვიყავი, გულთან მიმქონდა სხვისი პრობლემა, იგი ახლობელი იყო თუ შორეული. ყველაზე მეტად მიყვარს ჩემს ბავშვობის მეგობრებთან ერთად ყოფნა. ჩვენ ადრეულ ასაკში დავოჯახდით. ჩვენი უფროსი შვილები უკვე მეგობრები არიან და ვცდილობთ ეს საუკეთესო წლები ერთად გავატაროთ, ხშირად დავდივართ სამოგზაუროდ, რაც ძალიან დიდ ენერგიას გვაძლევს. განსაკუთრებით მიყვარს მუსიკა. ეს დედას და ბაბუს დამსახურებაა. დედა პიანისტია, ბაბუა ირაკლი უჩანეიშვილი კი - მარჯანიშვილის თეატრის სახალხო არტისტი იყო. სხვათაშორის ერთი ბებია, პედაგოგი და საკმაოდ კარგი ლოგოპედი გახლდათ და ალბათ ამ დარგზე ხშირად საუბარმა გამიჩინა სურვილი დავინტერესებულიყავი მედიცინით, როგორც მეცნიერებით. მეორე ბებია კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდული ფაკულტეტის კათედრაზე მუშაობდა, იურისტი გახლდათ. სწორედ მან მასწავლა ყველა საქმის სამართლიანად წარმართვა.
თათა ცინცაძე ოჯახთან ერთად
როგორ ახერხებთ “MED City”-ის ჯგუფის 40 000 წევრთან მუდმივ კომუნიკაციას?
(თათა ცინცაძე): უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სამედიცინო პლატფორმა ძალიან სწრაფად გაიზარდა, უკვე 40 000 - მდე აქტიური მომხმარებელი გვყავს, როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთიდან. ამ პანდემიის ჟამს ჩვენი საყვარელი, გმირი ექიმები მუდმივ რეჟიმში ჩვენთან ერთად ცდილობენ ყველა შემოსული შეკითხვის ავტორს დაეხმარონ სწორი რეკომენდაციებითა და სწრაფი რეაგირებით, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით. გვყავს მართლაც, რომ მადლიერი ხალხი და ბედნიერი ვარ იმით, რომ სრულიად უცნობ და უკვე ჩვენთვის ძალიან საყვარელ მომხარებლებს უანგაროდ ვეხმარებით ამ მძიმე ვითარებაში. ეს დიდი შვებაა მოსახლეობისთვის. რაც შეეხება ექიმებთან კომუნიკაციას, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თითოეული მათგანი ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ჩვენს პლატფორმაზე. ჩვენი განსხვავებული კონცეფციის შესაბამისად, შევიმუშავეთ ჯგუფზე მორგებული და ამავდროულად საკმაოდ მკაცრი წესები, რაც უნდა აღვნიშნო, რომ კარგი ხარისხის საწინდარია. ჩვენთან არ დასტურდება უარყოფითი პოსტები, აკრძალულია ექიმების ან კლინიკების მიმართ მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ვიზუალური მხარე ძალიან მოწესრიგებული გვაქვს, არ დასტურდება ე. წ. სქრინები, სურათები, ლათინურად დაწერილი პოსტები, ყველაფერი ძალიან ნათელი და ლამაზია. ეს გარკვეულწილად ჩვენი გრაფიკული დიზაინერების დამსახურებაცაა.
გვესაუბრეთ “MED City”-ის რუბრიკებთან დაკავშირებით.
(თათა ცინცაძე): ჩვენი რუბრიკები გამოირჩევა განსხვავებული კონცეფციით. ამ ეტაპზე გვაქვს ორი სახის რუბრიკა, თუმცა უახლოეს მომავალში ძალიან ბევრ და კარგ საინტერესო სიახლეს ვპირდებით ჩვენი ჯგუფის წევრებს. ერთ-ერთი მათგანია „გაიცანი ექიმი“, რომლის ნახვაც შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს. მისი მეშვეობით საზოგადოებას ვაცნობთ ახალგაზრდა, ნიჭიერ და პროფესიონალ ექიმებს. რაც შეეხება მეორე რუბრიკას - „იშვიათი დაავადებები“, ეს ჩემი საოცნებო რუბრიკა იყო და მადლობა “MED City”-ის იმ შესაძლებლობისთვის, რომ ოცნება რეალობად მიქცია. აღნიშნული რუბრიკა ჩემთვის ძალიან ძვირფასია, გამომდინარე ჩემი უმცროსი ქალიშვილის, ნატალიას გამო. უფროსი ქალიშვილი, ტასო კი 15 წლისაა, ისიც აქტიურად გვეხმარება ჩვენი რუბრიკების გაზიარება-გავრცელებაში. რუბრიკა „იშვიათი დაავადებები“ მომხმარებელს აძლევს საშუალებას გაიგოს უფრო მეტი ინფორმაცია იმ იშვიათი დაავადებების შესახებ, რომელთა არსებობაზე არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ბევრმა არ იცის. ამდენად, ბევრს ვმუშაობთ კვლევების სახით. აღნიშნული რუბრიკის ნახვა შესაძლებელია ყოველ კვირას. მათი არსებობის შესახებ ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რათა მოხდეს სწორი დიაგნოსტიკა უმოკლეს დროში, რადგან მსგავსი დაავადებები, ყველაზე ხშირად ბავშვებში გვხვდება. ამ რუბრიკის მეშვეობით გეცოდინებათ, თუ რას მიაქციოთ ყურადღება, ვის მიმართოთ საჭიროების შემთხვევაში და ა.შ. შესაბამისად, “MED City”ექიმ-გენეტიკოსთან თიკა ტყემალაძესთან ერთად მზად არის, თითოეული ადამიანი, რომელიც დახმარების თხოვნით მიმართავს, დააყენოს სწორ გზაზე.
ავტორი: მარიამ მთივლიშვილი