თამარ ნადირაშვილი წარმატებული ექიმია, რომელსაც შორეული ქვეყნიდან საქართველოში დაფუძნების სურვილი ყოველთვის ჰქონდა. მამა ქართველი, დედა კი ნახევრად ქართველი ჰყავდა, რომელიც მის პროფესიას იზიარებს. მამასაც სურდა, საქმიანობა მედიცინისთვის დაეკავშირებინა, თუმცა, საბოლოოდ, არჩევანი აგრარულ სფეროზე შეაჩერა და მას კარიერა მიუძღვნა. ყოველთვის წარმოიდგენდა, რომ მისი ქალიშვილიც თეთრ ხალათს ჩაიცვამდა და დედისა და მეორე ქალიშვილის მსგავსად, მაღალკვალიფიციურ კადრს რომელიღაც დარგს შემატებდა.
მამის ნატვრას თამარის გულწრფელი სურვილი დაემთხვა და გინეკოლოგის ამპლუაში საექიმო ფიცი დადო. ბელორუსიაში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა ბავშვობიდან საქართველოში ცხოვრების ოცნება თან სდევდა, აქ ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა და სასიამოვნო მოგონებებთან ერთად, თბილისიდან ბელარუსში ბრუნდებოდა, მალე კვლავ დაბრუნების იმედით.
შვილები, ოჯახი, სამსახური, დისერტაცია და სხვა ბევრი საპასუხისმგებლო საზრუნავი წლების განმავლობაში დროს იკავებდა და ამ უკანასკნელის დეფიციტში, საქართველოში გადმოსვლის მყარი გადაწყვეტილების მიღება უჭირდა.
„როცა ბელარუსში ჩემს პროფესიაში საკმაოდ წარმატებული გავხდი, გადაწყვეტილება მივიღე, რომ უნდა მეცადა, თორემ ვინანებდი“, – ამბობს თამარი, რომლის ჩამოსვლაც ქართველ ექიმ-ემბრიოლოგ ნინო მუსერიძის გაცნობას უკავშირდება.
„ნინომ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, გახსნა საკუთარი კლინიკა და ერთი წლის წინ სამსახური შემომთავაზა. ერთ თვეში გადაწყვეტილება მივიღე და საქართველოში გამოვემგზავრე...“
თამარ, გვიამბეთ კლინიკის შესახებ, სადაც საქმიანობთ, და რომელ მიმართულებებს კურირებთ?
უკვე ერთი წელია, რაც ქართულ-გერმანულ რეპროდუქციულ ცენტრში ვმუშაობ. 2001 წლის შემდეგ, ჩემი, როგორც ექიმის, ძირითადი საზრუნავი უნაყოფობა, გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია და სხვა გინეკოლოგიური დაავადებებია.
როდის უნდა დავფიქრდეთ დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე?
უნაყოფობის მკურნალობა არა მხოლოდ ინ ვიტრო განაყოფიერებითაა შესაძლებელი. პირველ ეტაპზე ვცდილობთ, პაციენტის დაორსულება მკურნალობის სხვა მეთოდებით მოხერხდეს. თუ მკურნალობა 2 წელს აღემატება, უნდა დავფიქრდეთ დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე. ეს არის გუნდური შრომა, სადაც დიდ როლს თამაშობს ემბრიოლოგი. მასზე ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატებული შედეგის თვალსაზრისით ძალიან ბევრია დამოკიდებული. ამ პროცესებში ჩემი წვლილია ის, რომ როგორც გინეკოლოგმა, კარგად უნდა შევასრულო მკურნალობის ჩემთვის მობარებული ეტაპები.
რას უკავშირდება წარმატებული შედეგის გარანტია?
საქართველოში ძალიან აფიქრებთ ის, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების დაფინანსება არ ხდება. ამ მიზეზის გამო, პაციენტების უმეტესობა (ასაკით 40+) ჩვენთან გვიან მოდის, როცა წლოვანება შედეგს აყოვნებს.
შედეგი კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის, ასევე ემბრიოლოგიური ლაბორატორიის აღჭურვილობის ხარისხზე, გინეკოლოგისა და ემბრიოლოგის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.
გარანტი, ალბათ, ისაა, რომ უარყოფით შედეგზე არასდროს ვჩერდებით. მეც ხშირად მესიზმრება საკუთარი საქმიანობა, პროცესები, და ეს ფიქრები არსად მანებებს თავს, ყოველთვის ვფიქრობ, რა შემიძლია უკეთ გავაკეთო.
რა გაძლევთ საქმიანობის სტიმულს, იმ იმედიან განწყობას, რომელსაც პაციენტებს უზიარებთ და როგორია ამ განწყობის როლი სასურველი შედეგების დადგომის საკეთილდღეოდ?
ჩემთვის დაორსულებული პაციენტების სიხარული ყველაზე დიდი სტიმულია. ბევრი პაციენტი ხდება ჩემი უახლოესი ადამიანი და ურთიერთობები გრძელდება მათთან და მათ შვილებთან.
რაც ჩემზე არის დამოკიდებული, მთელი ჩემი ცოდნითა და სულისკვეთებით ვემსახურები. განწყობას, პაციენტის ფსიქოლოგიურ მომზადებას დიდი ძალა აქვს.
როგორია ვითარება საქართველოში? რამდენად განვითარებულია დარგი?
მიხარია, რომ საქართველოში დონაციისა და სუროგაციის პროგრამები განვითარებულია და ამის გამო ბევრი უცხოელი პაციენტი გვსტუმრობს. რატომ ჩამოდიან საქართველოში? იმიტომ, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს სერვისი არ მიეწოდებათ, ხოლო ზოგან გადასახდელი თანხა საოცრად მაღალია.
პაციენტებში გვხვდებიან ისინი, ვისაც ბევრი წარუმატებელი ინ ვიტრო განაყოფიერება აქვთ გაკეთებული თავისივე კვერცხუჯრედით, ზოგიც თავად ატარებს საკუთარ შვილს, ხოლო მათ, ვისაც საშვილოსნოს დაავადება აქვთ, უკავშირდებიან ჩვენს სუროგატ დედებს.
როგორ ვითარდება სფერო? რა სიახლეები არსებობს დღესდღეობით?
ადრე, 44-45 წლის შემდეგ ქალი არც კი ფიქრობდა რეპროდუქციაზე, დღეს კი ჩვენი პაცენტების 70% 42+ ასაკია.
ზოგი ვერ შეხვდა თავის მეორე ნახევარს დროულად, ზოგისთვის კარიერა იყო პრიორიტეტი, ზოგი კი წარუმატებლად მკურნალობდა წლების განმავლობაში. ამ შემთხვევაში, უფრო ხშირად დონაცია გამოიყენება.
საშვილოსნო თუ არ არის ჯანმრთელი, სუროგაციის საშუალება არსებობს. თუ გენეტიკური პრობლემაა ოჯახში, შესაძლებელია ემბრიონების გენეტიკური კვლევა. შესაძლებელია ინ ვიტრო განაყოფიერება 3 მშობლით (დონორის + პაციენტის კვერცხუჯრედი და მეუღლის სპერმატოზოიდი), როცა არის ასეთი საჭიროება.
ხელოვნურ საშვილოსნოსთან დაკავშირებით კი მიმდინარეობს კვლევები.
როგორია იმ მეთოდის სპეციფიკა, რომელიც „გადავადებული დედობის“ სახელითაა ცნობილი?
არის შესაძლებლობა, რომ გავყინოთ და შევინახოთ იმ პაციენტების კვერცხუჯრედი, ვისაც ჯერ მეუღლე არ ჰყავთ ან კარიერის გამო არ სურთ ბავშვის გაჩენა, ასაკი კი გვემატება.
35 წლის ასაკამდე იყინება კვერცხუჯრედი და ეს მასალა ნებისმიერ ასაკში გამოიყენება, როცა ორსულობა დაიგეგმება და დონაციის საჭიროება აღარ იქნება, რადგან გვეყოლება ჩვენი გენეტიკური შვილი. ამ პროგრამას ჰქვია „გადავადებული დედობა“.
გვიამბეთ თქვენი დარგისა და ონკოლოგიის გადაკვეთაზე?
ახალგაზრდა პაციენტებს, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდათ, უწევთ ოპერაცია და ქიმიოთერაპია. ქიმიოთერაპიის შემდეგ, ზოგჯერ უნაყოფონი რჩებიან, რადგან ეს წამალი მოქმედებს კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდზე. სანამ მათი მკურნალობა დაიწყება, შეგვიძლია გავყინოთ ბიოლოგიური მასალა – როგორც სპერმატოზოიდი, ასევე კვერცხუჯრედი.
წარმატებული მკურნალობის შემდეგ შეგვიძლია შევქმნათ ემბრიონი და სასურველი ორსულობა მივიღოთ.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
მინდა, მუდამ მქონდეს ენერგია, ჩემი ცხოვრების მთავარ გატაცებას, საყვარელ საქმეს – ადამიანებს ვემსახურო. ვაპირებ ამ ენთუზიაზმით შრომა გავაგრძელო, ვიყო სიცოცხლის ხალისით სავსე, რათა განწყობა პაციენტებს გადავდო.