ქართული ნაციონალური ცეკვის პროფესიონალმა შემსრულებლებმა, ლეგენდარული „სუხიშვილების“ მოცეკვავეებმა − პუსკა გამსახურდიამ და დავით ჭანიშვილმა (ჭანო) ქართული ცეკვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულებისთვის ახალი სივრცე შექმნეს. ცეკვის მულტიფუნქციურ სივრცეში მისულ ადამიანებს შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ ხალისით, სიამოვნებითა და სრული დატვირთვით შეუთავსონ ერთმანეთს ქართული ცეკვა და ფიტნესი, ივარჯიშონ პროფესიონალი მოცეკვავეების მიერ შედგენილი განსაკუთრებული პროგრამით და დაეუფლონ ქართულ ცეკვას.
რაში მდგომარეობს ცეკვის ამ მულტიფუნქციური სივრცის იდეა?
(პუსკა): დიდი ხანია მაქვს ცეკვის კლასები ბავშვებისთვის და უფროსებისთვის. ბუნებრივია, პროფესიული სცენისთვის მზადება ქართული ცეკვის მოცეკვავეებისთვის პატარა ასაკიდან იწყება. უფროსებისთვის ცეკვის დაწყება გვიანი არცერთ ასაკში არ არის. თანდათანობით გაიზარდა მოთხოვნა სამოყვარულო ჯგუფებზე, სადაც ქართული ცეკვის შესწავლა უფროსებმა უფრო ინტენსიურად დაიწყეს. ამას ჩვენი ტრადიციული ცეკვებისადმი სიყვარული განაპირობებს. თუმცა, ჩვენი ცეკვის სპეციფიკიდან გამომდინარე, ის სხეულის ფორმის შენარჩუნებისა და ვარჯიშის ძალიან ეფექტური საშუალებაცაა. ვარჯიშისას სწრაფად გადის დრო და ერთი და იგივე რუტინა არ მეორდება.
(ჭანო): ტრადიციულ ცეკვებს შორის ქართული ცეკვა ძალიან დახვეწილი და შინაარსობრივად განსხვავებულია. ვითარდება, წინ მიდის. ხშირად ქართული ცეკვა სასცენო წარმოდგენასთან ასოცირდება. ჩემი აზრით, თუკი ლათინური ცეკვებისგან ზუმბა შეიქმნა და მსოფლიოში 17 მილიონი ადამიანი ყოველდღე ამ მეთოდით ვარჯიშობს, რატომაც არა − ქართული ცეკვის ფიტნესი? მრავალფეროვანი ილეთები და სტრუქტურა, მისი საინტერესო რიტმი და ყველასთვის სასიამოვნო მელოდიები. ინტენსიური და დინამიკური მოძრაობები საკმარისი მასალაა იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაშიც დავნერგოთ ეს პროგრამა და მის ფარგლებს გარეთაც.
როგორ გაჩნდა იდეა?
(პუსკა): მე და ჭანო დიდი ხნის მეგობრები ვართ. ერთ ანსამბლში ვცეკვავდით და ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას და სიახლეებს. პანდემიისას ჭანომ თავად დაიწყო შინ აქტიური ვარჯიში, ფორმიდან რომ არ ამოვარდნილიყო და შედეგად, ფიტნესცეკვის პროგრამა შეიმუშავა. გავაერთიანეთ კონცეფცია − ცეკვა და ვარჯიში, და გადავწყვიტეთ შეგვექმნა მულტიფუნქციური ცეკვის სივრცე. შევიმუშავეთ პროფესიული და ფიტნესცეკვის კლასების განსაკუთრებული პროგრამა ბავშვებისთვის და უფროსებისთვის.
(ჭანო): პუსკას ძალიან დიდი პედაგოგიური გამოცდილება აქვს. ზუსტად ხვდება ბავშვებისა და უფროსების მოთხოვნებს და შესაძლებლობებს. მასთან სიხარულით მიდიან ცეკვის შესწავლის მსურველები. ახლა უფრო გაფართოებული ცეკვისა და ფიტნესის კლასების სპექტრით შევეცდებით ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ერთად.
რას გულისხმობს კონცეფცია „ქართული ფიტნესცეკვა“?
(ჭანო): მოცეკვავისთვის კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა, არტისტიზმთან და ენერგიასთან ერთად, გადამწყვეტ როლს თამაშობს. ქართული ხალხური ცეკვის მოცეკვავეები გამოირჩევიან სიმსუბუქითა და გამძლეობით. სხვანაირად ფიზიკურად რთულ კომბინაციებს სცენაზე ვერ შეასრულებ. ხშირად მეკითხებოდნენ, რამდენ საათს ვცეკვავ, როგორ ვვარჯიშობ, რა ტიპის ფიტნესით ვარ დაკავებული. პანდემიისას განსაკუთრებული ყურადღება მივანიჭე ვარჯიშების შინაარსს და ავიყოლიე რამდენიმე ადამიანი ონლაინრეჟიმში. რამდენიმე თვეში თვალშისაცემი ეფექტი ჰქონდათ, რამაც ბიძგი მომცა, შემექმნა ქართული ცეკვის ფიტნესპროგრამა.
(პუსკა): გარდა განსხვავებული საცეკვაო და ფიტნესკლასებისა, ჩვენ გვინდა საინტერესო კოლაბორაციები გავაკეთოთ არტისტებთან, ვიმუშავოთ ინოვაციურ პროექტებზე. საშემსრულებლო არტი და ვიზუალური არტი გავაერთიანოთ და ბევრი ექსპერიმენტი ვატაროთ. ვფიქრობთ, რომ ძიების პროცესი მუდამ საინტერესოა და ღია ვართ ახალი იდეებისა და წამოწყებებისთვის. სხვა ქორეოგრაფებსა და შემსრულებლებსაც დიდი სიამოვნებით დავუთმობთ სივრცეს და გავიზიარებთ მათ გამოცდილებას. ვმუშაობთ ბევრ იდეაზე, და პანდემიიდან გამომდინარე, ეტაპობრივად შევთავაზებთ მათ დაინტერესებულ ადამიანებს.
რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეთ ახალ საცეკვაო სივრცეში მოსულ ადამიანებს?
(პუსკა): ქართული ტრადიციული ცეკვების შესასრულებლად საჭირო მოსამზადებელი ვარჯიშები სრულყოფილია შედეგის თვალსაზრისით. მათში შედის კარდიო, პილატესის ელემენტები, გაწელვა − ეს მრავალმხრივი და მრავალფეროვანი ვარჯიშია, რომელშიც სხეულის ყველა ნაწილი და კუნთი მონაწილეობს, რაც ადამიანების ჯანმრთელობაზე საუკეთესოდ აისახება. ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია იმუნიტეტის გასაძლიერებლად, მხნეობისთვის, სტრესის დასამარცხებლად, რაც ახლა, პანდემიის დროს, განსაკუთრებით აქტუალური გახდა.
ვფიქრობთ, უცხოელებისთვისაც შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება, მიიღონ ქართული ცეკვის მასტერკლასი ჩვენს მულტიფუნქციურ სივრცეში. მოგეხსენებათ, ქართული ცეკვის სცენაზე ნახვის შემდეგ საოცრად დიდია ხოლმე მათი აღფრთოვანება და ამ ცეკვის დაუფლების სურვილი.
როგორ ვარჯიშობენ მოცეკვავეები თქვენს მულტიფუნქციურ დარბაზში?
(ჭანო): ქართულ ცეკვას ფიზიკური მომზადება სჭირდება და ბევრს აინტერესებს, რა სახის ვარჯიშებს ვასრულებთ მოცეკვავეები, რომ ასეთი პლასტიკა და ფიზიკური მზადყოფნა გვქონდეს. ჩვენთან მოსული ადამიანები ზუსტად ისე ვარჯიშობენ, როგორც პროფესიონალი მოცეკვავეები. თუმცა, რა თქმა უნდა, მაშინ, როცა პროფესიონალები დღეში 6-7 საათს ვუთმობთ ვარჯიშს, ჩვენ ეს ყველაფერი 1 საათამდე შევამოკლეთ და დავნერგეთ პროფესიული ვარჯიშების განსაკუთრებული კომბინაცია. მათ რეგულარულ შესრულებას თავისთავად მოყვება ლამაზი, ნავარჯიშევი სხეული და წონის კონტროლი. სხეული ფორმას იცვლის, იხვეწება და ლამაზდება.
როგორია სტუდიის მუშაობის რეჟიმი?
(პუსკა): ვარჯიში რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. სივრცის დიამეტრიდან გამომდინარე, მაქსიმუმ 15 ადამიანია ჯგუფში, რათა ზედმიწევნით დავიცვათ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები.
(ჭანო): გვაქვს საღამოსა და დილის კლასები, რათა მაქსიმალურად ყველამ მოახერხოს სიარული, მათ შორის − საქმიანმა ადამიანებმა სამსახურის შემდეგ. გვაქვს ასევე ინდივიდუალური, პერსონალური ვარჯიშები, როდესაც ადამიანებს რომელიღაც კონკრეტული ცეკვის შესწავლის ან ცალკე ვარჯიშის სურვილი უჩნდებათ. ცეკვას ვასწავლით ასევე წყვილებს ან მეგობრების ჯგუფებს, რომელთაც რომელიღაც ცეკვის სწავლის ან უბრალოდ, ერთად ვარჯიშის სურვილი აქვთ. აქ მოსული ადამიანები ირჩევენ მათთვის სასურველ კლასებს, დროს და ვარჯიშის ფორმას. ეჩვევიან რეგულარულ აქტივობას და ხალისით სწავლობენ ცეკვას.