წლების წინ, როცა სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ კურსზე სწავლობდა, მედიკოსის პროფესიასთან დაკავშირებულ მომავალს იმთავითვე კონკურენცია გაეწია, რადგან მას შემდეგ, რაც შორენა როსტობაიამ სავარჯიშო დარბაზში ფეხი შედგა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ფიზიკური აქტივობა მთავარ გატაცებად ექცა. სწორედ ამიტომ, სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ, მან პროფესიული არჩევანი ფიტნეს-ინსტრუქტორის ამპლუაზე შეაჩერა და 16 წელია მიაჩნია, რომ გამართლებული გადაწყვეტილება მიიღო. ემსახურება საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს, ეს მუხტი კი მასთან „ფიტნეს რუმის“ დარბაზში მისული თითოეული სტუმრისთვის გადამდებია და მათ მიერ მიღწეულ შთამბეჭდავ შედეგებში აისახება.
ზუმბა, ზუმბა-სტეპი, პილატესი, ორსულთა პილატესი, კანგო ჯამფინგი – ეს ის ჩამონათვალია, რომელ მიმართულებებშიც სერტიფიცირებულ ინსტრუქტორად ჩამოყალიბებისთვის შორენამ საზღვრებს გარეთ მრავალი ტრენინგი გაიარა, არაერთი სერტიფიკატი დაიმსახურა და მიღებული ცოდნის უშურველად მოხმარება მსურველებისთვის საქართველოში გადაწყვიტა. OK! „ფიტნეს რუმის“ დამფუძნებელს მისი საქმიანობის თანმდევ საინტერესო დეტალებზე ესაუბრა...
როგორ იხსენებთ პირველ შეხებას ვარჯიშთან, როგორც თქვენი ცხოვრების მთავარ გატაცებასთან?
მაშინ სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. მცირედი ფიზიკური კორექციის სურვილით, სავარჯიშო დარბაზს ვესტუმრე და რეალობა ისაა, რომ მას შემდეგ, ფაქტობრივად, ამ პროცესიდან არასდროს გამოვსულვარ. იმ დღიდან ვიპოვე ის ენერგია, რომელიც დღემდე მასაზრდოებს. ვაღმერთებ საქმეს, რომელსაც ვემსახურები.
რატომ არის ვარჯიში შეუცვლელი აქტივობა სასურველი შედეგების მისაღწევად?
უპირველესად, ვარჯიში ჯანმრთელობის თვალსაზრისით უალტერნატივოა. ხერხემლის პრობლემები, მოდუნებული კუნთები, ზედმეტი ცხიმი და სხვა უამრავი პრობლემა ის ჩვენებებია, რომელთაც ვარჯიში აბათილებს. სუბიექტურად ვფიქრობ, რომ ის, რაც ვარჯიშს უკონკურენტო „პროცედურად“ აქცევს, მისი ანტიდეპრესანტული მოქმედებაა. ვარჯიში არა მხოლოდ სხეულს, არამედ სულსაც აფხიზლებს, ტონუსს სძენს და აჯანსაღებს.
ის, რაც ვარჯიშში ბევრისთვის ხშირად ხელისშემშლელ ფაქტორად გარდაიქმნება, სიზარმაცეა, დაღლილობაა, რომელსაც მცირედი გავარჯიშების შემდეგაც კი, მიუჩვეველი ადამიანები გრძნობენ. რას ურჩევდით მათ რიცხვში მყოფებს?
მიფიქრია, მაგალითად, როგორ ახერხებენ ჩემთან დამქანცველი სამუშაო დღის შემდეგ სავარჯიშოდ მოსვლას, თუმცა პასუხი ისაა, რითაც ვარჯიშის მთავარი ძალა აიხსნება. რაც უნდა დაღლილი, მოდუნებული იყო, აქ ენერგიას უსათუოდ მოიკრებ. ეს აუხსნელად დიდი აზარტი, სტიმული და ენთუზიაზმია.
ნამდვილად ხშირია შემთხვევა, როცა მიუჩვეველი ადამიანი ფიქრობს, რომ ვარჯიში უბრალოდ მასთან შეუთავსებელია, თუმცა მეცნიერულადაც დასტურდება, რომ ასეთი ჩვენება არ არსებობს. უბრალოდ, ორგანიზმს, ინდივიდუალური ვადები − 1-დან 3 თვემდე დრო სჭირდება იმისთვის, რომ სიზარმაცისა და დაღლილობის ეს კრიზისი გადალახოს. შემდეგ კი ის თავად მოგიყვანთ სავარჯიშო დარბაზში და ცხოვრების სხვაგვარი სტილი წარმოუდგენელი გახდება. მიხარია, რომ ბოლო წლებში ეს ტენდენცია სულ უფრო აქტუალური გახდა.
„ფიტნეს რუმში“ ორსულებიც კი ვარჯიშობენ. გვიამბეთ ამის შესახებ?
ორსულთა პილატესი ის მიმდინარეობაა, რომელიც ფეხმძიმეებს უამრავი კუთხით წაადგებათ. კარგია როგორც შემდგომში მშობიარობის პროცესის გასამარტივებლად, ასევე ორსულობის პერიოდის მაქსიმალური შემსუბუქებისა და ფორმების შენარჩუნებისთვის. ვარჯიშის დროს უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ნაყოფს კი ჟანგბადი უკეთ მიეწოდება. 12 კვირის ვადიდან (თუ სხეული ვარჯიშს შეჩვეულია, უფრო ადრეც) ორსულობის ბოლომდე ვარჯიში რეკომენდებულია.
როგორია თქვენი ჩვეული დღე?
დილა 7 საათზე იწყება − მაშინ, როცა პირველ ჯგუფს ვიღებ. თითოეული საათი გაწერილი მაქვს. ყოველთვის მეკითხებიან, საიდან ვიღებ ამდენ ენერგიას... 5-წუთიანი დასვენებაც კი მავსებს, მოდუნება არ შემიძლია. მყავს მეუღლე, რომელიც ჩემს პროფესიას იზიარებს და კარგად ესმის ჩემი გატაცება, და 10 წლის შვილი. ვახერხებ, რომ მათ სათანადო ყურადღება არ მოვაკლო. დღის განმავლობაში დრო ნაყოფიერად მაქვს გადანაწილებული.
რაში პოულობთ საქმიანობის სტიმულს?
წარმატებულ ისტორიებში. ჩემი ჯგუფების თუ ინდივიდუალური ვარჯიშების მონაწილეთა თითოეული დაკლებული კილოგრამი ჩემი სტიმულია, მათი ენთუზიაზმი − ჩემი ძალაა.
როგორ ახერხებთ თვითგანვითარებას?
16 წელია ერთ პროფესიას ვუძღვნი თავს და სხვა არჩევანზე არასდროს შევჩერდებოდი. ამის მიზეზი სწორედ მუდმივი განვითარების წყურვილი და სფეროში მრავალი საინტერესო სიახლეა. მათ ასათვისებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად სხვადასხვა ქვეყანას ხშირად ვსტუმრობ.
აქვს თუ არა ფიტნეს-ინსტრუქტორს საკუთარი ხელწერა? თქვენ რას მიიჩნევთ თქვენთვის დამახასიათებლად?
ვფიქრობ, მსგავსი შტრიხი არსებობს. ამბობენ, ფაქტი, რომ მე თითოეულ ჯგუფთან ერთად შეუჩერებლად ვვარჯიშობ, გადამდები სტიმულია. ვარჯიშის დროს ყველასთან ინდივიდუალურად, მუდმივ კონტაქტზე ვარ.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
მესამე წელია, რაც მეწარმე ვარ და ჩემი პატარა დარბაზი შევქმენი. მალე გაფართოებასაც ვგეგმავ. მინდა, საქართველოში ბევრი წარმატებული ინსტრუქტორი სტუმრად ჩამოვიყვანო და სხვადასხვა საინტერესო პროექტზე მუშაობა გავაგრძელო.