როგორია დღეს ძუძუს კიბოს გავრცელების სტატისტიკა, რა არის გადამწყვეტი ამ დაავადებასთან ბრძოლის გზაზე და დაავადების განკურნების რა განმასხვავებელი, განსაკუთრებული ნიშა და მეთოდოლოგია აქვს „ავერსის კლინიკის“ მამოლოგიურ განყოფილებას − ამ თემებზე ქართული OK! „ავერსის კლინიკის“ ონკოლოგს, ქირურგ-მამოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორ თამილა როინიშვილს ესაუბრა.
თამილა, როგორია დღეისათვის ონკოლოგიური დაავადებების, კერძოდ კი, ძუძუს კიბოს გავრცელების სტატისტიკა?
ზოგადად, ონკოლოგიური დაავადებები მაღალი გავრცელებით და სიკვდილიანობით გამოირჩევა და მეორე ადგილი უჭირავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ. ქალებში კი ავთვისებიან დაავადებებს შორის ძუძუს კიბო პირველ ადგილზე დგას გავრცელების თვალსაზრისით. ბოლო პერიოდში დაავადების შემთხვევების ზრდისა და გაახალგაზრდავების ტენდენციაც შეინიშნება. ვინაიდან არ არსებობს ერთი კონკრეტული მიზეზი, რაც იწვევს ამ დაავადებას, შესაბამისად, ექიმებს არ გვაქვს კონკრეტული მითითება, რომ მოხდეს მისი პრევენცია. შეგვიძლია გავცეთ ზოგადი რეკომენდაციები ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით და რაც მთავარია, აუცილებელია გამოკვლევების რეგულარულად ჩატარება, რათა ფხიზლად ვიყოთ აღნიშნულ დაავადებასთან ბრძოლის პროცესში. ბევრს საუბრობენ ძუძუს კიბოს სიმპტომებზე, როგორიცაა სიმაგრის გაჩენა, კანის დეფორმაცია, სისხლიანი გამონადენი ან იღლიის მიდამოში სიმაგრე, მაგრამ ეს არ არის დაავადების გამოვლენის ის ეტაპი, რომელიც სასურველად შეიძლება მივიჩნიოთ. ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენის და დროულად დაწყებული მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტის სრულად გამოჯანმრთელების შესაძლებლობა მაღალია. ამგვარად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგულარულ გამოკვლევებს და დიაგნოსტირებას.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება დიაგნოსტირების დროს?
დიაგოსტირების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს კვლევის სიზუსტეს, რაც რთულია ტექნოლოგიური მხარდაჭერის გარეშე. სარძევე ჯირკვლების დაავადების დიაგნოსტირებაში კვლევის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. ესენია რენტგენ-მამოგრაფია, ულტრასონოგრაფიული კვლევა და მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევები. კვლევის ოქროს სტანდარტად მიჩნეულია მამოგრაფია, მისი სენსიტიურობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით. ეს არის კვლევის ყველაზე ეფექტური მეთოდი და უდიდესი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამდენად ზუსტი და ხარისხიანი იქნება დიაგნოსტირება. აპარატის ტომოსინთეზის რეჟიმი, 3D-მამოგრაფი იძლევა საშუალებას, რომ 2-3 მმ-იან შრეებში, დეტალურად მოხდეს სარძევე ჯირკვლის ქსოვილის დათვალიერება, რაც ზუსტ სურათს გვაძლევს. აღსანიშნავია, რომ ტომოსინთეზის რეჟიმის მქონე მამოგრაფი − უახლესი თაობის აპარატი, საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ „ავერსის კლინიკაში“ გვაქვს. ამ აპარატს აქვს ასევე კონტრასტირების რეჟიმი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, დაავადების გარკვეული, რთული მდგომარეობის დროს პრობლემურად გადასაწყვეტი საკითხები მარტივად გადავჭრათ.
რამდენად იცვლება ექიმთან მომართვიანობის სტატისტიკა დროთა განმავლობაში?
ბოლო პერიოდში ტენდენცია ზრდადია. ქალების მხრიდან მეტი ყურადღების გამოხატვა ხდება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. თუმცა ეს სტატისტიკა მაინც არ არის საკმარისად მაღალი. ეროვნული სკრინინგ-პროგრამის ანალოგიური სტატისტიკაც კი მხოლოდ 30%-ია, ეს კი არასაკმარისი მაჩვენებელია. ქალებმა აუცილებლად უნდა გაითავისონ ჭეშმარიტება − თუ სურთ, დაცულები იყვნენ ისეთი ვერაგი დაავადებისგან, როგორიც ძუძუს კიბოა, აუცილებლად რეგულარულად უნდა ჩაიტარონ გამოკვლევები.
რა სიხშირით არის აუცილებელი გამოკვლევების ჩატარება?
40-50 წლის ზემოთ ასაკის ქალებში წელიწადში ერთხელ სრულიად საკმარისია. თუმცა ზოგიერთ პაციენტთან უფრო მოკლე შუალედითაც არის საჭირო, რაც სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით.
რა სახის მომსახურებებს სთავაზობს პაციენტებს „ავერსის კლინიკა“ მამოლოგიის მიმართულებით?
„ავერსის კლინიკა“ არა მხოლოდ დიაგნოსტირების ეტაპზეა ორიენტირებული, სადაც აღნიშნულ მეთოდებთან ერთად, აქტიურად გამოიყენება მორფოლოგიური კვლევის მეთოდებიც. როგორიცაა ბიოპსიური მასალის ციტოლოგია, ჰისტო და იმუნომორფოლოგია. გამოვლენილი დაავადებების როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანის მკურნალობა კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდებით ხორციელდება. ძუძუს ავთვისებიანი დაავადებების მკურნალობის კუთხით, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ორგანოს შემანარჩუნებელი მკურნალობის მეთოდი. ეს იმას ნიშნავს, რომ ძუძუს კიბოს გამოვლენა არ გულისხმობს სარძევე ჯირკვლის დაკარგვას, რაშიც ძალიან გვეხმარება დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. ამ დაავადების მკურნალობისას ხდება კომბინირებული მეთოდების − ქირურგიის, სხივური თერაპიის, ქიმიოთერაპიის, ჰორმონო და ტარგეტული თერაპიის გამოყენება. როცა დაავადება ადრეულ ეტაპზე გამოვლინდება, თერაპიის კომბინაციაც ნაკლებად დატვირთული და დამზოგველია. ასეთ დროს ოპერაციული ჩარევაც ნაკლებად ინვაზიურია და ქალი ინარჩუნებს სარძევე ჯირკვალს. აღსანიშნავია, რომ ორგანოშემანარჩუნებელ ოპერაციას და სხივურ თერაპიას სიცოცხლის ხანგრძლივობის იგივე მაჩვენებელი აქვს, რაც ტოტალურ მასტექტომიას. გარდა იმისა, რომ ვინარჩუნებთ ორგანოს, ვცდილობთ დამაკმაყოფილებელი კოსმეტიკური შედეგით მოხდეს მისი შენარჩუნება. ძუძუს აქვს ასეთი თვისება: რაც მეტ ქსოვილს ვკვეთთ, მით მეტი დეფორმაცია ვითარდება. ამიტომ თანამედროვე ონკოპლასტიკური მიდგომების შესაბამისად, სპეციფიკური განაკვეთებით ხდება ამ ტიპის ოპერაციების გაკეთება. ეს გვაძლევს საშუალებას მაქსიმალურად და რაც მთავარია, დამაკმაყოფილებელი კოსმეტიკურ-ვიზუალური ეფექტით შევინარჩუნოთ სარძევე ჯირკვალი. სწორედ ეს მიდგომა და ონკოპლასტიკური ოპერაციები გახლავთ „ავერსის კლინიკის“ მამოლოგიის მთავარი ნიშა − ორგანოს შემანარჩუნებელი მკურნალობის მეთოდი. სამწუხაროდ, ხანდახან საჭირო ხდება ძუძუს დაკარგვა და ორგანოს ვერ ვინარჩუნებთ. ასეთ დროს მთავარი პრიორიტეტი დაავადების დამარცხებაა, შემდეგ კი ესთეტიკური მხარის შენარჩუნება. თუმცა ორივეს კომბინაცია საუკეთესო ვარიანტია.
თამილა, რა ხდება მაშინ, როდესაც ორგანოს მთლიანად მოკვეთის საჭიროება ჩნდება? თქვენს კლინიკაში ტარდება პლასტიკური ქირურგიის გზით ძუძუს აღდგენის ოპერაციები?
რასაკვირველია, ესეც არ არის მოუგვარებელი პრობლემა და როცა ძუძუს მოკვეთა გვიწევს, ჩვენს კლინიკაში პლასტიკური ქირურგიის გუნდთან ერთად რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციები ხორციელდება სხვადასხვა მეთოდით: ადგილობრივი კან-კუნთოვანი ნაფლეთების, ექსპანდერ-იმპლანტის ან თავისუფალი ნაფლეთის გამოყენებით. პაციენტს შეუძლია „ავერსის კლინიკაში“ სრულფასოვნად ჩაიტაროს მამოლოგიის მიმართულების ყველანაირი პროცედურა − როგორც დიაგნოსტირება, ქირურგიული მომსახურება, სისტემური მკურნალობა და ქიმიოთერაპია, ასევე, პლასტიკა. გვყავს ყველა მიმართულების პროფესიონალები და რთული შემთხვევების განხილვა სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფისგან შემდგარ კონსილიუმზე ხდება. აქვე იგეგმება დაავადებასთან ბრძოლის გზები და პაციენტი ადგილზე სრულად იღებს ნებისმიერ მომსახურებას, რაც მისი ჯანმრთელობისთვის, სილამაზისა და სიმშვიდისთვის არის საჭირო.