პროფესიონალიზმი, მაღალტექნოლოგიური აპარატურა და ულტრათანამედროვე, გამარტივებული მიდგომები პაციენტის განსაკუთრებული კომფორტისთვის
ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში ახალი მიმართულება − პლასტიკური ქირურგიის განყოფილება გაიხსნა, რომელსაც ახალგაზრდა, მაღალკვალიფიციური პლასტიკური ქირურგი ნოდარ ბრუნჯაძე ხელმძღვანელობს. ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით და გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული განყოფილება თოდუას კლინიკაში მოსულ პაციენტებს აბსოლუტურად ყველანაირი სახისა და სირთულის პლასტიკურ ოპერაციებს და სხვადასხვა ესთეტიკურ პროცედურას სთავაზობს. როგორია თოდუას კლინიკის პლასტიკური ქირურგიის განყოფილების უახლოესი გეგმები, რა არის ამ მიმართულებით კლინიკის მთავარი, განმასხვავებელი ნიშა და როგორ ემშვიდობება თოდუას კლინიკაში მოსული პაციენტი რამდენიმე პრობლემას ერთად, მკურნალობის კომბინირებული მიდგომის მეშვეობით − ამ თემებზე ნოდარ ბრუნჯაძესთან ქართული OK!-ის ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნოდარ, თოდუას კლინიკაში ახალი, პლასტიკური ქირურგიის განყოფილება ცოტა ხნის წინ გაიხსნა. საინტერესოა, რა ძირითად მომსახურებას სთავაზობს თქვენი განყოფილება აქ მოსულ პაციენტებს და როგორია კლინიკის გეგმები ამ მიმართულებით?
დიახ, ჩვენს კლინიკაში ეს არის ახალი მიმართულება, ძალიან დიდი მიზნებითა და ენთუზიაზმით გახსნილი. დაგეგმილი გვაქვს საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებსაც უახლოეს მომავალში განვახორციელებთ. ესთეტიკური ქირურგიის განყოფილების მომსახურებაში იგულისხმება აბსოლუტურად ყველანაირი სახისა და სირთულის პლასტიკური ქირურგიული ოპერაცია, ასევე, სხვადასხვა მცირე ქირურგიული ჩარევა და ინიექციური ესთეტიკური პროცედურა, რომლებიც დღეს ძალიან დიდი პოპულარობით გამოირჩევა. მაგალითად, როგორიცაა ბოტოქსი და ფილერი. გვაქვს სურვილი, მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდეს ჩვენი მუშაობის სპექტრი, დავიმატოთ რეკონსტრუქციული ქირურგია, აღდგენითი ოპერაციები, ანომალიების კორექციები, რათა ჩვენი საქმიანობა უფრო მასშტაბური და ფუნქციური გახდეს. საკმაოდ მოტივირებული და ენთუზიაზმით აღსავსე ვართ და დარწმუნებული ვარ, დასახულ მიზნებამდე აუცილებლად მივალთ, რაშიც პერსონალის გამოცდილება და კლინიკის უახლესი, თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობაც გვიწყობს ხელს.
მოგვიყევით თქვენს პროფესიულ გამოცდილებაზე.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება სრულფასოვნად დავუფლებოდი პლასტიკურ ქირურგიას, რისთვისაც დამჭირდა მრავალეტაპიანი სწავლება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ (ბელარუსი, ონკო-რეკონსტრუქციული დეპარტამენტი. აშშ, ესთეტიკური ქირურგიის დეპარტამენტი). რამდენიმე წლის წინ დავბრუნდი საქართველოში, რის შემდეგაც მქონდა შესაძლებლობა და პატივი, მესწავლა და მემუშავა იმ ბუმბერაზ ექიმებთან ერთად, რომლებიც დღეს ქმნიან საქართველოში თანამედროვე მედიცინის დონეს. ახლა კი, მაქვს შესაძლებლობა მოვახდინო ყოველივე ამის რეალიზება ულტრათანამედროვე, უმაღლესი სტანდარტის შესაბამის და უდიდესი შესაძლებლობების მქონე კლინიკაში − ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში.
რომელ პროცედურებზეა დღეს განსაკუთრებული მოთხოვნა პაციენტების მხრიდან?
ამ მხრივ სტატისტიკა ჩვენთანაც იგივეა, რაც მთელ მსოფლიოში. ყველაზე მეტად აქტუალური და პოპულარულია ცხვირისა და მკერდის ოპერაციები, ასევე ლიპოსაქცია. აღსანიშნავია, რომ სამივე ოპერაცია თანამედროვე რეალობაში ძალიან გამარტივებულია, ახასიათებს მოკლე და კომფორტული რეაბილიტაციის პერიოდი. მაგალითად, ლიპოსაქციის შემდეგ პაციენტი იმავე დღეს ეწერება შინ და მეორე-მესამე დღიდან შეუძლია სრულად დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებისეულ რეჟიმს.
ლიპოსაქცია ნარკოზის ქვეშ ტარდება?
ლიპოსაქცია ტარდება როგორც ზოგადი ანესთეზიით (ნარკოზით), ასევე ადგილობრივი ანესთეზიით − ეს დამოკიდებულია პაციენტის სურვილზე და შესასრულებელ ქირურგიულ სამუშაოზე. ადგილობრივი ანესთეზიით ჩატარებული ლიპოსაქცია უპირატესია იმით, რომ ფხიზელ მდგომარეობაში კუნთის ტონუსი შენარჩუნებულია, კანი უფრო დაჭიმულია, რაც გვაძლევს საშუალებას, სრულყოფილად გამოვკვეთოთ სხეულის კონტურები და ფაქტობრივად სრულყოფილად შევუსრულოთ პაციენტს სურვილი. თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც ნებისმიერ შემთხვევაში ურჩევნიათ, დაიძინონ პროცედურის დროს.
როგორ ხდება პროცედურის ან ოპერაციის საპროგნოზო შედეგის დაგეგმვა?
ჩვენს კლინიკაში გვაქვს 3D-მოდელირების პროგრამული ფორმატის ულტრათანამედროვე აპარატურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პაციენტებს წინასწარ ნათლად შეექმნათ წარმოდგენა, თუ როგორი იქნება მათი სხეული ამა თუ იმ პროცედურის ან ოპერაციის შემდეგ. ეს ძალიან გვეხმარება ექიმებს, რომ პაციენტის სურვილები რეალობად ვაქციოთ და თითქმის სრული სიზუსტით ვუპასუხოთ მათ მოლოდინს. ამგვარად, ამ აპარატურის საშუალებით, ყველა პაციენტს აქვს საშუალება, ზუსტად აირჩიოს საკუთარი ხვალინდელი ვიზუალი.
ვისაუბროთ ცხვირის კორექციაზე. როგორია თოდუას კლინიკის პლასტიკური ქირურგიის განყოფილების განსაკუთრებული ნიშა ამ მხრივ?
ამ მხრივ ჩვენი სპეციფიკა, ის, რაც ნებისმიერი პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და კომფორტულია, შემდეგში მდგომარეობს: გარდა იმისა, რომ ვცვლით ცხვირის ფორმას და ვზრუნავთ ვიზუალის გაუმჯობესებაზე, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ცხვირის ფუნქციური ნაწილი და სუნთქვის პრობლემა. ამ პრობლემის მოგვარების პროცესში ჩართულია ჩვენი გუნდის რინოლოგი, რომელიც ზრუნავს ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობასა და ცხვირის ფუნქციურ, სუნთქვით სრულყოფაზე. ამგვარად, ჩვენი პაციენტი ცხვირის ფორმის შეცვლასთან ერთად კომბინაციაში იღებს სრულყოფილ მომსახურებას, რათა ვიზუალურად და ფუნქციურად მოუწესრიგდეს ცხვირთან დაკავშირებული პრობლემები და ამ მიმართულებით ყველანაირი უსიამოვნება საერთოდ დამთავრდეს მის ცხოვრებაში.
ცხვირის ოპერაცია, როგორც წესი, საკმაოდ დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. თაბაშირთან, ტამპონებთან დაკავშირებულ ტკივილთან... ამ მხრივ თუ არის თანამედროვე ქირურგიაში წინსვლა?
დიახ. ჩვენ ვიყენებთ სილიკონის თაბაშირს და სილიკონის ტამპონებს. ტამპონი იმდენად მარტივი და უმტკივნეულოა, რომ პაციენტი საერთოდ ვერ იგებს მის ამოღებას. ასე რომ, ლეგენდები მტკივნეულ ტამპონებზე წარსულს ჩაბარდა და დღეს ცხვირის კორექცია და რეაბილიტაციის პერიოდი ბევრად მარტივია, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ. ეს გახლავთ საერთაშორისო, თანამედროვე მიდგომა, რომელიც ჩვენს კლინიკაში, ჩვენს ესთეტიკურ განყოფილებაშიც დანერგილია და ითვალისწინებს, რომ პაციენტი ბედნიერი იყოს არა მხოლოდ მიღწეული შედეგით, არამედ მარტივი და უმტკივნეულო რეაბილიტაციითაც.
ნოდარ, მკერდის კორექციაზეც მოგვიყევით.
ჩვენს განყოფილებაში ვაკეთებთ მკერდთან დაკავშირებულ ყველანაირ კორექციას − მკერდის იმპლანტით გადიდების, აწევის, ფორმის გაუმჯობესების, დაპატარავების, შესაძლებლობის შემთხვევაში, ცხიმის ხარჯზე მოცულობის გაზრდის ოპერაციებს. სრული მომსახურება გვაქვს, რაც მკერდის კორექციასთან დაკავშირებით შეიძლება ჩატარდეს. ამ მიმართულებით, ახლო მომავალში იგეგმება ესთეტიკური და რეკონსტრუქციული მიმართულებების შერწყმა, რათა პაციენტმა მიიღოს სრულფასოვანი მომსახურება, როგორც ეს ხდება ცხვირის პლასტიკის შემთხვევაში. გვაქვს სურვილი, რომ ჩვენთან მოსულმა ადამიანებმა მკერდთან დაკავშირებული ყველანაირი პრობლემა დატოვონ კლინიკაში და აქედან გავიდნენ სრულიად დამშვიდებულნი და ბედნიერნი. ზემოთ აღნიშნული განსაკუთრებით პოპულარული ოპერაციებისა და პროცედურების გარდა, ჩვენს განყოფილებაში ხორციელდება, რა თქმა უნდა, ყველანაირი პლასტიკა, რასაც პაციენტი მოისურვებს.