რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა „ინოვა ინვიტრო“ 2016 წლიდან შვილოსნობის მნიშვნელოვან თემატიკას ემსახურება. 4 წლის განმავლობაში კლინიკამ მაღალკვალიფიციური, მოწესრიგებული, პაციენტების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული კლინიკის რეპუტაციის დამსახურება შეძლო და საზოგადოების ნდობა გაამართლა.
კლინიკა დღესაც მიზანმიმართულ სვლას აგრძელებს აღნიშნულ სფეროში წარმატების მისაღწევად და მსოფლიო ლიდერთან თანამშრომლობს. ვალენსიის უშვილობის ინსტიტუტ IVI-ისთან კოოპერაციის ფარგლებში, რომელთა სპეციალისტებისთვისაც, ფაქტობრივად, „ინოვა“ საქართველოში მეორე სამშობლოდ იქცა, გრძელდება უახლესი მიღწევების დანერგვა და მუდმივი განვითარება. OK!-ის „ინოვა ინვიტროს“ დირექტორი, რეპროდუქტოლოგი და მეან-გინეკოლოგი, ქეთევან ოსიძე კლინიკის სერვისების, წარმატებული შედეგებისა და საკუთარი საქმიანობის ყველა საინტერესო ასპექტის შესახებ ესაუბრა.
გვიამბეთ იმ სერვისების შესახებ, რომელიც „ინოვა ინვიტროს“ პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია?
ჩვენი სერვისების უმრავლესობა ის რთული პროცედურებია, რომელთან კავშირშიც პაციენტს კლინიკის ავტორიტეტთან ერთად, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ექიმისა და ემბრიოლოგის რწმენა, რომ პროცესმა მინიმალური სტრესის ფონზე ჩაიაროს.
ჩვენი პრიორიტეტი შესაძლო რეალური შედეგების შესახებ პაციენტის სრული ინფორმირებულობაა. პროცესის მიმდინარეობაზე, მოდიფიკაციებსა თუ შესაძლებლობებზე მათ ყველა დეტალს ვაცნობთ.
რაც შეეხება კავშირს „ვალენსიის უშვილობის ინსტიტუტთან“, რას გვეტყოდით ამ თანამშრომლობის შესახებ?
IVI-ის სპეციალისტებისთვის პრაქტიკულად მეორე სამშობლო ვართ. მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე სრულად დაატრენინგეს ქართველი ემბრიოლოგები, კვლავაც სიამოვნებით აგრძელებენ ჩვენი კლინიკის განვითარებაში მონაწილეობას. მით უფრო, რომ ჩვენს ქვეყანაში პაციენტის მადლიერება პიროვნული შრომის მიმართ ძალიან თვალხილულია და ეს მნიშვნელოვან სტიმულს წარმოადგენს.
ჩვენი ემბრიოლოგი ჰექტორ ჰუეტე ფერიზი IVI-ის ბარსელონას კლინიკიდან კვლავ გრძელვადიანი კონტრაქტით დაგვიბრუნდა და წყვილებს უკვე მეორე და მესამე შვილის ყოლაში ეხმარება. სხვათა შორის, ერთმა უსაყვარლესმა პაციენტმა ისიც კი გვითხრა, რომ მეორე ვაჟისთვის ჰექტორის დარქმევას აპირებენ.
როგორია ის ძირითადი სიახლეები, რომელიც თქვენს დარგში აღნიშვნას იმსახურებს და „ინოვა ინვიტროში“ ინერგება?
ჩვენი უდიდესი კომფორტი და სიამოვნებაა, რომ შეგვიძლია მივყვეთ ჩვენი სფეროს სიახლეებს და დავნერგოთ ნებისმიერი ახალი მეთოდი. უამრავ სიახლესთან ერთად, განსაკუთრებით ვითარდება გენეტიკური კვლევების როლი. 2 წელზე მეტია, წარმატებით ვასრულებთ ერთ-ერთ ურთულეს პროცედურას − ემბრიონების PGT-A, PGD-კვლევებს.
თეორიული ასპექტების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ემბრიოლოგიური პროცედურების ნატიფი შესრულებაც. შეუცვლელია ამ მეთოდის შესაძლებლობები მათთვის, ვისაც ეს სჭირდება, თუმცა ჩვენებების ჩამოყალიბება და ფასთან მიმართებაში პრაგმატული აუცილებლობა ერთმნიშვნელოვანი არ არის და ექიმის გამოცდილება მთლიანად განსაზღვრავს რეკომენდაციებს.
მეთოდოლოგიურად და შედეგისთვის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია არაინვაზიური ემბრიონების ანეუპლოიდიის სკრინინგის შესაძლებლობა − პროცედურა, რომელიც აპრობაციის და კლინიკაში დანერგვის ბოლო სტადიებს გადის.
რას გვეტყოდით ე.წ. გაყინვის მეთოდის შესახებ?
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიოლოგიური მასალის − გამეტებისა და ქსოვილების გაყინვის მეთოდების დახვეწა. ეგრეთ წოდებული ვიტრიფიკაციის მეთოდის შემოსვლამ პრაქტიკაში გამოიწვია ინვიტრო პროცედურების ეფექტიანობის ნახტომისებრი ზრდა, თან ყველაზე საშიში გართულების − ჰიპერსტიმულაციის სინდრომის პრაქტიკულად აღმოფხვრის საშუალება მოგვცა.
სულ უფრო ხშირად და ბევრად ეფექტურად, ვიდრე ადრე, მივმართავთ კვერცხუჯრედების, ემბრიონების გაყინვას შვილოსნობის დროში გადავადების გამო.
სამწუხაროდ, კარიერული გეგმები თუ სხვადასხვა სოციალური ფაქტორი იწვევს იმას, რომ ოვარიული რეზერვის შემცირების გამო, ქალი აწყდება უშვილობას. მასალის დროული ვიტრიფიკაცია გამოსავალია, თუმცა მინდა ვისარგებლო მომენტით და მოვუწოდო ქალბატონებს, ამ მეთოდსაც დროულად მიმართონ, სხვა შემთხვევაში, ასაკთან ერთად, ნამდვილად აღარ არის მაღალეფექტიანი.
გაყინვას მივმართავთ ასევე ფართომასშტაბიანი გინეკოლოგიური ოპერაციების წინაც − ოპერაციის შემდეგ საკვერცხის რეზერვის შემცირების მიუხედავად, გაყინული ემბრიონების გადატანა ისევ ძალიან ეფექტიანია ხოლმე.
ვისაუბროთ თქვენი საქმიანობის ონკოლოგიასთან კვეთის მახასიათებლებზე. რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ?
კრიოტექნოლოგიების გამოყენების ცალკე ნიშაა ორივე სქესის ონკოლოგიური პაციენტებისთვის რეპროდუქციული პოტენციალის შენარჩუნება. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი კოლეგა ონკოლოგები, ქირურგები, ჰემატოლოგები, სულ უფრო ხშირად ამისამართებენ პაციენტებს ჩვენთან. საქმე იმაშია, რომ ხშირად ქიმიოთერაპიისა თუ რადიოთერაპიის კურსების შემდეგ, საკვერცხისა და სათესლის ქსოვილში ყალიბდება შეუქცევადი ცვლილებები და პაციენტი შესაძლოა გახდეს სტერილური. სამწუხაროდ, ერთ-ერთმა კვლევამ გამოავლინა, რომ ონკოპაციენტთა მხოლოდ 32%-ს ჰქონდა ინფორმაცია ქიმიოთერაპიის გამეტოგენეზზე დამაზიანებელი ზემოქმედების და ვიტრიფიკაციის მეთოდების არსებობის შესახებ. ვფიქრობ, ჟურნალისტიკამ თავისი როლი უნდა შეასრულოს ამ ინფორმაციის გავრცელებაში. ასევე, აუცილებელია, რომ სახელმწიფოც ჩაერთოს ამ პროცესებში და განისაზღვროს სულ მცირე, ნაწილობრივი დაფინანსება რთული კონტინგენტის ამ საჭიროებებისთვის.