1997 წლის 18 სექტემბერს პროფესორ დავით ტატიშვილის მიერ საქართველოში პირველი კერძო სამკურნალო-დიაგნოსტიკური მიმართულების სამედიცინო დაწესებულება − „ულტრასონოგრაფიის სასწავლო-კვლევითი ცენტრი“ დაფუძნდა. დღეის მონაცემებით, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრს აქვს საერთაშორისო სტანდარტთან ადაპტირებული 6 ფილიალი, რომელიც ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებებს, მრავალპროფილურ პედიატრიულ, ქირურგიულ და სარეაბილიტაციო მიმართულებებს აერთიანებს. უკვე 23 წელია, ექიმთა ძლიერი გუნდის მხარდაჭერით, ტატიშვილის კლინიკა სრული სპექტრის სამედიცინო საქმიანობას წარმატებით ახორციელებს. OK!-ის ინტერვიუში მკითხველი აღნიშნული გუნდის რამდენიმე წევრს გაეცნობა.
ხატია ფიჩხაია − დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოადგილე
გვიამბეთ ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის მდიდარი ისტორიის შესახებ. როგორ ვითარდებოდა ის წლებთან ერთად?
1997 წლიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე, ცენტრმა სწრაფი ტექნოლოგიური განვითარება განიცადა და მკვეთრად გაიზარდა დაწესებულების დატვირთვა, რამაც თ. აბულაძის ქუჩაზე ახალი სამკურნალო-დიაგნოსტიკური მიმართულების დაწესებულების აშენება განაპირობა.
შემდეგ, 2011 წელს მარიჯანის ქუჩაზე აშენდა დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის მოზრდილთა და ბავშვთა ახალი კლინიკა, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებით.
2013 წლის დეკემბერში თბილისში, ყოფილი ს. ეულის ქუჩაზე დაარსდა „დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი“. რეაბილიტაციის ცენტრის კლინიკური დირექტორის, თეა ადამიასა და ცენტრის მთავარ სპეციალისტ გიორგი ლომიძის ჩართულობით, დაწესებულების არსებობის განმავლობაში თანამედროვე დონეზე სამედიცინო დახმარება გაეწია ასობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.
გასულ წელს, პეკინის ქუჩაზე გაიხსნა ამბულატორიული მიმართულების დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი. ახალი ჯანმრთელობის ცენტრი მოზრდილთა და ბავშვთა სამკურნალო-დიაგნოსტიკურ სპექტრთან ერთად, პაციენტებს სთავაზობს ძვალ-სახსროვან-კუნთოვანი დაავადებების მკურნალობას.
გასული წლიდან დღემდე კი დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრს საერთაშორისო სტანდარტთან სრულიად ადაპტირებული ბავშვთა და მოზრდილთა ორი ახალი ფილიალი ისნისა და საბურთალოს რაიონში შეემატა, სადაც შესაძლებელია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმების დახმარებით სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიღება. სამედიცინო ცენტრის ორივე ფილიალში მომსახურება ხორციელდება ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით: ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები, უახლესი აპარატურული მხარდაჭერა, აღჭურვილობა ცივი ჯაჭვის პრინციპით მომსახურებისათვის და სხვა.
ასევე, სულ ახლახან, სექტემბრის თვეში მარიჯანის ქუჩაზე განახლდა მრავალპროფილური ქირურგიული სტაციონარი, რომელიც ორიენტირებულია მაღალი დონის ქირურგიულ მომსახურებებზე. განახლებული ქირურგიული განყოფილების საოპერაციო დარბაზები და პოსტოპერაციული პალატები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, თანამედროვე საანესთეზიო აპარატურით, ლაპაროსკოპიული ნაკრებებით და ინტროპერაციული რენტგენოლოგიური აპარატურით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცენტრში გამუდმებით ინერგება თანამედროვე ქირურგიული მიღწევების შესაბამისი მკურნალობის მეთოდები.
როგორია ცენტრის მთავარი ღირებულებები?
უპირველესად, ეს გახლავთ, რასაკვირველია, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა, ასევე მოსახლეობისათვის მაღალხარისხიანი, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება და პერსონალის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა. გვეამაყება, რომ უკვე 23 წელია ჩვენი ძლიერი ექიმების გუნდის მხარდაჭერით, წარმატებით ვახორციელებთ სრული სპექტრის სამედიცინო საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში.
სამედიცინო ცენტრის ცენტრალური ლაბორატორია აღჭურვილია Roche, Radiometer, Sysmex, Becman, Bio-Rad, Elit-Lab-ის ფირმების ავტომატური ულტრათანამედროვე აპარატურით, ასევე PCR რეალური დროის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის აპარატით, რაც უზრუნველყოფს გამოკვლევების ფართო სპექტრს, ტესტირების დიდ დიაპაზონს და შედეგების მაქსიმალურ სიზუსტეს.
2021 წელს იგეგმება 3 ახალი ფილიალის გახსნა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონში. აღნიშნული სტრატეგია საშუალებას მოგვცემს უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ როგორც ტერიტორიული, ასევე მაღალ ხარისხზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის და ასევე, აღნიშნული განვითარების გეგმა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილის შექმნას.
ქეთევან ქვრივიშვილი − დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზოგადი ქირურგი, ქირურგი-ონკოლოგი, ბარიატრიული ქირურგი
როგორი ასპარეზის მომცემია თქვენთვის, როგორც ექიმისთვის, ტატიშვილის კლინიკა?
ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიულ ზრდას, რის ფართო ასპარეზსაც იძლევა დღევანდელ დღეს ეს კლინიკა. ცენტრში გამუდმებით ინერგება თანამედროვე ქირურგიული მიღწევების შესაბამისი სამკურნალო მეთოდები. ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ოპერაციები, რომელთა უდიდესი ნაწილი მინიინვაზიური-ლაპაროსკოპიული მეთოდით ტარდება.
ცენტრს წელს შეუსრულდა 23 წელი და გვაქვს სიახლე − გაიხსნა განახლებული ქირურგიული სტაციონარი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, თანამედროვე სანარკოზო აპარატურით, ლაპაროსკოპიული ნაკრებებით და ინტრაოპერაციული რენტგენოლოგიური აპარატურით.
რა სიახლეებია თქვენს დარგში და როგორ უწყობს ფეხს მათ ტატიშვილის კლინიკა?
მოგეხსენებათ, მედიცინაში გამუდმებით ინერგება და იბადება ახალი მიმართულებები. ჩვენი კლინიკა ფეხს უწყობს ამ გამოწვევებს და მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენს დეპარტამენტში სიახლეა − ჩვენთან უკვე ტარდება ბარიატრიული ოპერაციები. ბარიატრია − ეს გახლავთ სიმსუქნის მკურნალობა ქირურგიული ჩარევით. დღევანდელ დღეს ჭარბი წონა წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოს მოსახლეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას. ჩვენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქირურგიულ მეთოდს ვირჩევთ, როდესაც სიმსუქნე უკვე გადადის მორბიდულ (პათოლოგიურ) სიმსუქნეში. ბარიატრიული პაციენტების მკურნალობა ხორციელდება მულტიდისციპლინური მიდგომით, მკურნალობაში ჩართულია სპეციალისტთა გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც ქირურგების გარდა შედიან: ენდოკრინოლოგი, დიეტოლოგი, ანესთეზიოლოგი, კარდიოლოგი, გასტროენტეროლოგი.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს ოპერაციის ჩვენების განსაზღვრა, ანუ როდის საჭიროებს პაციენტი ჭარბი წონის გამო ქირურგიულ ჩარევას. ოპერაციის გაკეთება წყდება მაშინ, როცა სხეულის მასის ინდექსი (BMI) არის მაღალი, პაციენტს რამდენიმეჯერ აქვს ნაცადი დიეტა უშედეგოდ, ან დაიკლო და ვერ შეინარჩუნა დაკლებული წონა. სხეულის მასის მატებასთან ერთად იზრდება სხვადასხვა თანმხლები დაავადების გამოვლენა, რაც აზიანებს ჯანმრთელობას, აქვეითებს ცხოვრების ხარისხს და ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ოპერაციული ჩარევით კი უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი და ხანგრძლივდება პაციენტის სიცოცხლე.
ბარიატრიული ოპერაციების საშუალებით ხდება წონაში კლება და მეტაბოლური წონასწორობის დარეგულირება.
ვინაიდან ოპერაციები ტარდება უსისხლო-ლაპაროსკოპიული მეთოდით, პაციენტებისთვის ეს ნაკლებტრავმულია. შესაბამისად, ის მეორე დღეს უკვე დგება ფეხზე და დამოუკიდებლად გადაადგილდება.
სტატისტიკურად, პაციენტთა უმრავლესობაში ჭარბი წონის დაკლება ოპერაციიდან 6-12 თვეში ხდება და თუ გაითავისებენ ცხოვრებისა და კვების ჯანსაღ წესს, მუდმივად ინარჩუნებენ მიღწეულ შედეგს.
ჩვენი კლინიკის სასახელოდ შეიძლება აღინიშნოს გუნდური მუშაობის მეთოდის აქტიურად დანერგვა ჩვენს კლინიკაში, რაც არა მარტო პაციენტებისათვის, არამედ ახალგაზრდა მედიკოსების სწრაფი რეაბილიტაციისა და პროფესიონალ კადრად ჩამოყალიბებაში თამაშობს დიდ როლს.
თამარ ძოწენიძე − დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, მეან-გინეკოლოგი, ქირურგი
ძირითადად, რა სახის პრობლემებით მოგმართავენ პაციენტები და რომელ სამედიცინო ჩვენებებს მკურნალობთ?
კლინიკაში პაციენტები ნებისმიერი გინეკოლოგიური მიზეზის გამო მოგვმართავენ, თუმცა მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათი უმრავლესობა ამა თუ იმ ქირურგიული ჩარევის მიზნით მომმართავს.
სწორი დიაგნოზის დასასმელად ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სადიაგნოსტიკო მეთოდების გამოყენება, როგორიცაა ექოსკოპია, კოლპოსკოპია და სხვა, რის შემდეგაც მკურნალობის ქირურგიული თუ კონსერვატიული მართვის საკითხი გადაწყდება.
მაგალითად, ისეთი გავრცელებული პათოლოგიის დროს, როგორიცაა საშვილოსნოს მიომა/ფიბრომა, ყოველთვის საჭირო არ არის ჩატარდეს ოპერაციული მკურნალობა. შესაძლოა, დინამიკაში დაკვირვებაც მოხდეს.
იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დგება ოპერაციული მკურნალობის საკითხი, ეს პირდაპირ საშვილოსნოს ამოკვეთას არ გულისხმობს, განსაკუთრებით − ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში.
მომართვიანობებს შორის მაღალ ასაკობრივ ჯგუფში ჭარბობს საშვილოსნოსმიერი სისხლდენები, რომლის დროსაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროულად და სწორად გამოირიცხოს ონკოლოგიური პროცესები.
ასევე, ბოლო წლების განმავლობაში ახალგაზრდა რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში მომართვიანობა მაღალია უნაყოფობისა და ჩვეული შეწყვეტილი ორსულობების გამო. მათი მკურნალობა რეპროდუქტოლოგთან ერთად მიმდინარეობს და ერთმნიშვნელოვნად ეფექტურია მკურნალობა ენდოსკოპიური მეთოდების გამოყენებით, როგორიც არის ჰისტეროსკოპია და ლაპაროსკოპია.
რა სახის რეკომენდაციებს მისცემდით ქალბატონებს?
ყველასთვის ცნობილია პროფილაქტიკური გასინჯვის მნიშვნელობა ქალთა ჯანმრთელობისა და პათოლოგიების დროული დიაგნოსტიკისთვის, რაც მოიცავს წელიწადში ერთხელ გინეკოლოგთან ვიზიტს, გინეკოლოგიურ ექოსკოპიას, მამოგრაფიასა და პაპტესტს.
განსაკუთრებით მისასალმებელია ბოლო წლების განმავლობაში სამედიცინო ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდა ასაკის ქალბატონებში, რაც დაავადებების ადრეულ სტადიაზევე დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს. საჭიროების შემთხვევაში კი ტარდება დამზოგველი მკურნალობა. მეტად სასიამოვნო და სასიხარულოა, როდესაც პაციენტები მხოლოდ საპროფილაქტიკო კვლევების მიზნით მოგვმართავენ და ვურჩევდი, ამ მაგალითს მიჰყვნენ.
რა სიახლეებია თქვენს დარგში და რა დაინერგა ტატიშვილის კლინიკაში?
მოგეხსენებათ, სამედიცინო სფეროს მრავალი დარგი სწრაფი ტემპით ვითარდება − როგორც ტექნოლოგიების, ასევე სამეცნიერო კუთხით. გინეკოლოგიაც არ გახლავთ გამონაკლისი. იცვლება მკურნალობის მეთოდები, ქირურგიული მიდგომები, და მინდა აღვნიშნო, რომ მედიცინა მეტად ინდივიდუალური და პაციენტზე მორგებული ხდება.
დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, საჭიროების შემთხვევაში განვახორციელოთ დამზოგველი, მცირეინვაზიური და ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები. უკვე მრავალი წელია ჩვენს კლინიკაში ტარდება ყველა სახის გინეკოლოგიური ოპერაცია − როგორც თანამედროვე ლაპაროსკოპიული, ჰისტეროსკოპიული და საშოსმხრივი მიდგომით, ასევე ტრადიციული მუცელკვეთით.
თანამედროვე ქირურგიაში ოპერაციათა უმრავლესობა ლაპაროსკოპიული მეთოდით ტარდება, რომლის მეშვეობითაც შესაძლოა გაკეთდეს თითქმის ყველა სახის გინეკოლოგიური ოპერაცია. ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა საშვილოსნოს მიომა, საკვერცხის სხვადასხვა ტიპის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები (კისტები), შესაძლოა ოპერაციის ჩატარება მხოლოდ არსებული პათოლოგიის ამოკვეთით, ჯანსაღი ორგანოს შენარჩუნებით.
დღესდღეობით ცნობილია ენდოსკოპიური, განაკვეთის გარეშე, ჩატარებული ოპერაციული მკურნალობის უპირატესობები, როგორიცაა სწრაფი რეაბილიტაცია, ხანმოკლე ჰოსპიტალიზაცია, კოსმეტიკური ეფექტი, მცირე სისხლის დანაკარგი და მრავალი სხვა.
განსაკუთრებით ბოლო წლებში მეტად აქტუალური გახდა ჰისტეროსკოპიის გამოყენება შვილოსნობის ფუნქციის გასაუმჯობესებლად. მრავალ ქვეყანაში ჰისტეროსკოპია ასევე გამოიყენება სტანდარტულ პროცედურად ხელოვნური განაყოფიერების წინ. სტატისტიკურად დადასტურებულია, რომ ჰისტეროსკოპიის ჩატარების შემდეგ იზრდება ორსულობის პროცენტული მაჩვენებელი. ამ პროცედურის ჩატარება ჩვენ უკვე გაუტკივარებისა და ზოგადი ნარკოზის გარეშეც შეგვიძლია საოფისე ჰისტეროსკოპიის გამოყენებით, ამბულატორიულ პირობებში, კლინიკაში დაყოვნების გარეშე.
ამგვარი ჩარევების შემდეგ, ქალბატონები სწრაფად გადიან რეაბილიტაციას და მარტივად უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.
რომელი მიმართულებები გახდა გინეკოლოგიაში მეტად მოთხოვნადი?
ქალბატონები სულ უფრო მეტად ზრუნავენ თავიანთ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე. ამ ტენდენციებმა აქტუალობა შესძინა როგორც კოსმეტოლოგიას და პლასტიკურ ქირურგიას, ასევე თანამედროვე ესთეტიკურ გინეკოლოგიას. ჩვენ დღეს ხმამაღლა ვსაუბრობთ ტაბუდადებულ თემებზე. ხშირ შემთხვევაში, ქალი არ საუბრობს ინტიმურ პრობლემებზე, რაც გარკვეულწილად მის ფსიქოემოციურ მხარეს ქვეცნობიერად არღვევს.
ინოვაციური მეთოდები ესთეტიკურ გინეკოლოგიაში მოიცავს ინტიმური ადგილების ესთეტიკურ სილამაზეს, რაც მარტივი გინეკოლოგიური მანიპულაციებით გახდა შესაძლებელი.
ესთეტიკურმა გინეკოლოგიამ მრავალი პრობლემა დაძლია (არასრულფასოვანი სქესობრივი კონტაქტი, ანორგაზმია, ინტიმური ადგილების ასაკობრივი ცვლილებები).
ესთეტიკური გინეკოლოგია ძალზე სწრაფი ტემპით ვითარდება. ისეთ ბუნებრივ მოვლენას, რომელსაც დაბერების პროცესი ჰქვია, ჩვენ ვერ შევცვლით, თუმცა შეჩერება შეგვიძლია, რაც პირდაპირ კავშირშია სექსუალური ფუნქციის შენარჩუნებასა და მის გაუმჯობესებასთან.
რასთან ასოცირდება თქვენთვის ტატიშვილს კლინიკის გუნდის წევრობა, ასევე, თავად კლინიკა?
ეს არის კომფორტული გარემო, პაციენტის უსაფრთხოება, გუნდური მუშაობის პრინციპი, მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა.