ჯანსაღი ცხოვრების წესი ადამიანის ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამისათვის არსებობს უამრავი მეთოდი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, მით უფრო ისეთ რთულ პერიოდში, როგორიც ახლა მძვინვარებს მთელ მსოფლიოში. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ავიმაღლოთ იმუნიტეტი და დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ვირუსთან საბრძოლველად. ჟურნალი OK! რამდენიმე ძალიან საინტერესო და კომპეტენტურ რესპონდენტთან ერთად სასარგებლო რჩევების ფონზე გიამბობთ ცხოვრების ჯანსაღი წესის არსისა და მისი მთავარი პრინციპების შესახებ.
სალომე ხელაშვილი
სალომე, თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაზე გვიამბეთ.
დღევანდელი ჩემი საქმიანობა თავიდან ბოლომდე ჯანსაღი ცხოვრების წესს და აიურვედულ პროდუქციას უკავშირდება. წლების განმავლობაში შევეცადე დამენერგა ჩემი საყვარელი ის პროდუქტები, რომლებიც საკუთარი ცხოვრების რუტინად ვაქციე და რომლებსაც თავად მოვიხმარდი. ეს ყველაფერი ერთმანეთს გადაება და შეიქმნა მთლიანობა, რომელიც თავიდან ბოლომდე მოტივირებული ადამიანებისთვისაა და ითვალისწინებს ჯანსაღი ცხოვრების წესს.
რამდენად დიდი დოზით არის ჯანსაღი ცხოვრების წესი თქვენს ყოველდღიურობაში?
ჯანსაღი ცხოვრების წესი გახდა ჩემი ყოველდღიურობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. ეს მოიაზრებს როგორც სილამაზეზე ზრუნვას, ასევე თავის, კანის, ორგანიზმის მოვლას, დატენიანებას, ტოქსინების გამოდევნას.
მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კვებითი დანამატების მიღება, რადგან ეს ყველა ჩვენგანს ძალიან სჭირდება. ბუნებაში არსებობს ბევრი რამ, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიყურებოდეთ უფრო ლამაზად, ჯანმრთელად, ღონივრად და სწორედ ამისთვის არის შექმნილი დანამატები. მე თვითონაც მოვიხმარ მაგალითად საცხებს, რომლებიც ძალიან დადებითად მუშაობს კანზე, სახსრებზე, კუნთებზე.
თქვენ რა სახის მეთოდებს მიმართავთ იმუნიტეტის ასამაღლებლად?
მოვიხმარ ჩემს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პროდუქტს, რომელიც არის აიურვედას დედოფალი – TRIPHALA. შედგება ინდური ხილისგან, რომელიც მუშავდება და შემდეგ შეგვიძლია მოვიხმაროთ, მოვამზადოთ ჩაი. დადებითად მოქმედებს ჭარბ წონაზე, აძლიერებს ორგანიზმს, ამაღლებს იმუნიტეტს, შეიცავს C ვიტამინს, ატენიანებს სხეულს და სხვა კიდევ უამრავი დადებითი თვისება და მოქმედება აქვს.
მელი ბაღდავაძე
მელი, თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაზე გვიამბეთ.
ვსაქმიანობ შემოქმედებით სფეროში. გახლავართ აღმასრულებელი პროდიუსერი, ვიღებ ქართველების საყვარელ რეკლამებს და ვიდეოკონტენტს. ასევე ვცდილობ სხვადასხვა საქმიანობით მხარი დავუჭირო ქართულ კრეატიულ ინდუსტრიას.
რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრება და რა ადგილი უჭირავს თქვენს ყოველდღიურობაში?
ჯანსაღი ცხოვრების ყველაზე მარტივი ფორმულირება ასეთი იქნებოდა: ეს არის ფიზიკური, შინაგანი და ჩვენ ირგვლივ გარე სამყაროს ერთმანეთთან ჰარმონია. თუ შენი სხეული და გონება კარგად მუშაობს და თუ შენი სასიცოცხლო ენერგია ამ ორივეს დამატებით ეხმარება გამართულად ფუნქციონირებაში, სწორედ ეს არის ჯანმრთელობა.
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე რომელიღაც მათგანი უფრო მნიშვნელოვანი ხდება, თუმცა დროთა განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობამ დამანახა, რომ შეიძლება მივირთვა ყველანაირი სალათი, მთელი დღე იოგა ვაკეთო, მეძინოს 8 საათი და ვსვა ლიმონიანი წყალი, მაგრამ თუ ჩემს თავში არეულობაა, მე ყოველთვის მაინც არაჯანსაღ ადამიანად დავრჩები.
მენტალური, ფიზიკური და სოციალური ჯანმრთელობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან და სამივე თანაბრად მნიშვნელოვანია სრულყოფილი ჯანმრთელობისთვის. ხშირად გვესმის, რომ ჯანსაღი ცხოვრება სწორი კვება და ვარჯიშია, და შემდეგ მის ჩაშლას აწარმოებენ, თუმცა ისინი ვერ ჩაანაცვლებს იმის აუცილებლობას, რომ დრო დავუთმოთ საკუთარ თავს, ჩვენს მენტალურ მხარეს − ამაში ვგულისხმობ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, როგორიცაა განწყობა და დამოკიდებულებები. აქ აუცილებლად შედის ჯანსაღი ურთიერთობებიც, რომელიც დღესდღეობით ასე რთულია − იქნება ეს შინ, სამსახურში, სამეგობროში თუ სრულიად უცხო ადამიანებთან.
იმუნიტეტის ამაღლების რომელ მეთოდებს მიმართავთ?
ჯანმრთელობა ჩვენი იდეა არ არის, ის ჩვენი გამოგონილი არ გახლავთ. სამაგიეროდ, ჩვენი გამოგონილია ცუდი ჩვევები. სწორი საკვების მიღება და მუდმივი ფიზიკური აქტივობა წამალია, თუმცა მაქვს რამდენიმე რჩევა ჩემი დღის წესრიგიდან:
1. ცოცხალი საკვების მიღება. ბოსტნეული, ხილი, თხილეული, პარკოსნები – რაციონში აუცილებლად საკვების 40-50% უნდა იყოს ცოცხალი. როცა საკვებს ვამზადებთ, ჩვენმა სხეულმა ადვილად უნდა მიიღოს, მაგრამ ჩვენ ვაშორებთ უამრავ ვიტამინს და საკვებ ნივთიერებას. სინამდვილეში კი თვით ამ საკვებს ბუნებრივად მოყვება თავისი ფერმენტები, რომლებიც მათ მოსანელებლად გვჭირდება და მათი განადგურებით ჩვენს ორგანოებს დიდი გზის გავლა უწევთ, რათა თვითონ გადაამუშავონ ეს საკვები.
2. უამრავი მოძრაობა. დილით აუცილებლად აჩქარებით სიარული და ამის შემდეგ იოგა და გაწელვები. ყოველთვის მეფიქრება ხოლმე იმაზე, თუ როგორი იყო ადამიანი ათასწლეულების განმავლობაში და მიმაჩნია, რომ ეს არის ის სწორი ცხოვრება და ყველა შეკითხვაზე პასუხი, რასაც ჩვენ ვეძებთ. 2 საუკუნის წინ რომ დავბადებულიყავით, ყოველდღიურად 20-ჯერ უფრო მეტ ფიზიკურ აქტივობაში ვიქნებოდით ჩართული, ვიდრე დღეს გვიწევს, ასე არ არის? ახლა კი საკუთარ სხეულებს საერთოდ აღარ ვიყენებთ.
3. მედიტაცია − რომელიც 1 წელია რაც დავიწყე და ყოველდღიურად ვაკეთებ. ამის გარეშე წარმოუდგენელია. რთული დღეები ისეთი მშვიდი და მარტივი გახდა... უკვე ძალიან იოლია ერთი ჩაფიქრებით საკუთარ თავზე დაკვირვება − რა ემოციები მაქვს, რა მასევდიანებს თუ რა მიხარია; ორგანიზმში რა ხდება, რა საკვები მწყენს და რა მარგებს; ასევე, უზარმაზარი მენტალური ჯანმრთელობა მოვიპოვე ამ დროში.
4. ბუნებასთან კავშირი − ხშირად გასვლა, ფეხშიშველი სიარული, მცენარეების მოვლა, თუ შესაძლებელია − ტალახის აბაზანები.
5. წყლის სმა − დილით თბილი ლიმონიანი წყალი აუცილებლად, გამოსაფხიზლებლად. დღის განმავლობაში კი სასმელი წყალი, სასურველია იყოს წინასწარ დაყენებული.
6. შუალედური შიმშილი − ამაზე ბევრი საუბარი მიწევს ყოველთვის, რომ შიმშილი არ აზიანებს კუჭს, პირიქით − მთელი სხეული იწყებს გამოფხიზლებას და ტვინი იდეალურად მუშაობს მხოლოდ მშიერ მდგომარეობაში. თუ ამაზე არაფერი გსმენიათ, ახლავე დაიწყეთ მოძიება!
7. შხაპი ძილის წინ − არა მხოლოდ სისუფთავისთვის, არამედ მთელი დღის „ჩამოსარეცხად“ და ძილისთვის გასამზადებლად.
8. ამოვიღე კოფეინი, რძე და რძის რამდენიმე პროდუქტი.
9. დავამატე რამდენიმე სუპერფუდი − სპირულინა, კურკუმა, მორინგა.
10. ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან მუდმივი ურთიერთობა.
11. ხშირი სამედიცინო შემოწმება, რომელიც მუდამ გვავიწყდება და უმნიშვნელო გვგონია.
12. და რაც მთავარია − არ ვიკლებ არაფერს. როცა რაღაცის გაკეთება მინდა, არ ვიზღუდავ თავს. თუ კონკრეტული საკვები მშია, მას აუცილებლად მივირთმევ და როცა რაღაცის გაკეთება არ მსიამოვნებს ან მეზარება, არ ვაკეთებ. ჩემი სიმშვიდე და სილაღე სწორედ ამაშია და ჯანსაღი ცხოვრების სტილიც − უფრო სახალისო.
ანა ტიკარაძე
ანა, გვიამბეთ თქვენს საქმეზე, რომლითაც ამ ეტაპზე ხართ დაკავებული.
ჩემი ძირითადი საქმიანობა არის კაფე „ნამუ“, რომელიც შალვა დადიანის 30 ნომერში მდებარეობს. ეს არის მთლიანად ვეგანური, ჯანსაღ კვებაზე ორიენტირებული სივრცე. ჩვენ არცერთ კერძში არ მოვიხმართ რაფინირებულ შაქარს, ხორბლის ფქვილს (გლუტენს), რაფინირებულ ზეთს, ცხოველურ ნაწარმს − ხორცს, თევზს, კვერცხს, რძის პროდუქტს.
ანა, რას სთავაზობთ თქვენთან მოსულ სტუმრებს?
გვაქვს კერძები, ნამცხვრები, სასმელები, დეტოქსის წვენები და დიეტა, რომელიც ძალიან კარგია მათთვის, ვისაც წონაში კლება და ორგანიზმის გაწმენდა სურს. ასევე, ჩვენ ვართ „კომბუჩას“ პირველი მწარმოებლები საქართველოში. ეს არის შუშხუნა გამაგრილებელი სასმელი, რომელიც ფერმენტირებულია და ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის.
„ნამუს“ ფარგლებში გვაქვს მეორადი ტანსაცმლის მაღაზია და ვცდილობთ მოვახდინოთ მდგრადი მოდის პოპულარიზაცია. ხშირად გვაქვს მასტერკლასები სხვადასხვა საინტერესო თემაზე, გვსურს ავამაღლოთ ცნობადობა დედამიწაზე ნაკლები კვალის დატოვების მნიშვნელობის შესახებ. ასევე, გვაქვს თავის მოვლის ნატურალური საშუალებები, ეთერზეთებზე დაფუძნებული სახის კრემები, ლოსიონები, მყარი საპნები.
ხშირად ვატარებთ გასვლით ღონისძიებებს, რომლებიც ჰოლისტურ მიდგომებს ეფუძნება. აქ ინტეგრირდება ჯანსაღი კვება, იოგა-მედიტაცია, რეფლექსოლოგია, ჩაკრების გახსნა-ბალანსი და სხვა. „ნამუ“ მხოლოდ კაფე არ არის − ეს ცხოვრების სტილია.
როგორია თქვენი ჯანსაღი ცხოვრების რუტინა?
„ნამუს“ იდეა 2016 წელს გაჩნდა და ეს არ ყოფილა ბიზნესიდეა. ჩემი ცხოვრების წესმა იმდენად კარგი შედეგი მაჩვენა, რომ მომინდა ხალხისთვისაც გამეზიარებინა.
ჩემი დილა იწყება 06:00 საათზე. ვიწყებ სეზამის ზეთის გამოვლებით, რომელიც ჩემი სხეულისთვის ყველაზე მისაღები აღმოჩნდა. 15 წუთის განმავლობაში ეს ზეთი მაქვს ჩაგუბებული პირში და ამ დროს ხდება დაგროვილი ტოქსინებისგან ორგანიზმის გასუფთავება. ამას მოყვება სუფრის კოვზი ზეთის დალევა იმისთვის, რომ ორგანიზმმა კარგად იმუშაოს. შემდეგ ვვარჯიშობ იოგას, რომელსაც მოსდევს 10-წუთიანი დამიწების (ამინდის მიუხედავად, მიწაზე ფეხშიშველი დგომა) პრაქტიკა. ვაგრძელებ სუნთქვაზე ორიენტირებული 10-წუთიანი მედიტაციით. დილის შხაპი ყოველთვის ცივი წყლის გადავლებით მთავრდება. 08:00-09:00 საათზე ვიწყებ საუზმის მზადებას. ეს არის ყოველთვის ხილის, ბოსტნეულის, თხილისა და მარცვლეულის ერთობლიობა. ყველა ამ პროცედურის შემდეგ მივდივარ „ნამუში“, სადაც ვატარებ თითქმის მთელ დღეს. 15:00-16:00 საათზე მეორედ ვიკვებები, რის შემდეგაც მეორე დღის დილის კვებამდე 18-საათიან შუალედს ვაკეთებ. ჩემი დღე 21:00-22:00 საათზე სრულდება. მე ვიპოვე საკუთარი ცხოვრების სტილი, რომელიც მაჯანსაღებს. ყველას ვურჩევ, სწორად შეარჩიონ და განსაზღვრონ საკუთარ თავზე მორგებული რიტუალები და არ დაივიწყონ ტიბეტური სიბრძნე: „ჭამე ნახევარი, იარე ორმაგი, იცინე სამმაგი და გიყვარდეს უსასრულოდ“.
ბიძინა კულუმბეგოვი
ბატონო ბიძინა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გაიზარდა COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა. რამდენია ინფექციის უსიმპტომო მატარებლობის პროცენტი?
დაავადებათა კონტროლის ამერიკული ცენტრის თქმით, ინფექციის უსიმპტომო მატარებლობის შანსი დაახლოებით 40%-ია, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. მინდა აღვნიშნო, რომ უსიმპტომო მატარებლობა არ ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმში არანაირი ცვლილებები არ მიმდინარეობს. სინამდვილეში, ისინი ვერ გრძნობენ სიმპტომებს, რეალურად კი ძალიან მარტივად ვრცელდება მათგან ეს ვირუსი.
რა მნიშვნელობა აქვს ნიღბის გამოყენებას და რამდენად გვიცავს ვირუსისგან?
თითოეულ ადამიანს აქვს მაინფიცირებელი დოზა. თუ დაავადებული ადამიანი აცემინებს, თითო დაცემინების დროს მილიონობით ვირუსი გამოიყოფა, ამიტომ თუ მე ნიღბით დავინფიცირდები, დაავადება განვითარდება მსუბუქად, ხოლო თუ უნიღბოდ დავინფიცირდები, ძალიან დიდი რისკია გართულებების. ანუ ნიღბის მეშვეობით ვიცავთ ორი ადამიანის სიცოცხლეს.
გვიახლოვდება გრიპის სეზონი. როგორ დაიცვათ თავი მოსალოდნელი ვირუსისგან?
მოხდება ორი ვირუსის ზედდება, თუმცა წინა წლებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, გრიპი ჩვენს ქვეყანაში დეკემბრამდე არ გამოჩნდება. შესაძლოა პიკური პერიოდი ისე გავიაროთ, რომ გრიპი ჯერ არც იყოს. სხვა შემთხვევაში, ჯანდაცვის სისტემისთვის ძალიან რთული იქნება ერთდროულად ორ ვირუსთან გამკლავება. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი აცრა იყოს გაკეთებული, რათა გრიპის ინფექციამ მეორადად არ დააზიანოს მოსახლეობა. ასევე რეკომენდაციები, მაგალითად, ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით, გრიპის ვირუსისგანაც დაგვიცავს.
როგორია თქვენი რეკომენდაციები, როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგისგან შინ მკურნალობის შემთხვევაში?
სახლის პირობებში ზუსტად ისე უნდა მივუდგეთ ამ ინფექციას, როგორც ნებისმიერ სხვა გაციებით დაავადებას. უფრო მარტივი იქნება, თუ ყველა გაციებას შევხედავთ ისე, როგორც კორონავირუსს.
უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე. იყავით აქტიურები, მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე, ასევე სასურველია D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზით მიღება.
ნიკა ალავიძე
ნიკა, უპირველესად, გვიამბეთ რას საქმიანობთ, რითი ხართ ამ ეტაპზე დაკავებული?
ამ ეტაპზე დაკავებული ვარ საკონსულტაციო საქმიანობით. ჩართული ვარ ერთ-ერთი მსხვილი, ტრანსნაციონალური კომპანიის საკონსულტაციო პორტფოლიოში. ასევე ვთანამშრომლობ რამდენიმე ქართულ კომპანიასთან კრიზისმენეჯმენტის მიმართულებით და ვმართავ საკუთარ ბიზნესს, რომელიც რამდენიმე მეგობართან ერთად გვაქვს წამოწყებული.
რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრება და რა ადგილი უჭირავს თქვენს ყოველდღიურობაში ამ ცნებას?
ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრების წესს. უპირველეს ყოვლისა, ეს როგორც ჩემი, ასევე საკუთარი ოჯახის წევრებისთვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მეუღლესთან ერთად ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ფიზიკურ აქტივობებში და რაც მთავარია, მაქსიმალურად ვცდილობთ ვიკვებოთ ჯანსაღი საკვებით (აქ ჩემს მეუღლეს დიდი როლი მიუძღვის, რაშიც ძალიან გამიმართლა. ის პროფესიონალი მზარეულია).
შეიძლება ითქვას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზებისთვის, მე და ჩემმა მეუღლემ გავაკეთეთ ინვესტიცია რამდენიმე პროექტში. აქედან მთავარი გულისხმობს „ტრეკინგისა“ და სპორტული სათავგადასავლო აქტივობების წახალისებასა და განვითარებას. ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ მიმართულების განვითარებასა და წინსვლას ჩვენს ქვეყანაში.
თქვენ რა სახის მეთოდებს მიმართავთ იმუნიტეტის ასამაღლებლად?
რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სისტემატურად ვიკეთებთ აცრებს, თუმცა ამას პანდემიის გარეშეც ბოლო შვიდი წელია აქტიურად ვაკეთებთ მთელი ოჯახი. რა თქმა უნდა, კვების რაციონი გვაქვს გაძლიერებული ისეთი კომპონენტებითა და შემცველობებით (C, D ვიტამინებით), რაც აუცილებელია იმუნიტეტის ასამაღლებლად, მით უფრო სეზონური გრიპების პერიოდში. და რა თქმა უნდა, მაქსიმალური დისტანცირებისა და წესების დაცვით ვაგრძელებთ ფიზიკურ აქტივობებს.
დაბოლოს, რას ურჩევდით მკითხველს იმუნიტეტის ასამაღლებლად და პანდემიასთან გასამკლავებლად?
უპირველესად, არ აყვეთ პანიკას. აუცილებლად დაიცავით რეკომენდაციები და იყავით აქტიურები – რასაკვირველია, დაშვებული დისტანციის ფარგლებში. იქნება თუ არა პანდემია, ყოველთვის ყურადღებიანები იყავით საკუთარი თავისა და სხვების ჯანმრთელობის მიმართ.
მკურნალობა იქნება, ფიზიკური აქტივობა თუ სხვა, ყველაფერი გამოცდილი და კომპეტენტური პროფესიონალების დახმარებით (კონსულტაციით) გააკეთეთ, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, რათა არასწორი მიდგომით ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ჯანმრთელობას.