ნათია ავალიანის წარმატებულ ექიმ-კოსმეტოლოგის ამპლუამდე, სამედიცინო უნივერსიტეტი და სტომატოლოგიური ფაკულტეტის დასრულება იყო. მე-2 კურსიდან ექიმის ასისტენტად მუშაობა, ხოლო პარალელურ რეჟიმში სწავლა, მზადება იყო იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე შედგომოდა საყვარელ საქმიანობას. თუმცა, მიზნები მაშინ შეიცვალა, როცა 25 წლის ასაკში ესთეტიკის ინდუსტრიაში აღმოჩნდა.
ახალი დარგით გატაცებულმა ნათია ავალიანმა ინიექციური კოსმეტოლოგიის მასტერკლასი ბაქოში, ხოლო აპარატურული კოსმეტოლოგიის პრაქტიკა ისრაელში გაიარა. მსოფლიოს წამყვანი მედიკოსების მასტერკლასები არც საკუთარ ქვეყანაში გამოუტოვებია და წლებთან ერთად გამოცდილება გროვდებოდა. მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევს 2014-2015 წლებში თერაპიული კოსმეტოლოგიის კურსის გავლას გია გვარამიასთან და აღნიშნავს, რომ მისი პროფესიონალიზმი, სამუშაო პრინციპები გადამდებია. დღეს, 36 წლის ასაკში ის უმთავრეს რეგალიას, მრავალშვილიანი დედის სტატუსს ატარებს − არის ოთხი გოგონას მშობელი. პარალელურად, ფლობს საკუთარ ესთეტიკურ ცენტრს და ბავშვობიდან თანმდევ ხასიათის შტრიხს არასდროს გადაუხვევს, კვლავ შრომისმოყვარეობით აგრძელებს თვითრეალიზაციისკენ მუდმივ სწრაფვასა და განვითარებას.
რატომ გადაწყვიტეთ, თქვენი პროფესია ესთეტიკური სფეროსთვის დაგეკავშირებინათ?
ბავშვობიდან პრანჭია ვიყავი, მიყვარდა კოსმეტიკა, თავის მოვლა.
2014 წლიდან ესთეტიკური მედიცინის სფეროში ვმუშაობ და პროფესია არ არის მხოლოდ ჩემი შემოსავლის წყარო, არამედ მთავარი გატაცებაა ცხოვრებაში. საქმეა, რითაც ნებისმიერ დროს, დაღლილიც კი, სიამოვნებით ვემსახურები პაციენტებს, მიხარია ყოველი მათგანის
ვიზიტი და მათზე ზრუნვა.
თქვენი გამოცდილებით, რომელი პროცედურებია დღესდღეობით ყველაზე აქტუალური?
ყველაზე მოთხოვნადია ტუჩის მოდელირება, ბოტოქსი, ბიორევიტალიზაცია − ეს ის პროცედურებია, რომლის ჩასატარებლადაც ჩემი პაციენტები მომმართავენ და უახლესი მეთოდებითა და პრეპარატებით საოცრად ესთეტიკური შედეგები დგება.
რა ტიპის მითები გსმენიათ ყველაზე ხშირად, რომლებსაც არსებობის საფუძველი არ აქვს?
უფრო მეტად ადრეულ ხანებში მუსირებდა აზრები, რომ ბოტოქსი არ არის კარგი საშუალება ნაოჭების საკორექციოდ, ან უფრო უარესი − ის მავნეა, დგება უარესი შედეგი, და ყველაზე ცუდი, რაც მსმენია − ბოტოქსი აბრმავებს. სინამდვილეში, ბოტულინოთერაპია (ბოტოქსი) თავდაპირველად ოფთალმოლოგიაში გამოიყენებოდა და შემდეგ მისი აპრობირება ესთეტიკურ მედიცინაში მოხდა. მიმიკური ნაოჭების საკორექციოდ, ეს იდეალური საშუალებაა, რომელსაც არ ახასიათებს ალერგიის გამოწვევა, არ შეიცავს ცილებს და მისი ეფექტიანი შედეგი 3-დან 6 თვემდე ინდივიდუალურად ნარჩუნდება.
რას ურჩევდით მათ, ვისაც შემოდგომის პერიოდში ჯანმრთელი კანის შენარჩუნება სურთ?
უპირველესად, ძალიან მნიშვნელოვანია კანის დატენიანება, მკურნალობა, გაჯანსაღება, გამდიდრება პეპტიდებით, ვიტამინებით, ჰიალურონის მჟავით. გირჩევდით პილინგის პროცედურას, რადგან ნამზეურის, ამდენი გამონაბოლქვის შემდეგ, კანი ბინძურდება და აუცილებელია ზედა შრის აშრევება, რათა კანს სუნთქვის საშუალება მიეცეს. ამის შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ ინიექციურ ჩარევებზე. ეფექტიანია ბიორევიტალიზაციის პროცედურები: მეზოთერაპია, მეზობოტოქსი (ეს არის ბიორევიტალიზაციისა და ბოტოქსის კოქტეილი, რომელსაც აქვს ლიფტინგის საოცარი, მომენტალური ეფექტი). შემოდგომა საუკეთესო პერიოდია ქიმიური პილინგებისთვისაც.
რამდენად ხშირია სიახლეები თქვენს სფეროში და როგორ უწყობთ ფეხს?
სიახლეები ძალიან ხშირად გვხვდება და თვალყურს ვადევნებ, სხვანაირად ამ სფეროში განვითარება შეუძლებელია. სამწუხაროდ, პანდემიიდან გამომდინარე, წელს კონგრესებზე გამგზავრება ვერ მოვახერხე, რაც ჩემი საქმიანობის თანმდევია. თუმცა საშუალება მქონდა ონლაინ გავცნობოდი საინტერესო სიახლეებს. ვიმედოვნებ, მომავალი წელი უფრო აქტიური და შემოქმედებითი იქნება.
როგორია მრავალშვილიანი დედის ამპლუა? გვიამბეთ თქვენს გოგონებზე?
უფროსი გოგონა 17 წლის არის, სტუდენტია. შემდეგ 10, 7 და 3 წლის გოგონები მყავს. თუ რამე გამიკეთებია ცხოვრებაში, არაფერია იმასთან შედარებით, რასაც შვილები და ოჯახი ჰქვია. მათი ძალა და ენერგია მავსებს. არავინ ვარ ჩემი ოჯახის გარეშე. მინდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის მხარს მიჭერენ, მოტივაციას მმატებენ და ეს არის ზოგადად დედობის ფუფუნებაც. მათი არსებობა მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. მადლიერი ვარ ჩემი თითოეული ოჯახის წევრის.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ძალიან დიდი სურვილი მაქვს კორეაში, პერმანენტული მაკიაჟის სკოლაში მოვხვდე, საიდანაც დიდ ცოდნას ჩამოვიტან. ვგეგმავ, გავხსნა პერმანენტული მაკიაჟის შემსწავლელი სტუდიაც. იმედია, „კოვიდ-19“-თან ბრძოლა საბოლოო, წარმატებულ შედეგს ძალიან მალე გამოიღებს და ამის საშუალება მომეცემა.