განახლებული კონცეფცია, ფილოსოფია და ვიზუალი.
AVON – კომპანია, რომელიც უკვე 135 წელია საკუთარი პროდუქტით არაერთ ადამიანს ახარებს, დღეს უკვე 70 ქვეყანაში წარმატებულად საქმიანობს. მის გარშემო 5 მილიონზე მეტი ქალია გაერთიანებული მსოფლიო მასშტაბით. AVON-ი სილამაზის ინდუსტრიაში მსოფლიოში სიდიდით მეოთხე კორპორაციის, Natura & Co-ს წევრია და უამრავ საინტერესო პროექტს ახორციელებს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.
ცოტა ხნის წინ, AVON-მა რებრენდინგის ფარგლებში ვიზუალური კონცეფცია და ფილოსოფიური მხარე შეცვალა. კომპანიის მთავარ სიმბოლოს სწორკუთხა ტიპოგრაფია შეემატა, რომელსაც სახასიათო რკალისებრი ფორმები ახლავს. ბრენდის მაიდენტიფიცირებელი ვარდისფერი კი ვარდისფერ-იისფრის გრადიენტმა შეცვალა.
გლობალური კომპანიის რებრენდინგზე ქართველმა გრაფიკოსმა, დიზაინერმა, − ანა კვეზერელმა, ლონდონის ერთ-ერთ წამყვან ბრენდინგ-კომპანიასთან თანამშრომლობით იმუშავა.
აღსანიშნავია, რომ ბრენდმა ახალი ხასიათი შეიძინა, რომელიც თამამ, შთამაგონებელ, ოპტიმისტურ და ინკლუზიურ პრინციპებზეა აგებული. ამავე განწყობას ასახავს ახალი სლოგანიც: „ახლა კი, მიყურე“, – Watch Me Now.
AVON-ის მარკეტინგის მენეჯერი, ნუცა სოსებაშვილი გვიამბობს:
„135 წლის განმავლობაში კომპანია მუდმივად იცვლებოდა და ვითარდებოდა. ერთი რამ იყო და არის უცვლელი: ქალების გაძლიერების, განვითარების, წარმატების ხელშეწყობა და მათ ფინანსურ დამოუკიდებლობაზე ზრუნვა. დიახ, 135 წლის წინ, სანამ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მიიღებდნენ ქალები, მათ AVON-ში მიიღეს შესაძლებლობა, საკუთარი შრომით გამხდარიყვნენ ფინანსურად დამოუკიდებლები.
განახლებული ვიზუალური იდენტობა და გზავნილები უფრო მკაფიოდ, თამამად და ხმამაღლა ამბობს სათქმელს. სწორედ ეს არის ის ფასეულობები, რისიც AVON-ს სჯერა 135 წელია მსოფლიოს 70 ქვეყანაში, და 12 წელია – საქართველოს ბაზარზე“.
AVON უბრალოდ Beauty-ბრენდი არ არის. მისი მთავარი მიზანია, ფასეულობებისა და ღირებულებების მკაფიო პოზიციონირება. კომპანია კიდევ ერთხელ, მეტად მკაფიოდ ეუბნება მსოფლიოს, რომ ზრუნავს ქალების გაძლიერებაზე, იბრძვის ძუძუს კიბოს წინააღმდეგ, ხმას იმაღლებს გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად და თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა ადამიანი, განურჩევლად ასაკის, სქესის, ინტერესებისა თუ ორიენტაციისა. AVON-ის გზავნილი არის კიდევ უფრო თამამი, გამბედავი და ისეთი პოზიტივის მატარებელი, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა.
ბრენდის განახლება AVON-ისთვის ბევრი ახალი ჩანაფიქრის დასაწყისია. მათ შორის ერთ-ერთია ახალი კამპანია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა სოციალურ მედიაში. კომპანია ერთმანეთისგან განსხვავებული და ძალიან ინდივიდუალური 9 ქალის ემოციურ და საინტერესო ისტორიას უყვება ფართო საზოგადოებას. მათ ერთი რამ აერთიანებთ − საკუთარი საქმიანობითა და ფასეულობებით იბრძვიან საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპების წინააღმდეგ.
AVON-ის მარკეტინგის მენეჯერი, ნუცა სოსებაშვილი: „გვინდოდა, ამ კამპანიით საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, რომ გაბატონებული სტერეოტიპები არაფერს ნიშნავს. ყოველდღიურად უამრავ ერთმანეთისგან განსხვავებულ ქალს ვხვდებით, რომლებიც შესაძლოა გარკვეულ სტერეოტიპებს არ აკმაყოფილებენ, მაგრამ არიან ძლიერები, საინტერესოები, ლამაზები; არიან ისეთები, როგორებიც არიან და სულაც არ სჭირდებათ, მოერგონ საზოგადოებაში გაბატონებულ სტერეოტიპებს. არამედ პირიქით − თითოეული მათგანი ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ არ არსებობს სილამაზის სტანდარტი, რომ ქალებს აქვთ „ტექნიკური ტვინი“, არ არსებობს ქალებისა და მამაკაცების პროფესიები. ჩვენი ჩარჩოებითა და სტერეოტიპებით, ეს ყველაფერი არ უნდა გავაუფერულოთ. გვახსოვდეს, რომ ქალებს ყველაფერი შეგვიძლია...“
ლილი ფულარიანი
„აბსურდია, თითქოს არსებობს მამაკაცური ან ქალური გონება და ქალს რაიმე ამოცანის ამოხსნა არ შეუძლია. მთავარია, ძიებისა და სირთულეების გადაჭრის მუდმივი წყურვილი“.
როცა დრედებს და ფერად თმას ვატარებდი, ძალიან ბევრს უკვირდა ჩემი ლექტორობის. ერთხელ, დაცვა აუდიტორიის გასაღებს არ მაძლევდა − ლექტორს არ ჰგავხარო. ჩვენი თაობისთვის ვიზუალი, ხშირად, პროტესტის ფორმა და განსხვავებულობის ძიება კი არა, სტრესულ გარემოში თავის გახალისების მცდელობაა, რის საშუალებასაც სამსახურში, სასწავლებელში თუ ოჯახში არ გვაძლევენ. ძალიან რთულია, უყურო ამ შავ-თეთრ გარემოს და თან ენერგია და ხალისი შეინარჩუნო.
სწავლება ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა − განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები და სტუდენტები, შოულობენ პირველ სამსახურს, მერე კი სხვებს ასწავლიან.
ტექნოლოგიებამდე წერის სიყვარულმა მიმიყვანა − ძალიან მინდოდა, საკუთარი ბლოგი შემექმნა, რასაც მკითხველები და სტატისტიკა მოჰყვა, რომელსაც გაანალიზება სჭირდებოდა...
ციფრული ტექნოლოგიები ისეთი რამაა, ერთი კვირის განმავლობაში რაიმე ახალი თუ არ ისწავლე, პროცესებს მოწყდები. ეს მაიძულებს მუდამ მოძრაობაში ვიყო − გავცე, მივიღო, ჩავუღრმავდე და დღის ბოლოს, ზღვა ინფორმაციისგან დაღლილს, ერთი სული მქონდეს, ვიფიქრო, ახალ ცოდნას როდის გამოვიყენებ.
ტექნოლოგიები მთლიანად მამაკაცებით დომინირებული სფეროა, რადგან ქალებს პროფესიის არჩევისას ოჯახისგან ხელშეწყობა იშვიათად გვაქვს. ძალიან რთულია, უამრავ საქმესთან ერთად მსგავს დამოკიდებულებებს გაუმკლავდე, მაგრამ ასეთ დროს მახსენდება, რომ მარტო ჩემი კი არა, ბევრი ქალის სახელით ვაკეთებ ამა თუ იმ საქმეს და ამის შემდეგ ბრძოლა და ხანდახან აყალ-მაყალის ატეხვაც კი არ მეზარება.
იმასაც გაგიმხელთ, რომ რაც თავი მახსოვს, წონას ვებრძვი, რადგან მაშინაც კი, როდესაც გამხდარი ვიყავი, მუდამ მესმოდა: „აი, შენ რომ 2-3 კილო დაიკლო, ისეთი ლამაზი იქნები…“ ამაზე ფიქრი იმდენად სტრესული იყო, პირიქით იმოქმედა − ეს 2-3 კილო პერიოდულად 15-20-ად იქცა. წლები დასჭირდა იმის გაანალიზებას, რომ მე როგორ გამოვიყურები, რა მაცვია და რა მომწონს, მხოლოდ ჩემი საქმეა და არაეთიკური კომენტარების გამო, არ უნდა გამომეტოვებინა ის წვეულებები თუ ღონისძიებები, სადაც წასვლა ძალიან მინდოდა, მაგრამ ამ დამთრგუნველი კომენტარების მოსმენა − არა.
დრომ ისიც შეცვალა, რომ ადრე, თითქოს, თავს ვიმართლებდი და ბოდიშს ვიხდიდი ჩემი წონის გამო, რომ აი, ახლა დიეტაზე ვარ და აუცილებლად დავიკლებ, ახლა კი იქით ვახდევინებ ბოდიშს, თუ ვინმე ცდილობს დამანამუსოს, რომ თურმე „ამხელა არ ვახსოვარ“, „ასე რამ გაგასუქა“, „როდის უნდა დაიკლო“ და ა.შ. არც იმას ვითმენ, როდესაც სხვა ადამიანებს, როგორც კილოგრამების ერთობას, ისე აღიქვამენ და მიმართავენ.
ახალგაზრდა გოგონებს ვეტყოდი, რომ ნუ მიანიჭებენ სხვა ადამიანებს საკუთარ თავზე დიდ მნიშვნელობას და ნუ დაკარგავენ დროს იმაზე ფიქრში, თუ როგორ გამოიყურებიან და რამდენად ჯდებიან სტანდარტში, რომელიც კვარტალში ერთხელ იცვლება; ეს დრო შეგიძლიათ დახარჯოთ სწავლაში, განათლებაში, პროფესიულ განვითარებაში და წლების შემდეგ, უკან როცა მოიხედავთ, გაოცდებით, თურმე რამდენი რამ შეგძლებიათ. სხვებიც გაოცდებიან იმით, თუ რამდენად ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბდით და მიხვდებით, რომ ვერ იარსებებს ისეთი სტანდარტი, რომელიც თქვენნაირი უნიკალური ინდივიდის ჩარჩოში მოქცევას შეძლებს.
მარიამ სადღობელაშვილი
სილამაზის სტანდარტი არ არსებობს − არსებობს თავდაჯერებულობა. ჩვენი თვალები თუ სიყვარულითა და ბედნიერებით ბრწყინავს, სილამაზისთვის ეს უკვე საკმარისია...
მე მარიამ სადღობელაშვილი ვარ, 26 წლის, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც ყოველ დილას მუსიკითა და ყავით იწყებს − ესეც, ჩემი ბედნიერების რეცეპტი. დღეს ჩვენს საზოგადოებას შშმ-პირების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, რაც, ცხადია, დიდი ფსიქოლოგიური წნეხია. თუმცა მგონია, სწორედ ჩვენ უნდა მივაჩვიოთ საზოგადოება იმ ფაქტს, რომ ვარსებობთ. მხოლოდ ამის შემდეგ გაუქრებათ ადამიანებს კომპლექსები, რომელთან ერთადაც უწევთ ცხოვრება.
ახალგაზრდა გოგონებსა და ქალებს ვეტყოდი, რომ უყვარდეთ საკუთარი თავი, შეინარჩუნონ ბუნებრივობა, სილაღე, დადებითი განწყობა, ღიმილი; არასოდეს დანებდნენ და ყოველდღე სარკეში საკუთარ თავებს უთხრან, თუ რა მაგარია სიცოცხლე და რა ლამაზები არიან! ამ ყველაფრის შემდეგ, შეუძლებელია, თავი ბედნიერად არ იგრძნოთ და ყოველი დღეც უფრო მზიანი და ნათელი არ გახდეს!
სილამაზის სტანდარტი ხომ არ არსებობს − ის ყველა ადამიანშია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ როგორ აღიქვამს მას.
ცოტას ჩემს თავზეც მოგიყვებით:
ძალიან მიყვარს სიმღერა, ცეკვა და ყველაფერი, რაც მუსიკას უკავშირდება. ამას ისეთი საოცარი განწყობა მოაქვს ხოლმე ჩემთვის, რომ შემდეგ სურვილი მიჩნდება, საკუთარი ბედნიერების მომენტი სხვებსაც გავუზიარო. ვერასოდეს ვწყდები საინტერესო ფილმებს. აი, ისეთებს, ცხოვრებაშიც რომ გამოგვადგება და ჩვენთვის სასარგებლო ინფორმაციასაც მივიღებთ ხოლმე. გარდა ამისა, ფოტოგრაფიაც მიყვარს − როდესაც მიღებენ და როცა ვიღებ. ფოტოები, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი რამ მგონია, იმიტომ, რომ ბევრ მოგონებასა და ისტორიას ინახავს, რაც შემდეგ ტკბილად გვახსენდება...
რაც შეეხება მოტივაციას, მგონია, რომ ყველა ადამიანს ჩვენი გზა გვაქვს, რომელსაც ჩვენ გარდა ვერავინ გაივლის. ზოგჯერ იმედები გვიცრუვდება, ზოგჯერ კი ძალიან კარგი რაღაცები ხდება ხოლმე ჩვენს თავს. ასე რომ, ყველაფერს უნდა მოვერიოთ, უკეთესს უნდა ველოდოთ, თუმცა უარესისთვისაც მზად უნდა ვიყოთ და საკუთარი თავები დავარწმუნოთ იმაში, რომ ყველაფერი კარგად იქნება − აუცილებლად!