რევმატოლოგია, მედიცინის მრავალფეროვან პროფილებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიაპაზონის მქონე დარგია. არ არსებობს ორგანო და სისტემა, რომელსაც რევმატიული დაავადებები არ მოიცავს. სწორედ ამიტომ, სიმპტომებზე დაკვირვებას, ექიმთან დროულ ვიზიტს და, რაც მთავარია, სწორი დიაგნოზის განსაზღვრას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის რევმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ნინო ცისკარიშვილი სიამოვნებით გვესაუბრა, თუ რა სახის ჩივილების დროს უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს და რა მნიშვნელობა აქვს დაავადების დროულ და სწორ დიაგნოსტიკას. ქალბატონმა ნინომ, ყველაზე მეტად გავრცელებული რევმატიული დაავადებების ამოსაცნობად, სიმპტომების − ორგანიზმის პირველი სიგნალების შესახებ მარტივი და ძალიან სასარგებლო რჩევებიც გაგვიზიარა. ქართული OK! გთავაზობთ ნინო ცისკარიშვილთან ინტერვიუს.
ქალბატონო ნინო, რა სახის ჩივილების დროს უნდა მიმართოს პაციენტმა რევმატოლოგს?
აუცილებელია, თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ რევმატოლოგია მედიცინის სხვა დარგებისაგან გამოირჩევა დაავადებათა კლინიკური გამოვლინებების განსაკუთრებულად ფართო დიაპაზონით. ყველაზე ხშირი სიმპტომები, რომელთა გამო პაციენტები მოგვმართავენ, უკავშირდება სახსრებს, ხერხემალსა და კუნთებს, თუმცა ასევე ხშირია სიმპტომები სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, შარდის გამომყოფი და სხვა სისტემების მხრივ. ასე მაგალითად, რევმატიული დაავადების გამოვლინებას შეიძლება წარმოადგენდეს ხველა, მხედველობის პრობლემები, გამონაყარი კანსა და/ან ლორწოვანზე და ასე შემდეგ.
რომელია ყველაზე გავრცელებული რევმატიული დაავადებები?
ყველაზე ხშირია სახსრებისა და ხერხემლის ანთებითი დაავადებები. მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, სპონდილოართრიტები, პოდაგრული ართრიტი; ასევე ხშირია ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი და ა.შ.
თქვენთან მოსული პაციენტი უპირველესად დიაგნოსტირების ეტაპს გადის. რას მოიცავს დიაგნოსტირება?
რევმატოლოგიის განსაკუთრებით ფართო დიაპაზონის გათვალისწინებით, განყოფილების გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ფაქტორია სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მულტიდისციპლინური გუნდი. არ მეგულება მედიცინის სხვა დარგი, რომელსაც ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების იმხელა სპექტრი სჭირდებოდეს, როგორიც რევმატოლოგიას. რევმატიული დაავადებების, განსაკუთრებით კი სისტემური რევმატიული დაავადებების სწორი დიაგნოსტიკისა და მართვისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკის ყველა მეთოდისა და სხვადასხვა სპეციალობის ექიმთა ერთ სივრცეში შეკრება და მათ შორის მაქსიმალურად გამარტივებული კომუნიკაცია. ჩემთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანია ის, რომ სადღეისოდ აკადემიკოს ფრიდონ თოდუას ცენტრში ყველა ზემოჩამოთვლილი პირობაა იმისათვის, რომ რევმატიული დაავადებების სწორი დიაგნოსტიკა და მართვა უზრუნველვყოთ.
თითოეული რევმატიული დაავადებისათვის უნივერსალური დიაგნოსტირების გზა არ არსებობს. პაციენტის ჩივილებიდან გამომდინარე, ექიმის შეხედულებისამებრ, დგება დიაგნოსტიკური ალგორითმი, რომელიც საჭიროებისამებრ, მოიცავს ლაბორატორიულ კვლევებს, რენტგენოგრაფიას, ულტრასონოგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას, ოსტეოდენსიომეტრიას და ა.შ. დაავადებათა სპექტრი საკმაოდ დიდია და დიაგნოსტირების მზა რეცეპტი, ცხადია, ვერ იარსებებს. მაგალითად, სხვადასხვა პაციენტთან ერთი შეხედვით მსგავსმა სახსრის ტკივილმა, შესაძლოა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ დაავადებებამდე მიგვიყვანოს.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
ეს დაავადებაზეა დამოკიდებული. ზოგი დაავადება გულისხმობს აქტიურ მედიკამენტურ მკურნალობას, ნაწილის მართვა კი დიდწილად ცხოვრების წესის ოპტიმიზებაზე და სამკურნალო ვარჯიშებზე, ფიზიოთერაპიაზე მოდის. რიგი რევმატიული დაავადებების დროს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას. მაგალითად, ოსტეოართროზის შემთხვევაში, რომელიც ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა და მისი მართვისას მთავარია ცხოვრების წესის ოპტიმიზება, სამკურნალო ვარჯიშები და მინიმალური მედიკამენტური მხარდაჭერა.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რევმატიული დაავადებების ძალიან დიდი დიაპაზონისა და სახესხვაობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სწორი და დეტალური კვლევა იმისათვის, რომ განისაზღვროს ზუსტი დიაგნოზი, პაციენტის კონკრეტული პრობლემა, და ამის მიხედვით დაიგეგმოს მკურნალობის მეთოდი, რომელიც, ხშირად, რადიკალურად განსხვავდება თუნდაც მსგავსი ჩივილების დროსაც კი.
ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტზე ინდივიდუალურად მორგებულ მედიცინას, სადაც თანხმლები დაავადებებიც უნდა იყოს გათვალისწინებული.
სპონდილოართრიტი ახსენეთ. როგორია ეს დაავადება და რა სახის სიმპტომებით არის გამოხატული?
სპონდილოართრიტები ხერხემლის ანთებით მიმდინარე დაავადებათა ჯგუფია, რომელთა ერთ-ერთ უმთავრეს და საერთო სიმპტომს წარმოადგენს წელის ტკივილი, რომელიც იწყება თანდათანობით, უარესდება მოსვენებულ მდგომარეობაში და უმჯობესდება მოძრაობისას. ეს მნიშვნელოვანი სიმპტომია და მარტივი მესიჯი პაციენტებისათვის, რომ დროულად და სწორად შეაფასონ მდგომარეობა. ასეთი რიტმის წელის ტკივილი, რომელიც შესაძლოა არცთუ ძლიერი ინტენსივობისა იყოს, წარმოადგენს ე.წ. წითელ ალამს, რომელსაც ჯეროვანი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რათა შემდგომში თავიდან ავირიდოთ დაავადების პროგრესირება, მათ შორის − ხერხემლისა და სახსრების ფუნქციის შეუქცევადი კარგვის სახით.
ქალბატონო ნინო, როდის ხდება სახსრების პრობლემა საგანგაშო? რას უნდა მიაქციოს პაციენტმა ყურადღება? ე.წ. სიგნალი რა არის ასეთ დროს?
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანთებითი რევმატიული დაავადებების დროული გამოვლენა, რომ ეგრეთ წოდებული „თერაპიული ფანჯარა“ არ გავუშვათ ხელიდან. ამ თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანი სიმპტომია ე.წ. დილის შებოჭილობა სახსრებში, ანუ დილის ტკივილი, რომელიც ნახევარ საათზე მეტხანს გრძელდება.
თუ შეიძლება, გაუზიარეთ ზოგადი რეკომენდაციები ჩვენს მკითხველებს.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა უმნიშვნელოვანესია. ამაში იგულისხმება ზომიერი ფიზიკური აქტივობა, წონის კონტროლი, თამბაქოს აკრძალვა და ა.შ. ასევე, აუცილებელია გენეტიკური რისკ-ფაქტორების გათვალისწინება. მაგალითად, თუ ოჯახში, პირველი ან მეორე რიგის ნათესავებში, ვინმეს აღენიშნება სახსრების და/ან ხერხემლის ანთებითი დაავადებები ან ფსორიაზი, განსაკუთრებული რევმატიული სიფხიზლის გამოჩენაა საჭირო.